ივერიონი / სოზარ სუბარი: რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ დოკუმენტს იურიდიული საფუძველი არ ექნება!

სოზარ სუბარი: რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ დოკუმენტს იურიდიული საფუძველი არ ექნება!

 როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  დე-ფაქტო ანექსია უკვე მოხდა, სწორედ ამიტომ, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ დოკუმენტს არანაირი იურიდიული საფუძველი არ ექნება.

"1990-იანი წლების შემდეგ ფაქტობრივად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმედ საკონტროლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ სრული კონტროლი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც დავკარგეთ ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა. ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ აქ კონტროლი არის ძალიან რთული. ერთადერთი ძალა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის საერთაშორისი დახმარება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამას ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ. ბუნებრივია, რუსეთი განაგრძობს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაბიჯ-ნაბიჯ ანექსიას და ამის წინააღმდეგ ძალა არის სწორედ საერთაშორისო მობილიზება და სანქციები, რომლებიც დღეს ასევე აქტიურად არის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება შეკითხვას, ელოდება თუ არა მინისტრი იმას, რომ მართლაც მოხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთის ფედერაციისადმი, სოზარ სუბარი პასუხობს, რომ

"არანაირ ნაბიჯს, რაც არ უნდა გადადგას რუსეთმა, არ ექნება იურიდიული ხასიათი და იურიდიული გაგრძელება. დე-ფაქტოდ ანექსია არის უკვე მომხდარი, იქ არის რუსეთის სამხედრო ბაზები, რუსული ადმინისტრაცია, რუსული მმართველობა, მიმოქცევაში არის რუსული რუბლი, რუსეთის კანონებია, იქ დგანან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ. ასე რომ, რა დოკუმენტსაც არ უნდა მოაწერონ ხელი, ამას არ ექნება იურიდიული საფუძველი".


11-12-2014, 14:14
უკან დაბრუნება