როგორც საქარტველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები, არამედ დონორების სახსრები გამონახოს და დევნილებს შვება მისცეს.
წულუკიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მიერ სამინისტროს 2 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
"ძალიან საინტერესო ანგარიში მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც, იმის მოსმენა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიცვალა მიდგომა ჩვენი დევნილებისადმი, რომლებსაც თუ ადრე იმ ბინებს და საცხოვრისს არ უკანონებდნენ, რომლებიც მათ ჰქონდათ, ამ მიდგომის თანახმად, ორი წლის მანძილზე სისტემატურად მიმდინარეობდა იმ საცხოვრისის რეაბილიტაცია და შემდგომ საკუთრებაში გადაცემა, სადაც ჩვენი დევნილები ცხოვრობდნენ და ჰქონდათ სურვილი, რომ ეს საცხოვრისი შეენარჩუნებინათ. სხვა შემთხვევებში მიდიოდა მასშტაბური რეაბილიტაცია, მშენებლობები და რამდენიმე ასეულ დევნილ ოჯახს გადაეცა პირად საკუთრებაში სრულიად ახალი ბინა თუ რეაბილიტირებული სახლი.
ეს არის ახალი მიდგომა, რომელსაც, რა თქმა უნდა, განხორციელებაში ბევრი ფინანსური რესურსი სჭირდება, მაგრამ სოზარ სუბარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები, არამედ დონორთა სახსრები გამონახოს და დევნილებს მისცეს შვება",-განაცხადა წულუკიანმა.