ივერიონი / გია ჟორჟოლიანი: „ნაცმოძრაობა“ ტირანული, რეჟიმული პარტიაა, რომელსაც ლეგიტიმაციის უფლება არა აქვს!

გია ჟორჟოლიანი: „ნაცმოძრაობა“ ტირანული, რეჟიმული პარტიაა, რომელსაც ლეგიტიმაციის უფლება არა აქვს!

გვესაუბრება პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია ჟორჟოლიანი.


-ბატონო გია, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ის ოფიციალურად აცხადებს, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაა. ექსპერტებისა და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად მზადმყოფმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არეულობის თავიდან ასაცილებლად და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკთხთან დაკავშირებით?


-ჩემი აზრით, ხელისუფლება კანონიერად იმოქმედებს იმათ წინააღმდეგ, ვინც კანონს დაარღვევს.


რაც შეეხება 15 ნოემბრის აქციას- ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი აზრი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ისინი წარმოადგენენ ტირანულ, რეჟიმულ პარტიას, რომელსაც ლეგიტიმაციის უფლება არა აქვს.


მათ ყველაფერი გააკეთეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის ჩიხში შესაყვანად და მათი ჩართვა ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ამ საკითხების პარალიზების ტოლფასია. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ამიტომ საზოგადოებას მათ მიმართ მხოლოდ პროტესტის გრძნობა და შეურიგებლობის განწყობა უნდა ჰქონდეს.


 ისინი, ვინც ამ აქციას შეურთდებიან, მცდარ პოზიციას აირჩევენ. ამას ვამბობ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საქართველოს ერთი-ერთი მოქალაქე.

                                                           

 



 


28-10-2014, 17:12
უკან დაბრუნება