ივერიონი / ჩუმად, „ლომი“ არ გააღვიძოთ!

ჩუმად, „ლომი“ არ გააღვიძოთ!

არავის ვურჩევ გააღვიძოს ჩემში ლომი, კნუტივით რომ მყავს მოთვინიერებული“ - წერს ფეისბუქსტატუსში საქართველოს ყოფილი „სპასალარის“ _ ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

პირველი, რაც შეიძლება მოგეწონოს, ქალბატონ ნათიას ჯანსაღი იუმორია, რომელშიც რეალობის კრიტიკულად (ვიტყოდი ნიშნისმოგებით) აღქმა ისე ოსტატურადაა შეზავებული, ვერც მოედავები!..

ნათია ფანჯიკიძე გასაგები მიზეზების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით მოექცა - ის, რისი გახმოვანებაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვერ შეძლო, ან არ ისურვა, შესანიშნავად მოახერხა მისმა ფსიქოლოგმა მეუღლემ და ჟურნალისტებს საღერღელიც აუშალა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მისი პოლიტიკური აქცენტები და ივანიშვილისადმი დამოკიდებულება, რომელთანაც „უხილავი ძაფები“ აკავშირებს თურმე!

ქა-ნი ნათია საკმაოდ ორიგინალურ აქცენტებს აკეთებს „For.ge“-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც, სადაც კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ძირითადი სამიზნე მაინც ივანიშვილია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ფსიქოლოგიური დასკვნა: „გარემოცვას ჩვენი კომპეტენციის, ჩვენი სულიერი ღირსებულებების და ჩვენი ფსიქოლოგიური დონის მიხედვით ვირჩევთ - გარემოცვა ჰყავს მის ამრჩევს!“ - სრული ჭეშმარიტებაა!.

თუ ამ ფორმულას დღევანდელ ქართულ რეალობას მივუსადაგებთ, ივანიშვილი საკუთარი გარემოცვით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს!..

უფრო საყურადღებოა ამ ფორმულის ფინალი: „გარემოცვა ჰგავს მის ამრჩევს“: რა გამოდის? ან ივანიშვილმა არ იცის როგორ შეარჩიოს ოპტიმალური გარემოცვა, ან ზუსტად ისეთი გარემოცვა ჰყავს, როგორიც ივანიშვილია! ყოველ შემთხვევაში, ფანჯიკიძისეული ფორმულის ქვეტექსტებში სწორედ ასე იკითხება...


ვეთანხმები იმაშიც, რომ „რუსეთი ჩვენი გარდაუვალი ბედისწერაა“ (ისე, ევროატლანტიკური ალიანსის თავგამოდებული კუმირის მეუღლისგან ამის აღიარება ცოტა უჩვეულოა). იმაშიც, რომ „ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა“, მაგრამ, ზნეობრივად უფრო გამართული იქნებოდა, ეს „დიაგნოზი“ „სპასალარის“ მეუღლეს თანამდებობიდან განთავისუფლებამდე ღიად დაეფიქსირებინა!

ყოველ შემთხვევაში, ფანჯიკიძეს „ფრონტის ხაზი“ უკვე გახსნილი აქვს. ვაი მას, ვინც მისი სამიზნე გახდება. მითუმეტეს, თუ მასში „მოთვინიერებულმა“ ლომმა გაიღვიძა, საერთოდ ვერ გადავურჩებით!

ჩუმად, ჩუმად... „ლომმა“ არ გაიღვიძოს!


                                                             ანდრია ლისაშვილი

10-12-2014, 15:07
უკან დაბრუნება