არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლეგ მელნიკოვის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.
"ქვეყანაში მოქმედი კანონი საპროცესო გარიგებების შესახებ ითვალისწინებს, რომ თუკი რაღაც ღირებული მისცა ადამიანმა გამოძიებას, შესაბამისი ორგანოები მას სთავაზობენ გარკვეულ შეღავათებს", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
"მე ვფიქრობ, შეთავაზება, რომელიც მელნიკოვის სრულ გათავისუფლებას ითვალისწინებდა, არ არის სწორი, თუ არსებობს დანაშაული, უნდა მიესაჯოს შემსრულებელს შესაბამისი სასჯელი, კი ბატონო, იყოს შემსუბუქებული სასჯელი, მაგრამ უდანაშაულო ადამიანივით არ უნდა გაეთავისუფლებინათ",- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მელნიკოვის ადვოკატის ვარლამ ბალხამიშვილის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა საპყრობილე დატოვა, თუმცა, არა ქვეყანა. ბალხამიშვილის მტკიცებით, მელნიკოვი საქართველოში განაგრძობს ცხოვრებას.
ცნობისთვის: ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ასევე 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში 3 პოლიციელის ცემის საქმეზე იყო დაკავებული. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.