ივერიონი / ალექსანდრე ელისაშვილი: თუ პროკურატურა მერიის გადარიცხვა-გადმორიცხვებს ამოწმებს, მივესალმები!

ალექსანდრე ელისაშვილი: თუ პროკურატურა მერიის გადარიცხვა-გადმორიცხვებს ამოწმებს, მივესალმები!

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პროკურატურის მიერ თბილისის მერიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

"მეც მაქვს განცდა, რომ საჯარო სამსახურებში, მათ შორის თბილისში, კორუფცია თანდათან მეტასტაზებს ავრცელებს. ეს არის ჩემი განცდა, ყურმოკრული ხმები, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი. მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი და არც ფინანსურში ვმუშაობ, უბრალოდ მაქვს განცდა, რომ სადღაც ბიუჯეტში ხელის ფათური დაიწყეს და კონტროლი და მეთვალყურეობა მოაკლდა. თუ პროკურატურა და სხვა საგამოძიებო სტრუქტურები მერიის და გამგეობების გადარიცხვა-გადმორიცხვებს ამოწმებენ, ამას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ახლა მათი დრო მოვიდა და მათთვის ფულის კეთების ასპარეზია. ეს ასე არ უნდა იყოს. ამდენად, თუ მაკონტროლებლები შევიდნენ, ძალიან კარგია. მივესალმები, რომ ყველა გამგეობა, მერიის ყველა სამსახური შეამოწმონ. სულ მომდის ხმები, რომ სადღაც ჩაწყობაა, ტენდერები არასწორად ტარდება, მე არ მაქვს საშუალება, რომ ამას ვდიო და ვიძიო, ვისაც ევალება, მან კეთილი ინებოს და ამ ხალხს მკაცრად აგებინოს პასუხი", - განაცხადა ელისაშვილმა.

გავრცელებულია  ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მერიაში იმყოფებოდნენ და "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.


"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული. ვინაიდან  საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

10-12-2014, 18:11
უკან დაბრუნება