ივერიონი / ვინ იყო თემურ აფაქიძე და რატომ მოინდომეს რუსებმა მისი უკვდავყოფა?!

ვინ იყო თემურ აფაქიძე და რატომ მოინდომეს რუსებმა მისი უკვდავყოფა?!

რუსეთის მურმანსკის ოლქის რუკაზე შესაძლოა ახალი დასახლებული პუნქტი გაჩნდეს: არაა გამორიცხული, რომ დაბა „სევერომორსკ-3“-ს სახელი  შეეცვალოს და ქალაქი „აფაქიძე“ ეწოდოს. ეს საკითხი ოლქის სათათბირომ 23 ოქტომბერს უნდა განიხილოს.

 



    „სევერომორსკ-3“-სთვის თემურ აფაქიძის, - რუსეთის გმირის - სახელის მინიჭება მურმანსკის ოლქის მთავრობის ინიციატივაა. სათათბიროს სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას სიტყვით მურმანსკის ოლქის მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი შუკშინი გამოვა.

ცნობისთვის: თემურ ავთანდილის ძე აფაქიძე 1954 წელს თბილისში დაიბადა, ერთი წლისა იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) გადავიდა, იქ იზრდებოდა და სწავლობდა. დაამთავრა სამი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, მსახურობდა საზღვაო ავიაციაში. 1980-იან წლებში იგი საბჭოთა კავშირის საუკეთესო საზღვაო მფრინავად ითვლებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე ყირიმში (უკრაინა), საკის სამხედრო-საჰაერო ბაზაში ტაქტიკური მომზადების ცენტრს ხელმძღვანელობდა. მან უარი განაცხადა უკრაინის არმიის ფიცის მიღებაზე, მოგვიანებით კი ასევე არ დათანხმდა ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად დანიშვნის წინადადებას - „ფიცს მხოლოდ ერთხელ აძლევენ“, - განაცხადა მან. თემურ აფაქიძემ რუსეთის საზღვაო მფრინავებიდან პირველმა განახორციელა მძიმე ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ ნახიმოვის“ გემბანზე ავიაგამანადგურებელ „სუ-27“-ის დაშვება. მან რუსეთის „ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის“  მფრინავებიდან ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთის გმირის წოდება. დაიღუპა 2011 წლის 17 ივლისს საჩვენებელი ფრენების დროს - მან, თვითმფრინავის გადარჩენის მიზნით, კატაპულტი არ გამოიყენა.

როგორც ოლქის სათათბიროს დეპუტატი ვლადიმერ მიშჩენკო ამბობს, „მურმანსკის ოლქის მთავრობის ინიციატივას ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობამ მხარი დაუჭირა. ამჟამად ამ საკითხის ყოველმხრივი შესწავლა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მიზეზი:  სახელის გადარქმევისათვის დიდი ფინანსებია საჭირო - აუცილებელი გახდება დოკუმენტების შეცვლა, პასპორტებისა და ნორმატიული აქტების ჩათვლით“.

„სევერომორსკ-3“-ის მცხოვრებლებს სახელწოდების შეცვლა არ მოსწონთ: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თემურ ავთანდილის ძის ხსოვნას, მაგრამ ხომ არის ჩვენთან მისი სახელის მქონე ქუჩა, არის ძეგლი, სადაც მის საპატივსაცემოდ მიტინგები და აქციები იმართება ხოლმე. ალბათ, ეს საკმარისია... გარნიზონში ისედაც იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი... კომუნალური სამსახურები, გზები... აი, ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ და არა გადარქმევა-გადმორქმევაზე, რომელსაც ფინანსები სჭირდება“, - ასეთ თვალსაზრისს გამოხატავენ ისინი სოციალურ ქსელებში.

„კომსომოლსკაია პრავდა“ (რუსეთი), 21 ოქტომბერი, 2014 წელი
http://severpost.ru/read/15154/
http://www.kp.ru/online/news/1874825/

21-10-2014, 11:27
უკან დაბრუნება