ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ანექსია - ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკაა!

გიორგი მარგველაშვილი: ანექსია - ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკაა!

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკური კურსის არჩევის გამო, რუსეთის მხრიდან მუქარას, საფრთხესა და დასჯას მუდმივად განიცდის.ამის შესახებ მარგველაშვილმა, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"უნდა დავიწყო იმ სამწუხარო ნაბიჯზე საუბარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ დაიგეგმა. ერთი თვის წინ გავიგეთ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფაზეთის რესპუბლიკასთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას აპირებდა, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

ახლა კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამდებობის პირებისგან შევიტყეთ, რომ საქართველოს ეს ნაწილი, რომელიც ასევე რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთთან მსგავს ხელშეკრულებას აწერს ხელს.

ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას, რომელიც საერთო მომავალსა და მიზნებზე შენდება, თუმცა მისი თავისუფალი გადაწყვეტილებებისა და პოლიტკის გამო, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ არის მიმართული, მუქარას საფრთხესა და დასჯას გამუდმებით განიცდის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის ანექსიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა რომ რაც უკრაინაში მოხდა, რუსული საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელმაც საქართველოზე გავლენა 2008 წელს უკვე მოახდინა.

"რაც უკრაინაში მოხდა ეს რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რასაც საქართველოზე გავლენა 2008 წელს უკვე ჰქონდა. ჩვენ ვნახეთ ყირიმის ანექსიაც. ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მის მეზობელს გავლენის სფეროდ განიხილავს და პოლიტიკური საკითხების სამხედრო ძალით გადაჭრას ცდილობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

5-12-2014, 15:54
უკან დაბრუნება