ივერიონი / "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას იწყებს

"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას იწყებს

   "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს"-ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციურ ძალებს აქციის შეერთებისკენ მოუწოდა.

   -"საქართველო არასდროს შეეგუება საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია და თავხედურად დე იურე ანექსიის მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ საპროტესტო აქცია.

   მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას. ვაცხადებთ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით".

 

26-10-2014, 06:27
უკან დაბრუნება