ივერიონი / ნოსტალგია: საქართველო „ნაციონალთა“ რეფორმების მიღწევებს ანიავებს(?!)

ნოსტალგია: საქართველო „ნაციონალთა“ რეფორმების მიღწევებს ანიავებს(?!)

(სარედაქციო სტატია, შემოკლებით)
რუსეთის გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიით არ დაწყებულა. პრეცედენტი შეიქმნა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს, რომლის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. დასავლეთს მოსკოვთან უშუალოდ დაპირისპირება არ სურდა და ამიტომაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უგუნურ ქმედებაში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმზე საუბარი.


ერთი შეხედვით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მას შემდეგ საკმაოდ გაუმჯობესდა. ავიამიმოსვლა აღდგა, ქართული პროდუქციით (ღვინო, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეული) ვაჭრობა განახლდა და განუხრელად ფართოვდება, მაგრამ დღეს საქართველო კვლავ საფრთხის ქვეშაა და დაუცველია ისე როგორც არასდროს. უკრაინის შემდეგ, რომელიც რუსეთის ზეწოლით და საკუთარი შეცდომების გამო ინგრევა, საქართველო კრემლის მორიგი მიზანი იქნება.


პატარა ქვეყანა საქართველოს, რომელმაც ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი ბატონ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონის გასაკონტროლებლად. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის მილსადენები, აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. სომხეთთან (რომელსაც პრორუსული ორიენტაცია აქვს) და აზერბაიჯანთან (რომლის გულის მოგებასაც მოსკოვი ცდილობს) ერთად, საქართველო ბოლო თავსატეხად რჩება.


საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ვლადიმერ პუტინისთვის აშკარა გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინი საქართველოს საერთაშორისო საზღვრების შეცვლას ცდილობს, რათა არ დაუშვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანება.


გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას აფხაზეთთან, რომლის შედეგად რუსეთის  გავლენა საქართველოს ამ სეპარატისტულ რეგიონზე გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც უკრაინის მოვლენის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა და არ მოიწონა  უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა, რუსეთის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი სილის გარტყმის ტოლფასი იყო.


ვლადიმერ პუტინი საქართველოს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ როგორც რუკად რუსეთ-დასავლეთის დიდი თამაშისთვის, მართალია, სამხედრო ჩარევა ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, მაგრამ ამჟამად კრემლი, როგორც ჩანს, უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკური სისუსტით  ისარგებლებს, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთა (ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ). თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში საქართველოს შეთრევას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებას ისე მოხდენს, რომ ევროპისათვის რაც შეიძლება უსიამოვნო და მწარე იყოს!


ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები ამ ამოცანის რეალიზებას აადვილებს.


ორი წლის წინ, როცა საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ დაამარცხა, იმ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს საშინაო პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავად წარმოჩინდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმავდროულად, მისი მთავრობის პირველ წლებში ქვეყანამ სახელი გაითქვა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით. დღევანდელი საქართველო სტაგნაციურ და დაბნეული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ორიენტირები აერია. „ამ მთავრობას კონკრეტული, მკაფიო გეგმები და იდეები არ აქვს, მას მხოლოდ [რაღაც] ინტერესები ამოძრავებს“, - ამბობს გიორგი ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც მოგვიანებით მის კრიტიკოსად იქცა.


ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გუნდს გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებდა და თავს ესხმოდა, თვითონ არანაკლებ გაუმჭვირვალე, ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა აღარ აქვს ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მაინც გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან პირად რჩება. იგი პერიოდულად პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთვება ხოლმე.
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმურობას კათოლიკოს-პატრიარქის სტატუსს ადარებს და ამბობს: „მერწმუნეთ, ივანიშვილი რომ არ იყოს ჩართული საქმეებში, დღეს საქართველოში სიტუაცია უფრო უარესად იქნებოდაო“.


ბიძინა ივანიშვილის ბევრი მოწინააღმდეგე ასევე აკრიტიკებს მის პროტეჟეს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ადრე მილიარდერის ბიზნეს-ჯგუფის მენეჯერად მუშაობდა.


კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელიც ერთადერთი მიზნის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის დასამხობად იყო შექმნილი, ბზარები ფართოვდება. გასულ თვეში ნატოში ინტეგრაციის მომხრე ირაკლი ალასანია, რომელიც, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან  გაათავისუფლა (თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად ოთხი თანამშრომელი დააპატიმრეს, რაც ირაკლი ალასანიამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევად მიიჩნია). საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ირაკლი ალასანიას ცოლისდაა, თავისი პოსტი სიძისადმი სოლიდარობის ნიშნად დატოვა.


რაკლი ალასანიას გათავისუფლება სრულიად მოეწონა კრემლს, რომელიც ქართველ თავდაცვის მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა. ბიძინა ივანიშვილის მოქმედებამ აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სწორედ ის იდგა. მან თავისი სიმდიდრე და ქონება რუსეთში დააგროვა, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში და როგორც ამბობენ, მას რუსეთის პრეზიდენტისადმი შიშის გრძნობა აქვს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დროს აჭიანურებს და ელოდება, რომ რუსეთი და ამერიკა საქართველოს სამომავლო მდგომარეობის შესახებ შეთანხმდებიან.


ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს წინა ხელისუფლების სიძულვილი აერთიანებთ - მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია, იგი შიშობს, რომ დააპატიმრებენ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპყრობილეშია. კახა ბენდუქიძე, რომელიც რეფორმების გამტარებელი მინისტრი იყო და ყველაფერი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის თავისუფალი განვითარებისთვის(!) საქართველოში ვერ ბრუნდებოდა და ახლახან  ლონდონში გარდაიცვალა. ეს სია კიდევ სეიძლება გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცა - ქვეყანაში არის თავისუფალი მასმედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ ის, რაც თავის დროზე მიხეილ საკაშვილის ხელისუფლებას აკლდა. როგორც კახა ბენდუქიძე ხშირად ამბობდა ხოლმე: „საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით წინ მიაბიჯებს, მაგრამ ხანდახან ფეხს ნეხვში დგამსო“.


და მაინც, იმის ნაცვლად, რომ რეფორმები განაგრძოს, საქართველოს ახალი მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის და მიხეილ სააკასვილის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის დრო უაზროდ შეიზღუდა, ასევე აიკრძალა მიწის უცხოელებზე გაყიდვა.


სამართლიანად აკრიტიკებდა რა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეთა უკანონო დევნისა და ხელისუფლების გადამეტების გამო, ახალი ხელისუფლება ახლა უკვე თვითონ ეწევა პოლიციისა და უშიშროების ძალების განმტკიცებას. ამას წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების ძლიერი სამსახურები „არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების საწინდარი“. გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს კანონი, რომელიც პოლიციას მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებას აძლევს.


ყველაფერი ეს მთავრობის პოპულარობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს: „ქართული ოცნების“ რეიტინგი 70%-დან თითქმის 40%-მდე დაეცა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი კოალიციის პოპულარობის დაცემით ოპოზიციური „ნაციონალურ მოძრაობის“ ან რომელიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის დონე არ მომატებულა. ამით იქმნება სახიფათო სიტუაცია, ხელისუფლების ლეგიტიმურობის ვაკუუმი, რომელიც იოლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. როგორც საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი ანალიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, „საქართველოს არ შეიძლება სუსტი მთავრობა ჰყავდეს... უნდა ვიცუროთ, არ უნდა ჩავიძიროთ, თორემ სხვანაირად დავიღუპებით“. სწორედ ამის იმედი აქვს ვლადიმერ პუტინსაც.

 

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.economist.com/news/europe/21635507-georgia-frittering-away-gains-liberal-reforms-dreams-deferred

5-12-2014, 15:04
უკან დაბრუნება