მთავარი გვერდი > უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ


18-10-2014 / 12:42

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

  მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

  სხდომაზე განიხილება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა; ასევე, 17 ოქტომბერს, ,"რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ, განსახორციელებელი ნაბიჯები.

   "ჩემი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ბატონი ზურაბ აბაშიძე დაბრუნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრიდან და ჩვენ მოვისმენთ დამატებით ინფორმაციას მისგან,"–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ.

  სხდომას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი,.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი.


უკან დაბრუნება