ივერიონი / ჩერქეზები 150 წლის შემდეგ: დღევანდელობა და მომავალი

ჩერქეზები 150 წლის შემდეგ: დღევანდელობა და მომავალი

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ანკარაში 13-14 დეკემბერს კავკასიურ ასოციაციათა ფედერაციის კონფერენცია გაიმართა თემაზე „ჩერქეზები 150 წლის შემდეგ: დღევანდელობა და მომავალი“, რომელიც რუსეთიდან თურქეთში ჩერქეზთა იძულებითი ემიგრაციის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა (ავტორი - ჰასან კანბოლათი).
კონფერენციაზე განიხილეს აგრეთვე უკრაინის კრიზისი, რომელიც გარკვეულწილად თურქეთთანაცაა დაკავშირებული, ისაუბრეს აგრეთვე დასავლეთისაგან რუსეთის მზარდი იზოლირების პროცესზე, რუსეთის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ცვლილებებზე აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების კონტექსტში.
რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისი სამხრეთ კავკასიასაც შეეხო. რეგიონის სახელმწიფოებს რუსეთისადმი გარკვეული პრეტენზიები აქვთ. აზერბაიჯანი რუსეთს ბრალს სდებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებაში, ბაქოს მიაჩნია, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლას ახდენს და ამისთვის ყარაბაღის კონფლიქტს იყენებს. საქართველოში თანამდებობიდან გადადგნენ პროევროპელი მინისტრები, რომლებმაც რუსეთის მოქმედებაში საფრთხე დაინახეს. რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისათვის. გარდა ამისა, რუსეთმა აფხაზეთთან ხელშეკრულება გააფორმა და მისი სუვერენიტეტი შეზღუდა. ეს აფხაზებისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა იქაურმა პოლიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა გადაწყვიტეს ამ ხელშეკრულებაზე მკვეთრი უარი არ ეთქვათ იმის შიშით, რომ მათი პოზიცია შესაძლოა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის საფრთხის მომტანი ყოფილიყო.
აფხაზეთი შიგნიდან დუღს. ის, რომ აფხაზებმა მკვეთრი უარი არ განაცხადეს სუვერენიტეტის შეზღუდვაზე და შედარებით ჩუმად არიან, უბრალოდ, სასოწარკვეთილების მაჩვენებელია. სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია უფრო უარესია - რუსეთმა აფხაზეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა, მაგრამ სამხრეთ ოსეთს ყირიმივით ნამდვილად გადაყლაპავს. კრემლი რუსეთის ფედერალიზაციის საფუძველს ანგრევს: ის პოლიტიკური უფლებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს, თანდათანობით იზღუდება... იქმნება სამართლებრივი საფუძვლები და ინფრასტრუქტურა იმისა, რომ კრემლმა ჩრდილოეთ კავკასიას დარტყმა მიაყენოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ახალი ერა იწყება: ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრი გაძლიერება, უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, გარე და შიდაპოლიტიკური მტრის ხატის შექმნა. თუ რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება, ამით ხელი შეეშლება ჩრდილოეთ კავკასიისათვის დაპირებული რესურსების გადაცემის პროცესს, რაც თავის მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს.
ისეთი დრო დგება, რომ ქვეყნები იძულებულნი ხდებიან მოკავშირეები პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მსგავსად ამოირჩიონ. ვინც მათი მფარველი იქნება, ბედსაც ის განუსაზღვრავს. რუსეთზე დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პირობებში თურქეთს აქვს უფლება თქვას, რომ „მე ამ თამაშებში არ ვმონაწილეობ“. და საერთოდ, რას მოიგებს ან წააგებს თურქეთი, ისიც რომ თამაშში ჩაბმულიყო?

«Today’s Zaman» (თურქეთი), 16 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.todayszaman.com/columnist/hasan-kanbolat/circassians-in-their-150th-year-the-present-and-the-future_367031.html

16-12-2014, 18:04
უკან დაბრუნება