ივერიონი / ბორის ჩოჩიევი:–"ისინი ომისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მივმართეთ რუსეთს თხოვნით"

ბორის ჩოჩიევი:–"ისინი ომისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მივმართეთ რუსეთს თხოვნით"

   რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტრნიორობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერას  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსა და დასავლეთის "თავდასხმები" რუსეთზე სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რიტორიკა.

    -"მინდა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც რუსეთზე ზეწოლის მოხდენა სურთ, შემდეგი რამ ვუთხრა: საქართველოს მხრიდან აგვისტოს აგრესიის შემდეგ, როცა ჟენევის დისკუსიის ფორმატი ამოქმედდა, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის წინწაწევას.ლენინგორის რაიონში, რომლის დეოკუპაციაც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, ბევრი სოციალური პრობლემა არსებობდა - იქ არ იყო ელეტროენერგია, გაზი და არც გზები. ჩვენ ჟენევის დისკუსიის პირველივე რაუნდზე ვთხოვეთ, რომ ლენინგორისთვის ელექტროენერგია და გაზი ცოტა ხნით მაინც მიეწოდებინათ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს, რადგან იქიდან ხალხის გასახლება სურდათ. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ლენინგორსა და მიმდებარე სოფლებიდან ქართული მოსახლეობა არავის გაუყრია. მაგრამ პოლიტიკური მიზნების გამო, ქართულმა მხარემ რუსეთი აგრესორად გამოიყვანა, რომელმაც ვითომ და იქიდან ქართველები გააძევა. საქართველოს მხარი დაუჭირეს აშშ-მ, დასავლეთმა და ამერიკული ფონდების დახმარებით, სამხრეთ ოსეთის საზღვართან 2 000-ზე მეტი კოტეჯი ააშენეს, მაგრამ შეცდნენ - სამხრეთ ოსეთის გონივრული და დაბალანსებული პოლიტიკის წყალობით, ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლენინგორის რაიონში დარჩა. ჩვენ მივმართეთ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და რაიონში ელექტროენერგიის მისაწოდებლად თანხა გამოყვეს. ლენინგორში გზა არ იყო  - გზაც რუსეთის დახმარებით ავაშენეთ. ახლა რაიონის გაზიფიკაციის საკითხსაც განვიხილავთ" - განაცხადა ჩოჩიევმა.

   თუ ისინი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ მშვიდობიან გარანტიებს არ გვაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ომისთვის ემზადებიან. ამიტომ, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა და ხალხი დაიცვას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ რუსეთს თხოვნით, დავდოთ ახალი ხელშეკრულება, სადაც საუბარი იქნება ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ და ა.შ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ეხმარება მას, ვისაც თავს დაესხნენ და ვისაც განადგურებით ემუქრებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უახლოეს მომავალში მხარეები შეუდგებიან რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ახალი შეთანხმების განხილვას, რომლის პროექტიც ერთობლივად შეიმუშავეს" - განაცხადა ჩოჩიევმა.

 

27-11-2014, 01:40
უკან დაბრუნება