ივერიონი / ირმა ინაშვილი: ანი ნადარეიშვილმა თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან!

ირმა ინაშვილი: ანი ნადარეიშვილმა თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან!

  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"  ცილისწამებაში ადანაშაულებს.აღნიშნულ განცხადებას ინაშვილი facebook-ის  საკუთარ გვერდზე აკეთებს.

  "ნაციონალური მოძრაობის" საყურადღებოდ ვწერ: ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, შეიგნეთ და გაითავისეთ, რომ მე წარმოვადგენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", ვარ ამ პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი. აქციას, შეკრებას, მანიფესტაციას იქ მოვაწყობ, იმ თემებზე მოვაწყობ და იმ დროს მოვაწყობ, როცა ჩემს პოლიტიკურ გუნდსა და მხარდამჭერებთან ერთად კონკრეტულ მოქმედებებს დავგეგმავ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით. ცხადია, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არა ამ ინტერესების საზიანოდ! მივალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც, პროკურატურასთანაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც და არც სახელმწიფო კანცელარიის ტერიტორიის წინ გამიჭირდება მიტინგის გამართვა, რადგან ამის შესაძლებლობას, უფლებას მე და ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია.

  მეორე - არავითარი კავშირი ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან (იქნება ეს აქცია, თუ კონფერენცია) არ აქვს ბატონ ტრისტან წითელაშვილს, რომელსაც მრავალი წელია, ვიცნობ, ვიცნობ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან, მაგრამ ტრისტან წითელაშვილი არაა ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის წევრი, მას აქვს საკუთარი მოქმედების გეგმა, ხედვა და პრინციპები. ასევე, ჩემს მიერ დაგეგმილ, თუ მომავალში განსახორციელებლ ამოცანებთან არავითარი კავშირი არა აქვს "თავისუფალ თაობას", რომლის ლიდერსაც, ლადო სადღობელაშვილს ვიცნობ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პერიოდიდან. ესაა დამოუკიდებელი ახალგაზრდული ორგანიზაცია, მოქმედებს მისი ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად.

  ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ახალაიას მეუღლეს, ქალბატონ ანი ნადარეიშვილს ვურჩევ: თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ცილისწამებისაგან. დეზინფორმაციის გავრცელება ვერავის იხსნის პასუხისმგებლობისაგან. მკვლელები და მწამებლები იქნებიან დასჯილნი!

  და ბოლოს, მესამე - შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის უფლებას მე და ნებისმიერ სხვა მოქალაქეს გვანიჭებს კონსტიტუცია. არავინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა!", - წერს ინაშვილი.

17-10-2014, 11:12
უკან დაბრუნება