ივერიონი / პრეზიდენტმა შესაძლოა, იუსტიციის საბჭოში წევრების დანიშვნის უფლება დაკარგოს

პრეზიდენტმა შესაძლოა, იუსტიციის საბჭოში წევრების დანიშვნის უფლება დაკარგოს

თეა წულუკიანი ხვალ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვას იწყებს, სადაც მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის პირველ ეტაპზე განსახორციელებელი  ცვილებების პაკეტს წარმოადგენს.  ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

,,ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  სამ უმნიშვნელოვანეს კანონში იგეგმება. ესენია: ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ", კანონი "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ",  ასევე კანონი "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

 

აღნიშნული კანონპროექტების მიღების შემთხვევაში:  შეიცვლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი;  ასევე გაუქმდება პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს ორი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; შემცირდება საქართველოს პარლამენტის კვოტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.  პირველი რიგის  ცვლილებების ჩამონათვალში სულ 9 პუნქტია, რომლებმაც საბოლოო ჯამში  სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

 

 ცვლილებების მეორე პაკეტი კი სასჯელის შეკრებითობის გაუქმდებას მოიცავს.

,,აღსდგება უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპი. ამ ცვლილებას მიეცემა უკუძალა, რათა მსჯავრდებულებმა, რომლებიც დღეს მოქმედი სასჯელთა უპირობო შეკრების წესის გამო დისპროპორციულად მკაცრ სასჯელს იხდიან, შეძლონ  ცვლილებით სარგებლობა," - წერია განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილებათა  პროექტის პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო ,,რედისონში"  გაიმართება.

 

7-11-2012, 17:08
უკან დაბრუნება