ივერიონი / დემურ გიორხელიძე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს მიმართავს

დემურ გიორხელიძე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს მიმართავს

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს მიმართავს

 

    -"აშშ-ს საელჩოს საქართველოში,

    ბატონ ელჩს!

    ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს საქართველოში,

    ბატონ ელჩებს!

 

   ქალბატონებო და ბატონებო,

უკანასკნელი მოვლენების ფონზე, მართლა ფიქრობთ, რომ საქართველოს საგარეო კურსს და ქართული სახელმწიფოს დასავლურ ორიენტაციას საფრთხე ემუქრება?! თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, თქვენ, უბრალოდ, არასერიოზულად ეკიდებით საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

   რატომ?! იმიტომ, რომ დასავლური ორიენტაცია ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიღაც მარგინალური ახალგაზრდა ჯგუფის და მისი მარგინალური ლიდერის არჩევანი, რომელიც და რომლებიც, შეიძლება, ძალიან მოგწონთ! ეს ორიენტაცია დასავლეთზე მათი უზრუნველყოფილი არ არის!. ქართველთა გაგებაში დასავლური ორიენტაცია უკავშირდება დასავლეთევროპულ სახელმწიფოს მოდელზე დაფუძნებულ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და აშშ-სთან და ევროკავშირის სახელმწიფოებთან მჭიდრო და პროდუქტიულ თანამშრომლობას, რომელსაც უნდა მოჰყვეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა და განვითარება...ამის ნაცვლად, ქართველი ხალხი იღებს დამცირებას და უპატივცემულობას, რადგან დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოში მხარდაჭერილია არა ქართველი ხალხის მისწრაფება თანამშრომლობისაკენ, არამედ, მარგინალური ახალგაზრდა პოლიტიკური ჯგუფები და მათი ლიდერები: ყოფილი სახელისუფლებო პარტია და ამჟამად "ოპოზიციაში" გადასული პარტია და მათი ლიდერები...ე.ი. თქვენ დღემდე ვერ გაგიგიათ, რა კულტურასთან გაქვთ საქმე და რა ხალხთან გაქვთ საქმე...

   ძალზე ცუდი იქნება ჩემი ქვეყნისათვის, თუ თქვენი დაუკვირვებელი მოქმედებების შედეგად, ქართველი ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება და ის მოლოდინები, რომელიც არსებობდა და დღესაც არსებობს გაცრუვდება, - თუ ქართველი ხალხი მიიღებს არა განვითარებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, არამედ, დემაგოგიურ რიტორიკას თქვენს მიერ მხარდაჭერილი, თითქოსდა, დასავლეთზე ორიენტირებული ორგანიზაციებისა (არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები) და პოლიტიკური ლიდერებისაგან. საქმე იმ სტადიამდეა მისული, რომ ამ ადამიანებისგან დასავლურ ორიენტაციაზე საუბარი სასცილოდ აღიქმება და პროვოკაციული ხდება...აღარ გავაგრძელებ, -გასაგები უნდა იყოს თქვენთვის, რაზე ვსაუბრობ! მოგვეხმარეთ, თუ შეგიძლიათ, რომ საქართველოში დასავლეთევროპული ტიპის სახელმწიფო ავაგოთ, 

დავძლიოთ ეს სამარცხვინო სიღარიბე და დაუსრულებელი გარდამავალი პერიოდი, განვვითარდეთ საკუთარი შრომითა და გონივრული ხელშეწყობით, ავაგოთ პოლიტიკური სისტემა და ხელისუფლების მონაცვლეობა მხოლოდ კადრების როტაციად ვაქციოდ და არა ბრძოლად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

   შეგიძლიათ?! შეგიძლიათ, თუ ხალხის ხმას გაიგონებთ და არ შესწირავთ ამ ხალხის დამოკიდებულებას ძალიან საეჭვო ახლაგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც შეიძლება, თქვენ დამჯერე და "საუკეთესო შემსრულებლებად" გეჩვენებოდეთ, მაგრამ მათდამი თქვენი დამოკიდებულება სპობს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას თქვენდამი და ეს არის ის ყველაზე ცუდი, რაც თქვენი შეცდომების შედეგად შეიძლება შეუქცევადი გახდეს...

   ა რ ჩ ე ვ ა ნ ი თქვენზეა,-ქართველ ხალხს ასარჩევი არა აქვს! ამ ეტაპზე, მან თავისი არჩევანი გააკეთა და თუ მას არ აიძულებენ, იგი თავისი საგარეო ორიენტაციის შემცვლელი არ არის, ქართველი ხალხის პატივისცემა, მხარდაჭერა და პროდუქტიული თანამშრომლობა, თუ მარიონეტული მარგინალური პოლიტიკული ლიდერების მხარდაჭერა და მოჩვენებითი პროდასავლურობის კულტივირება საქართველოში.

დიდი პატივისცემით,

დემურ გიორხელიძე

 

7-11-2014, 09:04
უკან დაბრუნება