ივერიონი / კახა გოგოლაშვილი: დღეს რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ანტაგონიზმში!

კახა გოგოლაშვილი: დღეს რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ანტაგონიზმში!

პოლონურ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტა“-ში გამოქვეყნებულია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის ინტერვიუ, რომელშიც იგი საუბრობს საქართველოს საგარეო და საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დამოკიდებულებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, საქართველოს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე (ესაუბრება იაროსლავ გიზინსკი).


როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობების აწყობა საფრთხილოა, რადგან მოსკოვი ყოველთვის იმუქრება!


„კრემლისთვის ტერმინი „კარგი ურთიერთობები“ ნიშნავს, რომ მის მიერ ნაკარნახევი პირობები უნდა შეასრულო“, - ამბობს ექსპერტი. ამასთან, იგი აღნიშნავს „დათბობის“ რეალურ შედეგებსაც, თუმცა კრიტიკული მიდგომით: „ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ჰპირდებოდა, განსაკუთრებით კი აქცენტს აკეთებდა მოლაპარაკების დაწყებაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. სინამდვილეში კი ურთიერთობის მოგვარება ძირითადად ქართულ პროდუქციაზე რუსული ბლოკადის მოხსნით შემოიფარგლა. არავისთვის ილუზია არ არის, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენის მოხდენის დიდი შესაძლებლობა აქვს - მოსკოვს შეუძლია სამხრეთ ოსეთში სამხედრო ყოფნა გააძლიეროს.


უკრაინაში შექმნილი ვითარება იმას მოწმობს, რომ თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა გაურთულდება, გარედან პრაქტიკულ დახმარებას ვერ მიიღებს: „ერთი მხრივ - საქართველოს მთავრობამ იცის, რომ [რუსეთთან] ახალი კონფლიქტი ძალიან სარისკოა, რაშიც უკრაინის მოვლენები გვარწმუნებს - ჩვენ უცხოეთის დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ. მეორე მხრივ, ისიც გვესმის, რომ ამჟამად არც რუსეთია დაინტერესებული საქართველოსთან ანტაგონიზმში“.


კორესპონდენტის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ „მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს პოლიტიკის ანტირუსული კურსი აშკარად გამოკვეთილი იყო, დღეს კი შედარებით რბილი დამოკიდებულებაო“, კახა გოგოლაშვილი ეთანხმება და ამბობს:


„უეჭველია, ეს ნამდვილად ასეა. მიხეილ სააკაშვილს მოსკოვთან კონფრონტაციული ურთიერთობა ჰქონდა და იგი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, თუმცა მისმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა საზოგადოების ძირითადი პრობლემები და ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს პროდასავლური კურსის დააბალანსოს და აცხადებს, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია რუსეთის ინტერესებს ზიანს არ მიაყენებს. ბოლო მოვლენებმა ქართველ პოლიტიკოსებს დაანახვა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მოსკოვთან ღია კონფრონტაციას, უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით. ისინი აცნობიერებენ იმას, რომ არსებობს სამხედრო აგრესიის განმეორების რისკი“, - ამბობს ინტერვიუში ქართველი პოლიტოლოგი.

„ჟეჩპოსპოლიტა“ (პოლონეთი), 3 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.rp.pl/artykul/11,1153956-Rosja-chce-byc-najwazniejsza---rozmowa-z-Kacha-Gogolaszwilim.html?p=1

4-11-2014, 11:01
უკან დაბრუნება