ღია ბარათი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
მის უწმინდესობას ილია მეორეს
თქვენო უწმინდესობავ!
მინდა საქართველოს მასწავლებლების გამო შეგაწუხოთ!
ერთი ამბის გახსენებით დავიწყებ, რითაც ამ წერილის დედააზრი თავიდანვე გამოკვეთილი გახდება: "ნაცების" რეჟიმის დროს თქვენ თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა ისურვეთ. თბილისის ყველა სკოლაში დარიგდა ე.წ. მოსაწვევებიც. შეხვედრა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. გახსოვთ, ალბათ, მაშინ რელიგიურობა „პოლიტიკურად არამომგებიანად“ ჩანდა. ჰოდა, მართლა წარმოუდგენელი რამ მოხდა: იმ შეხვედრაზე საჯარო სკოლების დირექტორები და საჯარო სკოლების მასწავლებლები თითქმის არ მოსულან. ძირითადად კერძო სკოლებიდან იყვნენ, ისიც, მცირე რაოდენობით. მაშინ ეკლესიურობის გამო გარკვეული დევნა იყო, მაგრამ, არც ისეთი, რომ მხოლოდ თქვენთან შეხვედრისთვის დასჯილიყო პედაგოგი. მაგრამ, შიში ხომ მოქმედებდა და ვინც არ ან ვერ მოვიდა, ისინი თითქოს „გაუგებრობას“ მოერიდნენ.... მართალია, ასეთ ქმედებაზე უფალი გვეუბნება: "რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა."-ო (ღვთისმსახურთან შეხვედრისგან თავშეკავებაც ხომ ღმერთის უარყოფის ტოლფასია), მაგრამ იმედს გვაძლევს პეტრე მოციქულის მიერ ქრისტეს უარყოფისა და შემდეგ მისი მიტევების მაგალითი... მაშინ მასწავლებლებს განა არ უნდოდათ თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ გაბედეს. ჰოდა, რასაც ვერ ბედავენ და უნდათ, იქნებ იმის მიღწევაში თქვენ მაინც დაგვეხმაროთ! თქვენ უდიდესი სულიერი, მორალური და პიროვნული ძალა გაქვთ! თქვენ გაკვრით ნათქვამსაც კი შეუძლია სიტუაციის უმჯობესისკენ შეცვლა, არათუ რჩევასა და ქადაგებას. ამიტომაც მოგმართავთ ახლა.
ვფიქრობ, რომ პირადად საკმაოდ ვიბრძოლე იმისთვის, რომ მასწავლებელთა მდგომარეობა უკეთესი ყოფილიყო. განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის უწყებასთან ჩემი პირველი ”შეტაკება” არ გასცილებია კონსტრუქციის ჩარჩოებს, სრული მზადყოფნა იყო თანამშრომლობისთვის, მაგრამ არც მისმა წინამორბედმა მინისტრმა და შემდეგ, არც მან, ეს შეთავაზება არ მიიღო!..
სანიკიძემ არ გვაღიარა, უარი თქვა ჩვენთან დიალოგზე. მეტიც: მან ომი გამომიცხადა მე და იმ სკოლის ხელმძღვანელობას, სადაც ვმუშაობ. სანიკიძის უწყება, სკოლის დოკუმენტაციის მონიტორინგით შენიღბული, ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა ჩემს დევნას და ცდილობდა ეს დევნაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია და ჩემი დაშინება და „გაჩუმებაც“ მოეხერხებინა. ამის მიუხედავად „ომში“ „გამოწვევა“ მივიღე და ეს გავაკეთე კოლეგებისთვის, განათლების გადარჩენისთვის. ამ უთანასწორო ბრძოლაში სასწორზე დავდე ჩემი ყოველი დღე, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ოჯახისა და ჩემი მცირეწლოვანი შვილების სიმშვიდეც კი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი... იმიტომ კი არა, რომ ფსევდოგმირული ამბიცია მქონდა, - ქრისტიანობა მავალდებულებდა, რადგან, ”უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის”. ვწუხვარ, რომ ასეთ დროს ბრძოლის ველს უკანა ხაზზეც კი არ გაეკარა ათი ათასობით მასწავლებელი, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე ასეულ გულშემატკივარს, რომლებიც სოციალური ქსელებით გამოხატავდნენ ჩემდამი, უფრო სწორად, განათლებისადმი მხარდაჭერას...
ამ ეტაპზე უთანასწორი ბრძოლის ეს რაუნდი წაგებულია! პედაგოგებზე გაიმარჯვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუროკრატიამ; ხალხის წარმომადგენლობითმა ორგანომ - პარლამენტმა პედაგოგებს უარი უთხრა მასწავლებლებს ხელფასის ზრდაზე; ხალხის ნებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ ვერ გაიმეტა ფული და მასწავლებელი საშიმშილოდ, ხოლო მომავალი - უვიცობისა და სიბნელისთვის გაწირა!
ეს რაუნდი წავაგეთ, რადგან თითო-ოროლა პედაგოგი თუ იყო ბრძოლის ველზე, ხოლო დანარჩენი ამ ველის მიღმა იმყოფებოდა; რაუნდი წაგებულია, არა ბიუროკრატიის სიმართლის, არა მათი სიძლიერის გამო, არამედ პედაგოგთა გამო.
ეს იყო და არის ორმაგი მარცხი: პირველი სამარცხვინო მარცხი, რამაც მეორე გამოიწვია ისაა, რომ მასწავლებლებს საზოგადოების დანარჩენი ნაწილის თვალში ”დაშინებულ მორჩილთა” იარლიყი მიეწება და სამწუხაროა, რომ ეს იარლიყი მართლაც ასახავს რეალობას. სწორედ ამ სამწუხარო რეალობამ გაამარჯვებინა ბოროტებას. უნდა ვაღიარო: მარტოოდენ ერთმა და რამდენიმე გულშემატკივარმა ვერ შევძელით და ვერ დავიყოლიეთ მთავრობა იმაზე, რომ პედაგოგებისთვის სახელფასო ანაზღაურება სასიცოცხლო ოდენობამდე გაეზარდა, ხოლო სანიკიძის უწყებას ვერ გადავაფიქრებინეთ მასწავლებელთა სელექციებად დაყოფის დაკანონების მცდელობა... და, აჰა, გაიმარჯვა გაქსუებული ჩინოვნიკების ბოროტმა ზრახვებმა: პედაგოგი რჩება სამომავლოდ კიდევ უფრო გაუფასურებული არამსყიდველობითუნარიანი გროშების იმედად: ხვალ უფრო მეტად ”გამწარდება” პედაგოგიური ცხოვრება, დადგება დღეები ქანცმილეულობის, უსარგებლობის, უშედეგო შრომის და სელექციებში გადანაწილების მსურველთა გაუტანლობა-ურთიერთქიშპისა. სიღრმისეული საგაკვეთილო პროცესების ნაცვლად კატეგორიების მოსაპოვებელი საჩვენებელი ფსევდოგაკვეთილებისა; მოსწავლეზე ”ორიენტირებულობა” გახდება ფასადური და სინამდვილეში მოსწავლე თითქმის აღარავის ეხსომება. საბოლოოდ კი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ისედაც კოლაფსში მყოფი განათლება და შესაბამისად, საქართველოს არცთუ შორეული მომავალი!
სხვა თემაა, რა და როგორ ისწავლება სკოლებში, რას წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა, რა მიმართულებებია დღეს პრიორიტეტული, რა სახელმძღვანელოები არსებობს და ა.შ. ეს სხვა თემაა და ეკლესიის პოზიციაც ცნობილია ჩვენთვის. მაგრამ სწავლების პროცესში ასე თუ ისე ჭეშმარიტების მიგნებისთვის რაღაც ნაბიჯები მაინც იდგმებოდა, საბოლოოდ, ალბათ, ესეც გაქრება, რადგან ადამინური და მორალური ღირებულებებისადმი ინდიფერენტული მიმართება არნახულ მასშტაბებს შეიძენს.
თავად მე არ ვაპირებ ბრძოლის ველიდან გაქცევას, ”რაც უნდა ჭირი მომკერძო(ნ) ბილწთ არ შავეკვრი ზავითა”, მაგრამ ერთი კაცის ბრძოლა თუ აქამდე არ კმაროდა, მითუმეტეს, არ იკმარებს ხვალ!
დაშინებულობისა და მორჩილების მიუხედავად, შინაგანი ურვა და წუხილი ყველა პედაგოგს აწუხებს. ვერ გამოვიდნენ ბრძოლის ველზე, ვერ იხმამაღლეს, მაგრამ, რომ უჭირთ, ეს დღესავით ნათელია. შიშით ძლეულნი არიან და ამიტომ დაგმობას კი არა, მიხედვას საჭიროებენ. სულიერი მამის სიტყვა მათთვის სინათლისა და ნუგეშის მომტანი იქნება.
იმ გარემოებამ, რომ 2013 წლის მიზერული ზრდის შემდეგ ამ დრომდე მასწავლებელთა ხელფასები არ გაზრდილა. ხოლო, ლარის მსყიდველობითუნარიანობა კი საგრძნობლად დაეცა, მოქმედ პედაგოგებს იმედი გადაუწურა - პედაგოგობის მსურველთა რიცხვმაც მკვეთრად იკლო, ხოლო, ახალგაზრდა პედაგოგები ან სხვა სამსახურის ძიებაში არიან, ან ქვეყნიდან მიდიან. ყველა ეს ჩამონათვალი უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მომავალი 2015 წლის სექტემბრამდე სახელფასო მატება არ განახორციელოს, ხოლო სექტემბერშიც ის უმნიშვნელოდ მოიმატებს.
„ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა“, ჰოდა, პედაგოგიც მუშაკობს და საზღაურს იმსახურებს, საზღაურს, რომელიც საარსებოდ სჭირდება თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის. ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე. თუნდაც უმაღლესი კატეგორიის პედაგოგისთვის 2017 წლისთვის დაპირებული 1250 ლარიანი ხელფასი, დამეთანხმებით, არანაირად არაა ის სამოტივაციო პაკეტი, რისთვისაც ღირს იმაზე ”უფრო მეტის კეთება”, ვიდრე აკეთებს პედაგოგი. ვერც ამჟამინდელი 305 ლარიანი, ვერც 2015 წლის სასექტემბროდ დაანონსებული 355 ლარიანი და ვერც 2017 წლის „საბოლოოდ გაზრდილი“ ხელფასები ვერ იქნება ეს საზღაური. მოტივაციის ესოდენ დაბალი ნიშნული უკვე სახეზეა, და ამავდროულად ესაა ნიშანი, რომ სამომავლოდ პროფესიონალი პედაგოგის დეფიციტის მაჩვენებელი არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდება.
სწორედ ამიტომ უახლოეს ხანში მოხდება არა პროფესიული წინსვლა, არამედ, პროფესიონალთა ჩანაცვლება იმ კატეგორიის ადამიანებით, რომლებიც იძულებულნი არიან დასჯერდნენ მიზერულ ანაზღაურებას და ე.წ. კარიერული აღმასვლაც გარკვეული კორუფციული გარიგებებით შეძლონ, ან, თუ კორუფციას გამოვრიცხავთ, რაც ნაკლებად შესაძლებელია, მაშინ, მუდმივად დაბალკვალიფიციური პრაქტიკოსი მასწავლებლების ამარა დავრჩებით!..
სამწუხაროდ, სანიკიძისა და მისი უწყებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სოლიდური, პედაგოგისგან გამოკვეთილად მაღალი სახელფასო ანაზღაურება, ყოველთვიური სახელფასო დანამატები და პრემიები. არაერთხელ ვამხილე ეს ადამიანები ამაში, მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ძველებურად აგრძელებენ ამგვარ, საკუთარ კეთილდღეობაზე მორგებულ ”პოლიტიკას”!
ფარისევლობასაც კი ბედავენ. იმ დროს, როდესაც ერი და ქვეყანა, როგორც ჩანს, სულაც არ ადარდებთ (რომ ადარდებდეთ, მომავლის მშენებლებს ამ დღეში არ ჩააგდებდნენ, განათლებას არ დაასამარებდნენ და მცირე ღონეს მაინც იხმარდნენ იმის მისაღწევად, რომ მასწავლებელს საარსებო საშუალება ჰქონოდა.) მაღალ სავარძელში მყოფები ხშირად თავს იმართლებენ, თითქოსდა ბიუჯეტს დააზიანებსო პედაგოგთა სახელფასო ოდენობის სათანადოდ ზრდა. აქაც იკვეთება ქვეყნისადმი მათი დამოკიდებულება: თუკი სახელმწიფოს ისე უჭირს, რომ პედაგოგიც კი შიმშილის ზღვარზე იმყოფება, მაშინ თვითონაც უნდა მოიკლონ ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი კომფორტი და მასწავლებლის ხელფასისგან ასე ”ცასა და მიწასავით” დაშორებული ხელფასით განებივრების უფლება არ უნდა მისცენ თავს; თვალთმაქცობენ კიდეც, როდესაც ”ეკლესიურობენ”, სასულიერო იერარქებს ხელთ ემთხვევიან, საიდუმლო სიწმინდეს ეზირებიან. მაგრამ, ამით აგვიხვევენ თვალს?! იუდა ისკარიოტელიც ემთხვეოდა და ეამბორებოდა ქრისტეს, ისიც ეზიარა უფლის ხელით. სწორედ იუდას ჰგავს ჩვენი დროის ხელისუფალთა საქციელიც. ამას ყველა ხედავს. ოღონდ, ეგაა, იუდას ბედისთვის არცერთი არ მემეტება. თქვენი უწმინდესობის შეწუხების ერთ-ერთი მიზანი ესეცაა: იქნებ თქვენ მაინც აუხილოთ თვალი, რათა გონს მოეგონ და თვითონაც გადარჩნენ ღვთის რისხვას და ქვეყანსაც აარიდონ კატასტროფა.
სწორედ იმიტომ, რომ მათი სიძულვილი კი არა - მათი მხილების ვალდებულება მამოძრავებს, როგორც ადამიანები, როგორც ღვთისშვილები, ეს ჩინოვნიკებიც მებრალებიან და შიშით ძლეული ათიათასობით მასწავლებელიც მებრალება, რომ სამომავლო ბედი მაღელვებს ჩემი სამშობლოსი, სწორედ ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ, სულიერ მამას. დამოძღვრეთ თანამდებობის პირნი და შეახსენეთ თქვენი სულიერი ძლევამოსილებით, რომ თანამდებობა უპირველესად ვალია, რომ ისინი არიან მსახურნი. თუკი ”ძე კაცისაი არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად”, მით უფრო ამათ ევალებათ თავგანწირვა ხალხისთვის და არა ვერცხლისმოყვარული და დიდებისმოყვარული ვნებების კიდევ უფრო გაუხვება.
ასეთი გასაჭირის, ასეთი გათითოკაცების ჟამს თქვენი ბრძნული გადაწყვეტილებისა და რჩევის იმედიღა დაგვრჩა! დარწმუნებული ვარ, ამ წერილის მერე უამრავ პედაგოგსაც გაუღვივდება იმედი. უთუოდ შეგვეწევა თქვენი ლოცვა-კურთხევა, „რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას“
თქვენო უწმიდესობავ, უმორჩილესად გთხოვთ, მოუწოდეთ განათლების მინისტრს და ზოგადად მთავრობას: ნუ დახოცავენ მასწავლებლებს შიმშილით, სიცივით... მისცენ იმდენი, რომ ოჯახიც გადაარჩინონ და საკუთარი ძალების მობილიზებაც შეძლონ პროფესიული მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის!
მოწიწებითა და თაყვანისცემით,
დავით ფერაძე,
პედაგოგი
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი