ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ახლა იწყება რთული და გამოწვევებით აღსავსე გზა!

ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ახლა იწყება რთული და გამოწვევებით აღსავსე გზა!

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველო განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიდა.  - განცხდება ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

 მისი თქმით,  ყველა სახელმწიფო უწყება დღეს უფრო სწორად მუშაობს, რათა შეუქცევადი  გახდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი .


  "ჩვენ წელს ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამან ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს - ევროპას და მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს.

  ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმა, რაც ჩვენს ხალხს მოუტანს კეთილდღეობას და სტაბილურობას.

 ასოცირების შეთანხმება გახლავთ ჩვენი ქვეყნის რეალური სამოქმედო გეგმა. ყველა სახელმწიფო უწყება დღეს უფრო სწორად მუშაობს, რათა შეუქცევადი გახდეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი.

  ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ჩვენთვის არ მთავრდება ევროინტეგრაციის პროცესი. პირიქით, სწორედ ახლა იწყება რთული და გამოწვევებით აღსავსე გზა. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გვიჩნდება უნიკალური შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ.

  წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით განსახორციელებელი მოქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. ისინი უპირობოდ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარში გვიდგანან არაღიარების პოლიტიკის გატარებაში. არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ამ კუთხითაც გვაქვს მიღწევები. თუ წინა მთავრობის დროს იყო 5 ქვეყანა, რომელმაც, ასე ვთქვათ, აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ჩვენ 2-ს უარი ვათქმევინეთ.

  მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი ხალხის მხარდაჭერის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად გადავლახავთ ამ სირთულეებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

27-10-2014, 15:28
უკან დაბრუნება