ივერიონი / დავით ფერაძე: განათლების სამინისტრო ნაცრევანშისტების ხელშია!

დავით ფერაძე: განათლების სამინისტრო ნაცრევანშისტების ხელშია!

„ივერიონს“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და განათლების სამინისტროს არასწორ საკადრო პოლიტიკაზე ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ფერაძე ესაუბრა.

- მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პარლამენტთან შეძახილებით დავხვდი, როგორც ჩანს, გააქტიურდნენ სანიკიძის სპეცდავალების შემსრულებლები. ორიოდე საათში შეიქმნა ყალბი სახელებისა და გვარების მქონე ფეისბუქგვერდები და მოყვნენ ჩემ კრიტიკას და სანიკიძის დაცვას.

თუმცა, უნარიც არ შესწევთ, რომ სხვადასხვა სიტყვებით მაინც შეადგინონ ტექსტები და ისე გამოხატონ პოზიცია.

მე გადავამოწმე  და აღმოჩნდა, რომ ისინი ან საერთოდ არ არსებობენ, ან სხვისი სახელით ისარგებლეს. მართალია, ჩემთან ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს, მაგრამ მაინც ვერ ხვდებიან, რა სახელი მომაწერონ! ამ ბოლო დღეებში უამრავი ადამიანი მიკავშირდება. ზოგი პირადი, ზოგიც საზოგადო პრობლემითაა დაინტერესებული. მიკავშირდებიან განათლების სამინისტროდან უსამართლოდ განთავისუფლებული ადამიანებიც. უკვე საკმაოდ ბევრი ინფორმაციებია განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანთა დარღვევებზე.

- რაზე გედავებიან ყალბ სახელსა და გვარს ამოფარებული ადამიანები?

- თუ ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებ, „ნაცების“ გუნდელად შეიძლება მოგიაზრონ, თუ ძველს, - „ოცნებელი“ ხარ. აი, ასეთი უკიდურესი აზროვნება აქვს ზოგიერთს და როდესაც ხედავენ, რომ ორივეს აკრიტიკებ, ვეღარ იგებენ რა იარლიყი  მოგაკერონ.

რატომ უნდა ვიყო მე, მითუმეტეს, პედაგოგი ვინმეს „გუნდში“?  პედაგოგობა ზეპარტიულობაა. ე.წ. ყვითელმა პროფკავშირებმა ნაციონალებისდროინდელ ადამიანებთან მეგობრობაც კი გამახსენეს! რა სასაცილოა? ყველაზე მთავარი ისაა, რომ ცილისმწამებლებად ყოფილი ნაცაქტივისტები გამოდიან!

- როგორ ფიქრობთ, ზოგადად პარტიული კუთვნილება პრობლემაა?

- რაღა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ვერ გავიგე, რას ნისნავს ეს „ნაციონალობა„ და „ოცნებელობა“ ბოლოს და ბოლოს? მე შენ გეტყვი, რომელიმეს რაიმე იდეოლოგია გააჩნია, რომლისთვისაც თავგამოდებული დაცვა დასჭირდება ადამიანს?

ეს არის, უბრალოდ, სახელდახელო სახელისუფლებო შიგაპოლიტიკური ძალები. ერთშიც და მეორეშიც შედიოდნენ ერთი მიზნით - მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს პედაგოგისთვის ვისთან ექნება ურთიერთობა. სიმართლე გითხრათ, მეც ვაქტიურობდი წინა ხელისუფლების დროს, რათა, „ნაცებისთვის“ არ დაეჭირათ მხარი პედაგოგებს, ეს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურობა. მაგრამ რა მივიღეთ: შეიცვალა ერთი-ორი აღმასრულებელი ხელისუფალი და სამინისტროებში გადანაცვლებები მოხდა პარტიული კუთვნილებით არ უნდა შეზღუდონ ადამიანი, მაგრამ საქმე ამაში არაა. ეს გადანაცვლებული ადამიანები არიან ნაცებისდროინდელი სავარაუდო ყალბისმქმნელები და ახლა „ოცნების“ მანტიით შეიმოსნენ.

- იქნებ დაასახელოთ, ვინ არიან ის ადამიანები და რა თანამდებობაზე იმყოფებიან განათლების სამინისტროში?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჯერად შემიძლია დავასახელო მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანი. ისინი სამინისტროს სწორედ იმ სტრუქტურაში არიან, რომელსაც სკოლებთან მიმართებაში ჟანდარმის ფუნქცია აკისრია, ანუ, შიდა აუდიტის დეპარტამენტში! მე მათ დავასახელებ და ნახავთ, ვის ხელშია განათლების სამინისტრო და რატომ მგონია, რომ თავად სანიკიძეც ნაცრევანშისტულ დასყრდენს წარმოადგენს!

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და სანიკიძის მარჯვენა ხელი გახლავთ ალექსანდრე ონოფრიშვილი. ეს ადამიანი ადრე, ნაცების დროს,  ფინანსური პოლიციის თბილისის მე-3 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე იყო. ეს მაშინ, როდესაც ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა კეზერაშვილი. შიდა აუდიტში მაღალ თანამდებობაზე ისევ დარჩა აუდიტის დეპარტამენტის ნაცებისდროინდელი უფროსი გიორგი ქოჩიშვილი. ამჟამად ის ონოფრიშვილის მოადგილეა. როგორც ვიცი, სწორედ ქოჩიშვილი უზრუნველყოფდა ხოლმე განათლების სამინისტროს თანამშრომლების იძულებით დასწრებას „ნაციონალების“ შეკრებაზე.

შაშკინისდროინდელი მაღალჩინოსანია  შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი თეონა გაბიჩვაძე. ეს ქალბატონი სამმართველოს უფროსად დანიშნა შაშკინმა. ჩემი ინფორმაციით, გაბიჩვაძე „ნაციონალების“ დროს ჩართული იყო „საეჭვო“ პოლიტიკური ნიშნის დირექტორებისა და პედაგოგების უკანონო განთავისუფლებაში. ეს ქალბატონი ქოჩიშვილის მსგავსად  ჩართული იყო სამინისტროს თანამშრომელთა „ნაციონალების“ შეკრებაზე გაგზავნაში. გაბიჩვაძის დირექტივებით 2012 წლის წინასარჩევნო კამპანიის დროს სამინისტროს თანამშრომლებს დაევალათ ყალბი ფეისბუქ გვერდების რეგისტრირება, სააკაშვილისთვის ხოტბის შესხმა და ბიძინა ივანიშვილისთვის შავი პიარის აგორება! რამდენადაც ვიცი, თითო კაცს ევალებოდა ხუთი ასეთი ყალბი ფეისგვერდის გაკეთება!

გაბიჩვაძის თავგადაკლული მფარველები გახლავთ სანიკიძე და ონოფრიშვილი.


ამჟამად შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სმმართველოს უფროსია ირმა გელანტია-ახვლედიანი. ის ადრე იყო დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ არაკომპეტენტურობის ბრალდებით გაათავისუფლეს. მაგრამ განათლების სამინისტროში იპოვა მფარველი _ დავით მოდებაძე (შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის შტატგარეშე მოადგილე). მფარველი კი გამოადგა იმაში, რომ 2013 წლის ფსევდო, ანუ ნეპოტისტურ კონკურსში „გაიმარჯვა“.

ეს კონკურსი ჩატარდა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობის პირთა შერჩევის მიზნით.

ეს ჩატარდა ისეთვივე „სამართლიანად“, როგორც ყველა დანარჩენი კონკურსი ტარდება ამ ქვეყანაში. სავარაუდოდ მოდებაძისა და ონოფრიშვილის მფარველობის დამსახურებით გელანტია მოგვევლინა განათლების სამინისტროში ზემოხსენებულ თანამდებობაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი იყო.

- ყველაფერი კარგი, მაგრამ საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოადგილე რას ნიშნავს?

- მაგას ვერ გეტყვით და ალბათ, ვერც სამინისტროში აგიხსნიან. ამასთან დაკავშირებით იურისტებთანაც ვერაფერი გავარკვიე, მაგრამ ფაქტია, რომ იყვნენ ასეთი შტატგარეშე ჩინოსნებიც. მათზე საუბარში დავასრულებ მოდებაძეზე ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ის „ნაციონალების“ დროს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და გადმოიყვანეს განათლების სამინისტროში!

მეორე შტატგარეშე მაღალჩინოსანი გახლდათ მამუკა აბაშიშვილი - ზედმეტ სახელად, თუ არ ვცდები „გამაძღე“. ის იყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის შტატგარეშე მოადგილე. ონოფრიშვილის მეგობარი. „ნაციონალების“ დროს, თავის დროზე იგი ქარელის გამგებლის მოადგილე იყო. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ახლა კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

ამგვარი შემადგენლობის ფონზე უცნაურად გამოიყურება კიდევ ერთი მოვლენა. ამ „ნაცრელიქტური“ „ჟანდარმი“-ს მიერ თავის დროზე დარღვევები აღმოუჩნდა ლია გიგაურს, რომელიც ახლა მინისტრის მოადგილეა და თავის დროზე დარღვევების გამო სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე განთავისუფლდა სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. დღეისათვის არც ეს დასკვნაა ბათილად გამოცხადებული და თან გიგაური და დასკვნის ავტორებიც გვერდი-გვერდ კაბინეტში ზიან!!!

- და რას ნიშნავს ყოველივე ეს?

- ალბათ, სამინისტროში ასეთ „აუდიტელებზე“ ზემოქმედება უფრო ადვილია. სამსახურიდან გაშვების შიშით მათ ადვილად „გააფუჭებინებ“ არასასურველ დირექტორებს და თუნდაც პედაგოგებს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა, თუ ასე არაა, მაშინ გიგაური ან თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს, ან მის შესახებ დასკვნა უნდა იქნას ბათილად ცნობილი. თუ ბათილობა დადასტურდება, მაშინ „აუდიტელები“ უნდა გაუშვან, როგორც ყალბისმქმნელები. თუმცა, როგორც ხედავთ, არც ერთს აკეთებენ და არც მეორეს და ამიტომ სხვა ახსნა ვერ ეძებნება ამ სიტუაციას, თუ არა ჩემეული შეფასება.

ამ ყოველივეს ანალიზს თუ გავაკეთებთ, როგორ ფიქრობთ, შეცვლილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „პოლიტიკური ორიენტაცია“? მაქვს თუ არა ეჭვის საფუძველი? მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ადამიანები „აფუჭებენ“ სკოლების ხელმძღვანელებს. ამ ადამიანების განკარგულებით ისხდნენ ჩემს სკოლაში და ამოწმებდნენ ჩემს სამსახურებრივ დოკმენტაციას გამადიდებელი შუშით, რათა რამეში გამოვეჭირე და გავეჩუმებინე... სწორედ ეს ადამიანები ყვლეფენ სახელმწიფოს ბიუჯეტს უზარმაზარი ხელფასებით, პრემიებით, სახელფასო დანამატებით, სადღესასწაულო ტაშ-ფანდურის დაფინანსებით.

- რა ტაშ-ფანდურას გულისხმობ?

- აი თუნდაც 2013 წლის საახალწლო ღრეობა, რომელიც სამინისტროს შიდა ღონისძიების სახით ჩატარდა და როდესაც სანიკიძემ ზემოხსენებული ონოფრიშვილი სამინისტროს წლის სექსუალური მამაკაცის ნომინაციაში დააჯილდოვა. ასეთი ტაშ-ფანდურებისთვის ფული ადვილად იძებნება, ხოლო პედაგოგთა ხელფასების მოსაწესრიგებლად არა.  იცით რა უჯდება სახელმწიფოს ბიუჯეტს მარტო სანიკიძის ყოველთვიური ფინანსური მადა? ხელფასით დანამატით და პრემიით საშუალოდ ეს გახლავთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ანაზღაურების 35-მაგი ოდენობა.

- რამდენადაც ვიცით, სანიკიძემ დაბლოკა რამდენიმე ინტერნეტგამოცემა, მათ შორის „ივერიონიც“, სადაც შენი საპროტესტო და მამხილებელი სტატიები იბეჭდება!..

- უხამსი ინფორმაციისგან ბავშვების დასაცავად დაიბლოკა თურმე პორნოგრაფიული შინაარსის საიტები. სანიკიძე ან ჩვეულებისამებრ ცრუობს, ან არ იცის სინამდვილე. კურიოზული შეფასებაა მისი მხრიდან. აი, მაგალითად,  „ივერიონი“ რა პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს. ან, თუნდაც „ლიბერალი“ და სხვადსხვა საინფორმაციო სააგენტოები? მიბრძანდნენ ჟურნალისტები და ჰკითხონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელობას, რა მოტივითაა ეს გამოცემები დაბლოკილი შიდასაუწყებო ინტერნეტ სივრცეში?  რა უნდა თქვან? იტყვიან, რომ სატესტო რეჟიმში გავუშვით „დავით ფერაძე“, როგორც აკრძალული ფრაზა და ამიტომ დავბლოკეთო? ცხადია, ამას არ იტყვიან. არადა, როდესაც ალტერნატიული აზრს და დასაბუთებული კრიტიკის გავრცელებას ოფიციალურად ტაბუ ედება, რა ქვია ამას, თუ არა ცენზურა? კონსტიტუცია კი პირდაპირ კრძალავს ცენზურას!

23-10-2014, 16:26
უკან დაბრუნება