ივერიონი / "საქართველოს ბანკმა" და DEG–ემ სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

"საქართველოს ბანკმა" და DEG–ემ სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

   "საქართველოს ბანკმა" და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის საქართველოში.

  "საქართველოს ბანკსა" და მისი დიდი ხნის პარტნიორს, DEG–ს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ხაზს უსვამს "საქართველოს ბანკის" მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. ხსენებული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ დაფინანსებაზე წვდომა ჩვენი კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში და კიდევ უფრო გავზარდოთ ბანკის კონკურენტულობა მოცემულ სექტორში,"- განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

  "საქართველოს ბანკისა" და DEG–ს შორის პარტნიორობა უკვე თითქმის თხუთმეტ წელს ითვლის. მოხარული ვართ, გამოვყოთ კიდევ ერთი გრძელვადიანი დაფინანსება ჩვენი დიდი ხნის პარტნიორისთვის, რომელიც განკუთვნილია ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კლიენტებისთვის. ამრიგად, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის გაძლიერებაში და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებაში," - განაცხადა ინგრიდ ვან ვეესმა, DEG–ს უფროსმა დირექტორმა აზიასა და ევროპაში.

  "საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%) მიხედვით (2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). "საქართველოს ბანკი" მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკი" ემსახურებოდა დაახლოებით 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 206 სერვისცენტრის, 510 ბანკომატისა და 2,038 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

24-10-2014, 14:04
უკან დაბრუნება