ივერიონი / რატომ ჩავარდა ალექსი პეტრიაშვილის ინიციატივა?!

რატომ ჩავარდა ალექსი პეტრიაშვილის ინიციატივა?!

კონკრეტულად რა ზომებში გამოიხატება საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „აგრესიული“ გეგმა, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დადების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერ-ჯერობით უცნობია, - წერს ჟურნალისტი იური როქსი და იქვე აღნიშნავს, რომ აგრესიულ გეგმაში“ მოლაპარაკების ფორმატებიდან გამოსვლა აშკარად არ იგულისხმება: გაგრძელდება როგორც „ჟენევის დისკუსიები“, ასევე „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“.

ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ მთავრობაში არსებულ უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მხარდაჭერა ვერ ჰპოვა წინადადებამ რუსეთთან მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე - ალექსი პეტრიაშვილის წინადადება დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

პუბლიკაციაში გაანალიზებულია საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ: 2012 წლის არჩევნების შემდგომ ოფიციალური თბილისი სოხუმის მიმართ საკმაოდ პასიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. ზოგჯერ გაკეთებულ განცხადებებში იყო ეპითეტებიც, იყო შეთავაზებებიც, რომ „აფხაზებს ფართო ავტონომია გექნებათ, ოღონდ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდითო“ და ასე შემდეგ. საერთოდ, ასეთი პოზიცია გასაგებია: 2008 წლის შემდეგ საქართველო ცუგცვანგში აღმოჩნდა და ლოდინის პოზიცია დაიკავა.

რასაკვირველია, რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტი ამჟამინდელ ბალანსს მაინც და მაინც დიდად არ არღვევს. ისიც ცხადია, რომ პროექტი აფხაზური მხარისთვის იმდენად მიმზიდველი არ არის, რომ სოხუმში საერთო-სახალხო სეირნობა მოეწყოს, მაგრამ არც ისე ცუდია, რომ აფხაზებმა რუსეთი დაივიწყონ და „რუსული ანექსიისაგან“ დახმარება საქართველოს სთხოვონ, არიქა გვიშველეთო. ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთის პარლამენტი ხელშეკრულების ტექსტს იხილავს, აზრს გამოთქვამენ, ცვლილებები შეაქვთ და საბოლოო შედეგებს მოსკოვს შეატყობინებენ. კრემლი  გაიზიარებს თუ არა, მხედველობაში მიიღებს თუ არა - ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.

როგორც პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი ამბობს, აფხაზური მხარის უკმაყოფილებას ხელშეკრულების პროექტის იმ მუხლების ის დებულებები იწვევს, რომლებში სუვერენიტეტის დელეგირებაა გამოხატული, მაგალითად, „შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა“, „თავდაცვის საერთო სივრცე“, „ბიუჯეტების ჰარმონიზაცია“, „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ და ამის მსგავსი. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, დოკუმენტში რაიმე პრინციპული სიახლე, გარდა სამართალდამცველი სტრუქტურების ერთობლივი ქვედანაყოფების შექმნისა, არაფერი არ არის. სოხუმის უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებამ, რომელიც პროექტშია ჩადებული: აფხაზები შიშობენ, რომ თუ მოქალაქეობის მიღების წესი გამარტივდება, აფხაზეთში რუსების ნაკადი იხუვლებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქე ქართველებიც იქნებიან, ისინი ქონების შეძენა-დაბრუნებას მოისურვებენო. საბოლოო ჯამში, როგორც სერგეი მარკედონოვი ფიქრობს, ხელშეკრულება მაინც მიღებული იქნება.

იგივე თვალსაზრისს გამოხატავს „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა: „აფხაზურ აზრთა სხვადასხვაობაში საშიში არაფერია - ჩვენთან ხშირად ხდება, რომ ზოგიერთ საკითხში თავდაპირველად ერთიანი აზრი არ არის, მაგრამ დისკუსიისა და განხილვის შემდეგ მდგომარეობა კონსენსუსამდე მიდის. ასეა ამ ხელშეკრულების პროექტის მიმართაც: იქნება კორექტივები, ცვლილებები, საბოლოოდ კი ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. მე მიმაჩნია, რომ დოკუმენტი აფხაზეთისათვის ძალიან მომგებიანია“.

სერგეი შამბას ვარაუდს ცნობილი აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგიც იზიარებს და ამბობს: „დაიდება იმიტომ, რომ პირველი - ხელშეკრულება ორივე მხარეს სჭირდება; მეორე - მხარეები ერთმანეთის მტრები და ანტაგონისტები არ არიან, ისინი მოკავშირეებია. ცხადია, დღევანდელი სახით დოკუმენტი ვერ გავა - რუსეთმა მასში თავისი ინტერესების მაქსმიმუმი ჩადო, რაც ჩვეულებრივი მომენტია ერთობლივი დოკუმენტების შემუშავების დროს. აფხაზური მხარე თავისი ვარიანტს მოამზადებს. ამაში არავითარი დრამა არ არის, იქნება კომპრომისული ვარიანტი და მას მიიღებენ“, - თქვა ინალ ხაშიგმა „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბრის დროს.

„ნეზავისიმია გაზეტა“ (რუსეთი), 21 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-10-21/6_georgia.html

21-10-2014, 11:09
უკან დაბრუნება