ივერიონი / სოზარ სუბარი: ბევრი შეჩერებული პროექტი დაიძრა!

სოზარ სუბარი: ბევრი შეჩერებული პროექტი დაიძრა!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბოლნისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

   დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში 23 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლები  შეისყიდა, აქედან 9 სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

  მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა მეშველიანი კერძო სახლებში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები  მოინახულეს.

  "მთელ საქართველოში დავდივარ ჩემს გუნდთან ერთად და უშუალოდ  ვსწავლობთ ყველა დევნილის თუ  ეკომიგრანტის პრობლემას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად რა საჭიროებები და პრობლემებია. ბუნებრივია, ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ გადაწყდება, მაგრამ მთლიანობაში ეს გეგმა უნდა შედგეს. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც გაჩერებული იყო წლების განმავლობაში,  უკვე დავძარით.  ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც აქტიურად ავამუშავეთ, არის სოფლად სახლის შეძენის პროგრამა. 20 000 ლარის ფარგლებში ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მონაცემებს, თავად პოულობენ სახლს და ჩვენ ვეხმარებით ამ სახლის ყიდვაში და გაფორმებაში. ზოგჯერ შეიძლება, სახლი უფრო ძვირი ღირდეს, ამ შემთხვევაში მსურველს შეუძლია, თავად დაამატოს თანხა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც დავისახეთ,  დევნილთა და ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან ერთად, არის მათი შემოსავლის წყაროების გაჩენა, მათი დასაქმება. ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ სახლის შეძენაში, არამედ შემდგომ მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

29-10-2014, 12:18
უკან დაბრუნება