ივერიონი / ერთი ოჯახის ტრაგედია

ერთი ოჯახის ტრაგედია

   აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხივე იდენტიფიცირებული ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის

   წითელი ჯვრის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე ასეთი 6 შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა სოხუმის ბაბუშერას და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. 

2014 წლის გაზაფხულზე  არგენტინელი ექსპერტ- ანთროპოლოგების  მონაწილეობით განხორციელდა  ბაბუშერას სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.  იდენტიფიცირების მიზნით  ნეშტები  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. 

2014  წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის  საერთაშორისო  კომიტეტმა დევნილთა  და განსახლების  სამინისტროს  4 ნეშტის  იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. 

   ოთხივე  ნეშტი ეკუთვნის  ერთ ოჯახს. ესენი არიან  ქალბატონი ბელა  ზალდასტანიშვილის  ორი შვილი და ორი  ძმა. დაღუპულები უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმში სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს. 

   6 დეკემბერს, წითელი ჯვრის ეგიდით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იდენტიფიცირებული 4 ნეშტი ოჯახის წევრებს გადასცა.

   9 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიიღებს და დალოცავს მათ. იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი.  ოთხივე ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოს მიაბარებენ.

უახლოეს დღეებში გამოცხადდება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ.

 

6-12-2014, 23:38
უკან დაბრუნება