"ახალ წელსაც არ გამოვაცხადებთ ტენდერებს იმაზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს თუ ლელა წურწუმიამ, რადგან სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დაადებს, მაგრამ ცუდ სიმღერას შეასრულებს", - ასე ახსნა თბილისის მერის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა მიზეზი, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესყიდვები პირდაპირი და არა - ტენდერის გზით.
მისი თქმით, "თბილისობაზე", ისევე როგორც ბევრ კულტურული ღონისძიებით დატვირთულ თემატიკაზე, საკმაოდ ძნელია ტენდერის გამოცხადება.
"თბილისობაზე", ისევე როგორც ბევრ კულტურული ღონისძიებით დატვირთულ თემატიკაზე, საკმაოდ ძნელია ტენდერის გამოცხადება. ტენდერი გულისხმობს ყველაზე იაფი ფასის მომწოდებლის დაქირავებას, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მომღერლებზე, შემსრულებლებზე, ვინც გააფორმებს ღონისძიებას, ანუ მხატვრულ კონტენტზე, საკმაოდ რთული არის ხოლმე, დაამთხვიო - ვინც ყველაზე დაბალ ფასს გაძლევს, ამავე დროს ის შექმნის ისეთ განწყობას და მხატვრულ ღირებულებას, რომელიც მომხმარებელს სჭირდება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა - საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით გამოიცემა გამარტივებული შესყიდვის თაობაზე განკარგულება, რაც შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას ათავისუფლებს ტენდერის აუცილებლობისგან. ახალ წელთან დაკავშირებითაც იქნება მსგავსი სიტუაცია, ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს თუ ლელა წურწუმიამ, რადგან სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დადებს და ძალიან ცუდ სიმღერას შეასრულებს. ასე რომ, იაფი არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალია", - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.