ივერიონი / ადამ კინზინგერი: თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას მივიღებთ!

ადამ კინზინგერი: თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას მივიღებთ!

  რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით გვაშორებს ანექსიას და თუ მსგავსი შეთანხმება ცხინვალის რეგიონთანაც გაფორმდა, ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას მივიღებთ. განცხადება ამის შესახებ კინზინგერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.


"მე საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერი ვარ. საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა ის, თუ ქვეყანა ტირან ჩრდილოელ მეზობელს მიუბრუნდებოდა, მაგრამ საქართველოს თავისუფლება სურს. მას უნდა, რომ ღია, თავისუფალი საზოგადოების ნაწილი იყოს. მე შევხვდი აშშ-ში საქართველოს ელჩს და ეს საკითხები განვიხილეთ. აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმებით, ვშიშობ, რომ ანექსიის ეტაპი დაიწყება. შეთანხმება, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით გვაშორებს ანექსიას. რუსეთი უკანონო ქმედებას სჩადის. თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, მივიღებთ ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. ეს საფრთხეს შეუქმნის [საქართველოს] დედაქალაქსაც და მას რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოაქცევს. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. თუ ანექსია გაფორმდება, ამას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და სერიოზული ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოჰყვეს. საქართველომ ექვსი წლის წინ გადაიტანა ის, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ამის შესახებ. რუსეთმა აგრესიისათვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს. მე ვიცი, რომ საქართველო ჩვენი კარგი პარტნიორია ავღანეთში. მისი მეომრები მხნედ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცების გვერდით. ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ და გავაღრმაოთ კავშირები საქართველოსთან", - განაცხადა კინზინგერმა.

 საქართველოს მთავრობის მიერ შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ თავს იკავებს ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებისგან, თუმცა, აშფოთებს რამდენიმე დაკავების ფაქტი.

"მიმდინარე მოვლენებს მომავალშიც დავაკვირდებით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ღიად უნდა მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, ისე, როგორც ჩვენ. ეს მხოლოდ გვაძლიერებს. მეორე მხრივ, ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას დასავლეთისკენ სვლა სურს. ჩვენ ამ პროცესსაც დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

11-12-2014, 12:08
უკან დაბრუნება