ივერიონი / როგორ "არჩევენ" ... კონსულტანტებს, ანუ ერთმანეთში განივთებული არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი!

როგორ "არჩევენ" ... კონსულტანტებს, ანუ ერთმანეთში განივთებული არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი!

  რადგან ამოქმედდა სიცრუის მანქანა, რადგან ათას ჭორ-მართალს ავრცელებენ, რადგან ყალბ სახელს ამოფარებულები სოციალური ქსელებით თავს მესხმიან, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით ერთგვარი "პროფილური" სტატია შემოგთავაზოთ.
   იმიტომ კი არა, რომ თავის მართლება მჭირდება!.. არა,  იმიტომ, რომ საერთო საქმეს - განათლების გადარჩენისათვის ბრძოლას არ მიადგეს ზიანი. იმიტომ, რომ ჩემს მასწავლებელ კოლეგებს უნდა შევეხმიანო, იმიტომ, რომ უკანასკნელ პერიოდში უამრავჯერ შეეხნენ მათ, იმიტომ რომ კიდეც დავიცვა და კიდეც გავაკრიტიკო.
   მინდა ჩემ თავსაც შევეხო, რადგან ჩვენი ცხოვრებისეული სიმახინჯის თვითმხილველი ვარ. ამიტომ დავიწყებ ასე ტრაფარეტულად: ისტორიკოსი გახლავართ, ვმუშაობ 116-ე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილებაც.   როგორც შემეძლო პრესით, შეხვედრებით ჩემ სათქმელს მაინც ვამბობდი, ამ სიმახინჯეს ვამხელდი. არასდროს ვყოფილვარ დაშანტაჟებული, შეშინებული, გამყალბებელი... არც - პარტიული  იარლიყი მამძიმებდა ოდესმე. მაქვს ჩემი კრედო.
  იმის მიუხედავად, რომ, ვცდილობ ვთქვა სიმართლე. მეც მყავს ოჯახი, ნათესავები, შესაძლოა სხვა პედაგოგებზე ნაკლებ ძეძლებულადაც ვცხოვრობდე, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას შევურიგდე უსამართლობას.     
  არავისთვის არასდროს მითხოვია "წინსვლაში" დახმარება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ბევრ თანამდებობის პირზე უკეთესადაც ვიმუშავებდი. წინსვლის, წარმატების მისაღწევად პროტექციის გამოყენებისა არაფერი გამეგება ... თუმცა აღმოჩნდა, რომ ამის გარეშე ჯერ კიდევ ვერ გახვალ ფონს-ობიექტურობა არ არსებობს!...
   ქრისტეს ეპოქაშიც კი ასე იყო: არავინ ჰყავდა 38 წლის სნეულს, რომ განსაკურნებლად სასწაულებრივ აუზში ჩაეყვანა, ის იმედს არ ჰკარგავდა და ბოლოს თავად უფალმა განკურნა. მეც ვენდობი ღმერთს. ოღონდ არა კარიერისთვის!
  თამამად შემიძლია განვაცხადო: სააკაშვილის რეჟიმის დროს მთელ საქართველოში, ერთადერთმა პედაგოგმა, პატიმრების წამების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სიტყვით მივმართე და სოლიდარობა გამოვუცხადე, გავავრცელე მიმართვა სოციალური ქსელებით და მოვუწოდე პედაგოგებს საპროტესტო აქციის მხარდაჭერისკენ. ჩემს გააქტიურებაზე ხელისუფლებამ ფარული თვალთვალის დაწესებით მიპასუხა, მაგრამ არც ამით შევშფოთებულვარ...
   ბოლომდე არა (უკვე ვთქვი, რომ ბოლომდე მხოლოდ ღმერთის უნდა გვჯეროდეს), მაგრამ, ვაღიარებ და ცოტათი კი მეიმედებოდა სააკაშვილის ხელისუფლების  ობიექტურობის გადასამოწმებლად კონკურსებში მონაწილეობაც კი მივიღე და ერთ-ერთი "კვლევის " მაგალითს გავიხსენებ, რომელიც სააკაშვილის დროს გამოქვეყნდა ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში.
  ვფიქრობ, ასეთი სიტუაციაა ამჟამადაც. აი მოკლე შინაარსი: "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა (ჩემს წარმოდგენაში მას უკვე "ეგრეთწოდებული" და "ბრჭყალები" მოვარგე) გამოაცხადა კონკურსი თბილისის მასწავლებელთა სახლში პედაგოგთა კონსულტანტების (პროფესიულ სრულყოფაში დამხმარეები) თანამდებობებზე. საუკეთესოს გამოსავლენად კონკურსი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მოთხოვნები - სტანდარტული: გამოცდილება (თუმცა გაურკვეველია, თუ ადამიანმა ოდესმე არ დაიწყო, გამოცდილება საიდან ექნება), პროფესიონალიზმი, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, უცხო ენების ფლობა (სასურველი ან აუცილებელი) და ა. შ. მერე ტარდება კონკურსი (სხვადასხვა სახის) და "სრულყოფილი" გამარჯვებულიც ვლინდება.
   უკვე რამდენი წელია ასეთი "ობიექტური" კონკურსები ტარდება და ყოველთვის მიკვირდა, ამ ყველაფრის მერე, როგორღა მოკალათდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამადებობაზე, ან სხვადასხვა სამსახურში ამადენი არაპროფესიონალი, გამოუცდელი და უფრო მეტიც: ეთიკა-ზრდილობასთან მწყრალად მყოფი ამდენი ადამიანი.
  სტაჟი და გამოცდილებაც ხელს მიწყობდა, პროფესიონალიზმიც ... ერთი სიტყვით კონკურსანტისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი... ჰოდა, ყველა "საჭირო" დოკუმენტაციას (ჩემდა გასაკვირად მასში შედიოდა მხოლოდ ჩV და სამოტივაციო წერილი) თავი მოვუყარე და ელექტრონული ფოსტით გავაგზავნე. ცხადია, დღემდე არ ვიცი, ასეთი გზავნილით როგორ უნდა გადამოწმებულიყო კონკურსანტთა მიწოდებული ინფორმაციის რეალურობა. ვინ იცის, რამდენმა მსურველმა სუპერგენიოსადაც წარადგინა თავისი თავი…
  ერთ დღესაც მირეკავენ, რომ გასაუბრებაზე ვარ დაბარებული (არადა, კონკურსის პირობებით ჯერ წერითი გამოცდის მგავსი ეტაპი იყო გათვალისწინებული, რატომ გადაიფიქრეს, არ ვიცი)... თბილისის მასწავლებელთა სახლი გლდანში, გმირ კურსანტთა ქუჩაზეა. იქ, საკმაოდ სწრაფ ტემპში, ჯერ კიდევ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კონკურსანტები რიგ-რიგობით შედიან გასაუბრებაზე და რამდენიმე წუთში ღიმილით უკან ბრუნდებიან. პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გ. მამულაშვილი (ამ სტატიის გამოქვეყნების დროს ცენტრს მამულაშვილი ხელმძღვანელობდა) მობილური ტელეფონით გამუდმებით ვიღაცას ელაპარაკება და მხოლოდ ცალ თვალს შეავლებს ხოლმე ე.წ ""გასაუბრების" პროცესს... ჩემმა რიგმაც მოაღწია. ვფიქრობ: ნეტავ რა უნდა მკითხონ ისეთი, რითაც მიხვდებიან, ვარ თუ არა კონსულტანტობის ღირსი? ორი-სამი "გენიოსი" გამომცდელი მაგიდას შემოსხდომია. ღმერთო, ჩემო, ესენი ადგენენ განათლებულობა-ინტელექტუალობის ხარისხს?! მე, ვფიქრობ, რომ ჭკვიანს და წიგნიერ ადამიანს, გარეგნობაზეც ეტყობა, მაგრამ თუ ამას ვერ შეამჩნევ, ერთი-ორ სიტყვას რომ იტყვის, ამით მაინც შეგექმნება წარმოდგენა, რა კატეგორიის ადამიანი დგას შენს წინ...
   როდესაც ქალაქში გადავაადგილდები, ხანდახან რაიმე საკითხავ ან გადასაკითხავ ლიტერატურას თან ვატარებ, ტრანსპორტში თვალს ვავლებ და ამით ჩვენ "გასაცობებულ" დროსა და სივრცეს უქმად აღარ ვკარგავ ხოლმე (არავინ იფიქროს, რომ ამით ჩემი წიგნიერების ხაზგასმას ვაპირებდე, პირიქით, არც მაქვს ამის პრეტენზია). ამჯერად ნაბოკოვის "ლოლიტა" მქონდა ხელთ. ეს რა სახელმძღვანელოა (!) - მეკითხება ახალგაზრდა "გამომცდელი" ქალბატონი (მხატვრულ ლიტერატურაზე ამბობს სახელმძღვანელოო) და ამ შეკითხვით უმალვე შემექმნა წარმოდგენა, მის ესოდენ მიუწვდომელ "ინტელექტსა და პროფესიონალიზმზე". ნუთუ კონსულტატები ასეთმა უნდა შეარჩიოს? ნუთუ აქამდე ეს ადამიანი, რომელსაც ყველა წიგნი სახელმძღვანელო ჰგონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეს ტვირთულობდა და ამ ტვირთის ზიდვას კვლავაც აპირებს?! მერე მან წიგნს ხელი სტაცა, გადახედა და ამრეზით უკან გადმოდო. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემ მოსაზრებას - მართლაც, რა ძალიან შორს მდგარა წიგნთან, წიგნიერებასთან და იმ პროფესიონალიზმთან, რომლის ამაღლებასაც ცდილობს მისი ორგანიზაცია.
   პროფესიონალთა შემდეგი არაპროფესიონალური და არაადეკვატური შეკითხვა ასეთია: აბა, ბატონო. მოგვიყევით თქვენს შესახებ! რაღა უნდა მოვუყვე, ყველაფერ ხომ ჩV-ში წერია. მაინც, ზრდილობის გულისთვის, ორიოდე სიტყვა გავიმეტე. შემდეგი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავამაღლოთ ისტორიკოს მასწავლებელთა პროფესიონალიზმი? შესაძლოა, ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მასწავლებელია სკოლებში, და თან ცხადია, რომ მრავალი სიახლე მათთვის უცნობია, მაგრამ ასეთებმა, როგორებიც ახლა ჩემ წინ სხედან, სხვის პროფესიონალიზმს რა უნდა დაუწუნონ. კარგი იქნებოდა, ეკითხათ, როგორ ავამაღლოთ თავად ჩვენი პროფესიონალიზმიო. არასდროს ვდებ თავს უკიდეგანოდ პროფესიონალი წიგნიერი, ნაკითხი და ა.შ. ვარმეთქი, მაგრამ უცხადესად ნათელია, რომ ჩემს  წინ ის ადამიანები სხედან, რომელნიც ჩამონათვალი ღირებულებების ფლობაში არათუ ჩამომრჩებიან,- ამ თვისებებისა და უნარების ნასახსაც კი არ ფლობენ.
  არადა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თავს უფლებას აძლევენ, შეარჩიონ პროფესიონალი პედაგოგ-კონსულტანტები არა მხოლოდ ერთი რომელიმე სასწავლო დისციპლინიდან, არამედ თითქმის ყველა საგნიდან, რაც სკოლებში ისწავლება. ე.ი. თავი ყოვლისმცოდნეებად მიაჩნიათ!
  ამ მეორე შეკითხვის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ე.წ. "შერჩევა-კონკურსი" იყო სრული აბსურდი და სხვა არაფერი. სინამდვილეში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მამამთავარსა და მის დამქაშებს, წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, ვის შეარჩევდნენ კონსულტატად, ანუ, როგორც ხშირად ხდება, საამისოდ წინასწარ თავისიანები ჰყავდათ მოაზრებული. სხვანაირად შეუძლებელია მხოლოდ ორი შეკითხვით (თან ასეთმა უბადრუკმა კომისიამ) გაარკვიოს, კონკურსანტის შესაძლებლობა და გამოცხადებულ ვაკანსიასთან მისი შესაბამისობა...( სტილი დაცულია)
                                        დავით ფერაძე
                             თბილისი, 116 სკოლის პედაგოგი

31-10-2014, 12:05
უკან დაბრუნება