ივერიონი / ნინო ბურჯანაძე:მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, სააკაშვილი და მინიმუმ კიდევ 10 კაცი ციხეში ისხდებოდნენ!

ნინო ბურჯანაძე:მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, სააკაშვილი და მინიმუმ კიდევ 10 კაცი ციხეში ისხდებოდნენ!

სასაცილოა, როდესაც სააკაშვილზე შიდა ძებნაა გამოცხადებული. აღნიშნული განცხადება "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "კავკასიის" ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, ის მანამ უნდა დაეკავებინათ, სანამ საქართველოში იყო.


"მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, სააკაშვილი და მინიმუმ კიდევ 10 კაცი ციხეში ისხდებოდნენ. სააკაშვილზე შიდა ძებნა რომ არის გამოცხადებული, ეს სასაცილოა. ის ვანში და ბაღდათში რომ არ იმოძრავებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. სააკაშვილი დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ საქართველოს დატოვებდა. ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობდა და იმის გაკეთება, რომ სააკაშვილის ბებიის 12 წლის "ჰონდა" დააყადაღეს, წყალს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ შესაბამისი ორგანოები. პირველ რიგში, გარწმუნებთ, გამოძიებული იქნებოდა აგვისტოს ომი და არა სააკაშვილის ბებიის 12 წლის მანქანა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა,  სამწუხაროა, რომ უკრაინამ ეს გზა აირჩია, იმიტომ, რომ არცერთ კონტინენტზე, უბრალოდ, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.

"მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და პოლიტიკაშიც კარგა ხანია ვარ. მსგავსი პრეცედენტი, არც ერთ კონტინენტზე, უბრალოდ არ მახსენდება. არც აფრიკაში, არც აზიაში, ევროპაში ხომ მითუმეტეს, არ მახსენდება, ხელისუფლება აცხადებდეს, რომ 50-მილიონიანი ქვეყანა არის აბსოლუტურად გაუნათლებელი, უცოდინარი, კორუმპირებული და ა.შ. და ნახევარი მინისტრთა კაბინეტი უცხოელებისგან დააკომპლექტონ. ეს წარმოუდგენელია. უკრაინულ მედიაში კითხვები გაჩნდა, თუ რა ენაზე გაიმართება თუნდაც მიმოწერა მინისტრებს შორის. მე ჩემი პოზიცია ვთქვი, ეს უკრაინელების გულისტკივილია. ვგულშემატკივრობ ამ ერს, უბრალოდ, ვწუხვარ, რომ მათ არასწორი გზა აირჩიეს ამ და ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, თუ ახლა უკრაინაში თავს პოზიტიურად გამოიჩენენ, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გამიხარდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

5-12-2014, 15:33
უკან დაბრუნება