ამ რამდენიმე ხნის წინ ვანის ქუჩაზე მაია მაისურაძის სახლში ვიყავით, სახლს ისე ვამბობ, თორემ ავტოფარეხის ერთ დანგრეულ შენობას საცხოვრებელს ნამდვილად ვერ უწოდებ. მაია ორ შვილთან ერთად კარვების ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ იქიდან გამოიქცა და ამ შენობას შეაფარა თავი, ისევ აქ მირჩევნია, თუნდაც მციოდეს და თავზე მაწვიმდესო. ირგვლივ რომ მიმოვიხედე, უცებ გამიჭირდა იმის წარმოდგენა ამ პირობებზე უარესი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე მისი მონაყოლიდან მივხვდი რას გულისხმობდა ორი შვილის დედა. აი, რა გვიამბო მაიამ.
კარვების ქალაქზე სხვებისგანაც ბევრი უარყოფითი მომისმენია, როგორც იქ მაცხოვრებლებისგან, ასევე ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანებისგან. ერთი ქალბატონი, ბინა რომ იპოთეკის გამო დაკარგა, 2 კვირის მანძილზე სკვერში ათევდა ღამეს ორ შვილთან ერთად, იქ წასვლას, აქ ყოფნა მირჩევნიაო.
დღეს რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა:-"ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვაგვარებთ: ეს არის გარკვეული სახსრების აკუმულირება იმისთვის, რომ შევიძინოთ დედაქალაში ნაგვის ურნები; ასევე დარეზერვებული თანხებით შევძლებთ, შევაკეთოთ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო. ასევე ამ თანხებს გამოვიყენებთ რამდენიმე ისეთი ღონისძიების დასაფინანსებლად, რაც წაგვადგება მომდევნო წელს" -უცებ გავიფიქრე-კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყო ამ თანხით რაიმე შენობა ოდნავ მაინც შერემონტებულიყო და უსახლკარო ადამიანები შესახლებულიყვნენ. დავინტერესდი, რას ფიქრობენ ამ საკითხზე პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები. სწორედ ამიტომ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდი და ყველას ერთი და იგივე კითხვები დავუსვი:
1. რამდენიმე ხნის წინ კარვების ქალაქი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, ამ ბოლო დროს კი მხოლოდ საყვედურები ისმის, ჩვენ თავად გავესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს და მათ შორის ქალბატონს, რომელმაც სხვებთან ერთად დატოვა კარავი. მისი თქმით იქ მხოლოდ სითბოა, დანარჩენი კი გაუსაძლისი მდგომარეობაა. გამოდის ამ პროექტმა არ გაამართლა?
2. ხომ არ არის ეს წყალში გადაყრილი ფული პიარისთვის და მოსახლეობის თვალის ახვევისთვის?
3. ქალაქის მერმა განაცხადა:-"ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვაგვარებთ: ეს არის გარკვეული სახსრების აკუმულირება იმისთვის, რომ შევიძინოთ დედაქალაში ნაგვის ურნები; ასევე დარეზერვებული თანხებით შევძლებთ, შევაკეთოთ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო. ასევე ამ თანხებს გამოვიყენებთ რამდენიმე ისეთი ღონისძიების დასაფინანსებლად, რაც წაგვადგება მომდევნო წელს", არავინ დაობს იმაზე, რომ ნაგვის ურნაც კარგია, შერემონტებული ავტობუსიც, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არ შეიძლება ეს თანხა ერთი საცხოვრებელის შესაკეთებლად იქნეს გამოყენებული, რომელშიც უსახლკარო ოჯახები იცხოვრებენ?
4. ან თუ არსებობს ისეთი მექანიზმი, ქუჩაში დარჩენილ ახალგაზრდებს და ოჯახებს ასეთი დახმარება გაუწიონ? როგორც გავიგეთ, ბევრი შენობა, რომელიც ასეთი პროექტისთვის გამოდგებოდა 1 ლარად გასხვისდა.
5. თქვენ, როგორც თბილისის მაცხოვრებელი, რას ეტყოდით ქალაქის მერს და რის გაკეთებას ურჩევდით პირველ რიგში?
მანანა ნაჭყებია ("ახალი მემარჯვენეები)
1.ცხადია, ასეთი პროექტები არ ამართლებს. ეს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებშია საჭირო. საქართველოში, საბედნიეროდ, ქუჩაში დარჩენილთა რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბების, რომ ასეთი ზომები მივიღოთ. მიღებული ზომები უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს და გააზრებულიც. ეს მრავალწახნაგიანი პრობლემაა და მოგვარებაც მხოლოდ დროებითი თავშესაფრის გახსნით შეუძლებელია.
2.ეს ფული, რა თქმა უნდა, წყალში გადაიყარა. ერთმნიშვნელოვნად, ეს იყო წინასაარჩევნო აქცია და მერე ყველამ მიივიწყა, მათ შორის ორგანიზატორებმაც. თუ გახსოვთ, ამ დროებითი ზომების მიღებას იმით ამართლებდნენ, რომ დრო არ გვაქვს პრობლემის მოგვარებისთვისო, მაგრამ ლამის ერთი წელი გადის და ვინმემ რამე ნაბიჯი გადადგა? პრობლემა პრობლემად დარჩა და არა მგონია ვინმეს შეღავათი ეგრძნო. ერთი ან ორდღიანი ეფექტი და დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ დღესაც არ ვიცით რა ხედვა აქვს ქალაქის მთავრობას, ზოგადად ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
3.ქალაქს ყველაფერი ის, რაზეც მერი ამახვილებს ყურადღებას, ძალიან სჭირდება. მაგრამ სჭირდება ისეთი უმწვავესი პრობლემის მოგვარებაც, როგორიცაა მიუსაფართა პრობლემა. ნახეთ რა ხდება? წლებია მერიამ იცის, რომ რაღაც სარეზერვო საბინაო ფონდი სჭირდება დროებით უსახლკაროდ დარჩენილთა დასაბინავებლად, მაგალითად ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა მოსათავსებლად, მაგრამ, არაფერს აკეთებს ამისთვის. თანხა კი მაინც იხარჯება, თან საკმაოდ სოლიდური, ამ ოჯახების ქირით გასაყვანად. ოღონდ განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის ისაა, რომ ის სარეზერვო საბინაო ფონდი საუკუნის მანძილზე მოგემსახურება, ქირისთვის გაცემული ფული კი უბრალოდ, გადაიყარა. რა გახდა იმის უზრუნველყოფა, რომ მილიონნახევრიან ქალაქს სარეზერვო საბინაო ფონდი გააჩნდეს? არაფერი განსაკუთრებული, შესაძლოა ეს კანონმდებლობის დონეზე მოვარდეს და დეველოპერებმა მიიღონ მონაწილეობა გარკვეული შეღავათების ხარჯზე, მაგრამ ვინაა ამის გამკეთებელი?
4.ცხადია, შეიძლება და ერთერთ გზაზე, გნებავთ მექანიზმზე, მე უკვე ვისაუბრე. მე მესმის, იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით დევნილია, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ფართები საჭიროა მათი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ აბა გავიხსენოთ, რამდენი სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, საბავშვო ბაღი გაიყიდა, რამდენი გაპარტახდა? გარდა ამისა, პრობლემის გადაწყვეტის გზაა ამ ადამიანების დასაქმება, რომ თვითონ მოიგვარონ პრობლემები. "ახალ მემარჯვენეებს" სწორედ ამ გზით პრობლემის მოგვარება გვქონდა ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადებული: მიეცი სიმბოლურ ფასად ქონება ბიზნესს, სამაგიეროდ დაავალდებულე საწარმო აამოქმედოს და ვთქვათ, ყოველ გაცემულ 100 კვ. მეტრზე მინიმუმ 10 ადამიანი დაასაქმოს.
5.მე ნაწილობრივ ვისაუბრე გადაჭრის გზებზე. მერწმუნეთ, მონდომების შემთხვევაში მერს ამის გაკეთება არ გაუჭირდება, ოღონდ მონდომებას ახლებური ხედვები და პრობლემის მოგვარების არატრადიციული, ეფექტური გზებიც უნდა მოიძიოს.
კახა ძაგანია("მემარცხენე ალიანსი")
-"წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერი ნარმანია დაგვპირდა, რომ უსახლკარო ოჯახებისთვის დედაქალაქში აშენდებოდა თავშესაფარი, სამწუხაროდ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის აღნიშნული პროექტისთვის ფინანსები... უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტია აღნიშნული პრობლემა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში დარჩენილი სასოწარკვეთილი ხალხი რას მოიმოქმედებს ძნელი გამოსაცნობი არ არის..."
თემურ შაშიაშვილი (პარტია "თეთრები")
-"ქალაქის მერისათვის და არა მარტო თბილისის მერისათვის რჩევას აზრი არ აქვს,ისინი ყველაფრის მცოდნენი არიან- თვითონ ასე სჯერათ. ისტორია კი ადასტურებს, რომ ვინც ასე ფიქრობს, მან საერთოდ არაფერი იცის. პრობლემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მოგვარებადია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელს აქვს ამის სურვილი, გამოცდილება და ჭკვიანი ადამიანების მოსმენის კულტურა".
-და მაინც?
-ორთავეს გაკეთება შეიძლება,თუ 1 ლარი 1 ლარის საქმეს გააკეთებს.საქართველოში ხშირად 100 ლარი აკეთებს ერთი ლარის საქმეს.ბანდიტიზმი ძლიერდება და ამ ფონზე ფული კარგავს ძალას.
ვახტანგ ჟორდანია ("საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია")
-"საზოგადოება დანის პირზე დადის, მე ამ ბოლო ხანებში იმდენი გაჭირვებული ადამიანი ვნახე, იმდენი უსახლკარო ოჯახი, იმედნი ბავშვი, რომელსაც სცივა და შია, რომ თამამად ვიტყვი-ეს დანაშაულია. არადა ნამდვილად შესაძლებელია კეთილი ნების შემთხვევაში გამოინახოს სახსრები და ამ ადამიანებისთვის ერთი შენობა გამოიყოს. მთავარია მთავრობამ ყურადღებით მოუსმინოს ხალხს, უბრალო მოქალაქეებს გაჩერებაზე, აფთიაქში, ბანკში...ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, როგორ შეიძლება თანხების ათვისება გაჭირდეს?! მეც ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ კარვების ქალაქში ყველაფერი ვერ არის რიგზე, ეს ყველაფერი პიარისთვის გადაყრილი ფულია. მერს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი-გაუჭირდება ნარმანიას".
ზვიად ტომარაძე ("ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი")
-"ასეთ სიტუაციაში აუცილებელია გამოიკვეთოს პრიორიტეტები, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად საახალწლო განათებებისთვის მილიონნახევარი ლარია გამოყოფილი, ასევე 13 მილიონი ლარია გამოყოფილი დინამოს სტადიონის შესაკეთებლად, რომელიც კერძო მფლობელობაშია. თუ მერიას სურს რომ დაეხმაროს ამ კატეგორიის ადამიანებს, მას ეს არ გაუჭირდება. რა დროს საახალწლო განათებებია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი? თბილისის ბიუჯეტი 800 მილიონია და ამ თანხიდან თავისუფლად შესაძლებელია გამოინახოს გარკვეული თანხები, რითაც უმწეო ადამიანებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ და ზამთარში გასაყინად მშიერს არ დავტოვებთ".
გიორგი ონიანი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")
-"ერთი რამ ცხადია, დავით ნარმანიამ ვერ აუღო საქმეს ალღო. მას ჰყავს გამგებლები, რომელთა მიმართ უკვე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, 2014 წლის ბიუჯეტში გაუხარჯავი დარჩა 68 000 000 ლარი და ეს მაშინ, როდესაც ქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უზომოდ უჭირს. კორუფციის ნიშნები ისეთი აშკარა გახდა, რომ უკვე პროკურატურაც კი იძულებული გახდა გამოძიება აწარმოოს. ვთვლი ქალაქის მერმა უნდა ითანამშრომლოს ქალაქელებთან, როგორც პოზიციასთან, ასევე ოპოზიციასთან და მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ნიკა მელიას და ოპოზიციური სპექტრის რჩევები, სხვა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება არა მხოლოდ მერობა, არამედ ცხოვრებაც კი მისთვის ესოდენ უცხო ქალაქში".
ნინო მეტრეველი ("ლეიბორისტული პარტია")
1._ კარვების ქალაქს მაშინვე ვუწოდეთ ,,ოცნების ქალაქი" და იქ არაერთი აქციაც ჩავატარეთ. ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც არჩევნებამდე ლამის ოქრის მთებს პირდებოდა ხალხს, ოცნებები სწორედ ისე აუსრულა, როგორც კარვების ქალაქის მაცხოვრებლებს. ეს მხოლოდ პიარია ნაწილი იყო. ამ ხელისუფლების წევრების პრემიები ეყოფოდა თუნდაც ერთი კორპუსის აშენებას უმწეოებისთვის, მაგრამ ეს ვინმეს აწუხებს?
2._ სწორედ ეგ გითხარით. როგორც ვიცი, იქ ცხოვრებაზე უარი თქვეს იმ ხალხმა ვინც იქ შეასახლეს, ხშირად ძალითაც მიყავდათ, რომ როგორმ პიარი გაეკეთებინათ.ან კარვებში როგორ უნდა იცოხვროს ხალხმა? ეს მხოლოდ იმ ადამინების დაცინვაა, ვინც გულუბრყვილოდ დაიჯერა ოლიგარქის ცრუ დაპირებები და ხმა მისცა.
უკვე დადგა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელი, რომელიუც ივანიშვილის დაპირებით ,,არნახული" უნდა ყოფილიყო. ისე, არნახული გაჭირვება მართლა აჩვენეს ხალხს, ,,უფასო ფულის" ჩათვლით. საბანკო მანიპულაციების ოსტატმა ივანიშვბილმა ჩვენი ეროვნულუ ვალუტა მართლა ,,უფასო" გახადა.
3._ ხომ არ სჯობდა ცვლილებებით რომ საკუთარი პრემი-ხელფასები შეემცირებინათ, ატასობიტ ლარ ხელფასს და 300 პროცემტიან დანამტებს რომ იღებენ? პრემი კი არა დანამატიაო, რომ ბრძანებენ, ამ გაჭირვებული, მშიერი და ისახლკარო ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს პრემიას დაარქმევენ და დანამატს?
ავტობუსებიც რომ გაარემონტონ და უსახლკარობსაც რომ მიხედონ-ვერა? თუმცა სად დარჩათ საამისო თანხები.
4._ წინა ხელისუფლება რომ ასხვისებდა 1 ლარად შენობებს, ამას ის ადამიანები, ვინც ახლა ხელისუფლებაში სხედნა, ჩვენთან ერთად აპროტესტებდნენ. ახლა ჩუმად არიან და ამართლებენ კიდეც ამას. 1 ლარად ჩუქება უკვე ლამის წარმატებული პროექტებია. შორს რომ არ წავიდე, ჩემი რაიონის მაგალითს გეტყვით, რომლის საკრებულოს წევრიც ვარ. სექტემბერში, გარდაბნის რაიონში 1 ლარად 35 ჰა მიწა საპარტნიორო ფონდს გადასცეს, რომელიც პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილისაა. რა გაუჭირდა ასეთი მილიარდელთა ფონდს, რომ ამ მიწის ფული არ გადაეხადა? მაგრამ მილიარდს რომ ერთი კაპიკი დააკლდეს, მილიარდია აღარ იქნება და ესენიც ხალხის ქონებით მილიარდებს კიდევ მილიარდდებს ამატებენ. ნახეთ ,,ფორბსის" რეიტინგები. ბოლო ორ წელში რამდენით მოიმატა ივანიშვილის ქონებმა. ის ბიზნესმენია და ხელისუფლებაში მოსვვლაც მისი ბიზნესპროექტი იყო, მაგრამ ხალხმაც რომ დაიჯერა ლამაზად შეფუთული ბიძინას ქველმოქმედების? ამ ხალხმა არა მხოლოდ მატყუარა ოლიგარქს, არამედ იმ პოლიტიკოსებს და ე.წ. ინტელეგენციის წარმომადგენლებსაც უნდა მოსთხოვოს პასუხი, ვინც არჩევნების წინ აგიტაციას ეწეოდა, ციდან მანანის წვიმა წამოვაო. რამ შეცვალა ჩემთვის ერთ დრეოს საპატივსაცემო ეს ადამიანები ძალიან მიკვირს. ნუთი ასეთი ტკბილია სავარძელი, რპმ თვალებს აბრმავებს?
5._ რა უნდა ვუთხრა უუფლებო, ივანიშვილის დასმულ მერს? გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება. სწორედ ამიტომ დანიშნა ბატონი ნარმანია ივანიშვილმა, რომ მორჩილი კაცი ყოლოდა იქ, სადაც თავად რუხი კარდინალი დიდი ფულის შოვნას შეძლებს. დღეს ერთი კაცი მართავს ყველაფერს, მის გარეშე ვერვინ იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომაა ყველაგან კოლაფსი. არც ღარიბაშვილია გადაწყვეტილების მიმღები და ნარმანია _ მით უმერტეს. იმ ,,ერთ კაცს" კიდევ რა უნდა უთხრა? მოატყუა ქვეყანა, მიიმატა ქვეყნის ხარჯზე კიდევ მილიონები და რა ვუთხრა ახლა ოლიგაქრს მშიერ ხალხს მიხედეო? როდის იყო, მაპატიეთ და მაძღარს მშიერის ესმოდა? ივანიშვილი არასოდეს ყოფილა ქველმოქმედი, ის ფულს მხოლოდ იმ ხალხს აძლევდა ვინც მერე პროპაგანდისთვის გამოიყენა. ,, იმ კაცს" შუშის სასახლეში ხმა იმ ადამიანებმაც კი ვერ მოაწვდინეს, მის სასახელსთან კვირების განმავლობაში რომ შიმშილობდნენ. არ აინტერესებს ხალხის პრობლემები, ნარმიანისთვის კი გინდა გითვაქვა გინდ-არა, ის გადაწყვეტილების მიმღები არააა. როცა უნდა, მაშინ მოიცილებს მას მამა-მარჩენალი.
ნინო ბორჩხაძე (მოქალაქე)
-"1. კარვების ქალაქი დროებითი და სეზონური თავშესაფარი შეიძლებოდა ყოფილიყო, წარმოუდგენელი, ენით აუწერელი უსინდისობა მგონია, მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების ფონზე, გამყინვარებაში, ყინვასა და ქარში, მოქალაქეების კარვებში დასახლება, ჰიგიენის და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების ვერშექმნა და თან, განცხადებების კეთება ამ პროექტის წარმატებულობაზე.
2. რასაკვირველია, თანხას, რაც ამ კარვებზე დაიხარჯა, მათთვის და სახელმწიფოს სხვა ჩინოვნიკების ხელფასების დანამატები და პრემიები რომ დაემატებინათ, ის, რაც ამ წელიწადში აიღეს, დღეს დედაქალაქში უსახლკარო ადამიანები სავარაუდოდ, აღარ იარსებებდნენ.
3. ბატონი ნარმანიას ხედვა თბილისელების საჭიროებებს ცუდად რომ იცნობს, ეს ყველა მის გეგმას და განცხადებას ეტყობა.
4. როგორც უკვე მოგახსენეთ, არაერთი საშუალებაა უსახლკაროების პრობლემების ღირსეულად მოსაგვარებლად. ამისი არც ხედვა, არ უნარი და არც პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ. ისინი საკუთარი კომფორტის , ჯიბის და კუჭის მიღმა ვერ იხედებიან.
5. პირველ, მეორე, მესამე და ყველა რიგში ვურჩევდი თბილისის და თბილისელების კარგად გაცნობას, მათი პრობლემების რეალურად შესწავლას, თბილისის იერსახის დამახინჯების შეწყვეტას და მერიის დედაქალაქისთვის შესაფერისი კადრებით და არა გაუმაძღარი, უტიფარი ჩინოვნიკებით დაკომპლექტებას.
მამუკა ლომაშვილი (მოქალაქე)
-"ნამდვილად არ ვიცი კარვების ქალაქის სიტუაცია და ალბათ არასწორი იქნება ასე ერთი ადმიანის განცხადების საფუძველზე რაიმე კომენტარი ან დასკვნა გამოვიტანო, თუმცა ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი თავშესაფარი-რაღაც გარკვეული პერიოდი .....ის ხანგრძლივი ცხოვრებისათვის არ გამოდგება და ბუნებრივიც არის რომ პრობლემატური იქნება ასეთ პირობებში ცხოვრება. კარვების ქალაქი უნდა იყოს კრიზისული მდგომარეობისთვის. თბილისს და თბილისელებს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, მათ შორის სავსებით ნორმალური, მისაღები და ლოგიკურია მერის ეს ინიციატივა. ერთი მეორეს არ უნდა გამორიცავდეს. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ქალაქის ესტეტურობას და სამგზავრო საშუალებების უკეთ ფუნქციონირებასა და გაუმჯობესება-განახლებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს პარალელურ რეჟიმში არ მუშავდებოდეს სოციალურად დაუცველებისათვის და უსახლკარო ოჯახებისთვის ცალკე პროგრამა.......ეს ორი აფსოლუტურად დამოუკიდებელი სფეროთა მთელი სისტემაა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ინტენსიურად... მაგრამ თუ არჩევანზე დადგა საქმე, რა თქმა უნდა პრიორიტეტი ადამინი და მისი ოჯახის კეთიდღეობა უნდა იყოს, არც ერთი ოჯახი არ უნდა არსებობდეს საცხოვრებელი სახლის გარეშე. რაც შეეხება პიარს, არა მგონია პიარი კარვებით კეთდებოდეს, თუმცა გააჩნია ადმიანის " გონებრივ შესაძლებლობებს", ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ არა მგონია მასე იყოს. ყველა უბინაოდ დარჩენილ ოჯახს მისცე მუდმივი თავშესაფარი არ არის იოლი საქმე, მაგარამ მე ვფიქრობ შეიძლება რაღაც რესურსის გამოძებნა, ადგილობრი რესურსი იქნება ეს თუ სხვა, აქ მე ვფიქრობ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს. მთავარია იყოს ნება რაღაცის კეთების, მარტო უბინაოებზე არ მაქვს საუბარი. რამდენი "ბინიანი" იმყოფება გაუსაძლის სიტუაციაში? რამდენს ენატრება ნორმალური საკვები და ნორმალური ჩაცმა? ეს ერთი მთლიანი პრობლემააა, რომელიც აუცილებლად დასაქმებით უნდა გადაწყდეს, ასევე უნდა იყოს დაბალპროცენტიანი სესხები ბინის შესაძენად. მთელი ევროპა ასეა და ჩვენც ხომ გვინდა ევროპელობა? ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ საკუთარ კეთილდღეობაში, თორე ასე სულ დახმარების მოლოდის რეჟიმი ვერ გაამართლებს და პრობლემა დარჩება პრობლემად...
მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ძალიან შემტკივა მასზე გული. პრობლემები იმდენია, მგონი კარგა ხანი არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელედ, მაგრამ ერთი ყველაზე მთავარია ის, რომ დედაქალაქის სამსახურში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ამ ყველაფერზე და ექნებათ კეთილი ნება და სურვილი ამ პრობლემების გადაჭრისა, ემსახურო ქალაქს და ქალაქელებს რომელიც "შენია", ეს ძალია დიდი პატივია".
ბრძენია ქართველი ხალხი და ბრძნული ანდაზაც გვაქვს-"მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო," გვერდიდან უფრო სხვანაირად ჩანს ყველაფერი, ხომ იცით, საკუთარი კაკალი არ ჩხრიალებს. მინდა ამ სტატიის საშუალებით მივმართო ქალაქის მერს-ბატონო დავით, ჩვენი შეხვედრის დროს თქვენ დამპირდით, როცა ახალი თემები გაჩნდებოდა, როცა საზოგადოებაში კითხვები ისევ დაგროვდებოდა, ჩვენ ისევ ჩავწერდით ინტერვიუს და ხალხს თქვენს ხედვას გააცნობდით. კითხვები საკმაოდ დაგროვდა, შეხედულებებიც, იქნებ არასწორი და მოდით განვუმარტოთ საზოგადოებას ყველაფერი. მე თქვენს თანხმობას ველი.
ქეთი მიქაძე