ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"რადგან პრეზიდენტს გზაში ვერ დავაწიე, ჩემს მოსაზრებას თქვენ გიზიარებთ:
პრეზიდენტის წასვლა რატიფიცირებაზე უდავოდ პოზიტიური ფაქტია როგორც ქვეყნის, ასევე მისი იმიჯისთვის დასავლეთის თვალში;
მისი წაუსვლელობის შემთხვევაში ევროპარლამენტის ბურთი და მოედანი სააკაშვილს დარჩებოდა;
თუმცა კითხვები აქვს საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს: როგორ მოხდება ერთ სივრცეში პროკურატურის მიერ ძებნილი ყოფილი პრეზიდენტისა და ლეგიტიმური მოქმედი პრეზიდენტის თავსებადობა?
ამ კითხვებზე სააკაშვილი შეეცდება, რომ თავისთვის სასარგებლო პასუხი გასცეს. მას რამდენიმე მიზანი ამოძრავებს: მინიმუმ დაფიქსირდეს კამერების წინ მარგველაშვილთან ერთად, რითიც შეეცდება, დასავლეთის თვალში თავისი უდანაშაულობის ლეგიტიმაცია მოახდინოს; მარგველაშვილის ფონზე წარმოჩნდეს დასავლეთისთვის უფრო სასურველ პარტნიორად; ხოლო - საქართველოს მოსახლეობის თვალში მარგველაშვილი წარმოაჩინოს მინიმუმ კონფორმისტად და შექმნას დამატებითი საბაბი მის (ანუ მარგველაშვილის) წინააღმდეგ ახალი ფრონტის გასახსნელად. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზიდენტთან ერთად ყოფნა მასზე დარტყმის მუხტს გარკვეულწილად შეამცირებს;
მარგველაშვილს აქვს შანსი, პლუსები ჩაიწეროს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ საკუთარი მოსახლეობის თვალშიც: მან თავისი ვიზიტით დასავლეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არის ის ფასეულობა, რომელიც ყველა იმ კითხვაზე მაღლა დგას, რომელიც დასავლეთსა და საქართველოს შორის ამ მოცემულ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს;
ხოლო მან, როგორც მოქმედმა მთავარსარდალმა, პირისპირ შეხვედრისას და კამერების წინ სააკაშვილს, როგორც ყოფილ მთავარსარდალს, უნდა დაუსვას მინიმუმ ერთი კითხვა: რატომ უბიძგებს ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი ქართველ ოფიცრებს დეზერტირობისკენ, როცა მათ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის ჯარებში სამსახურისკენ მოუწოდებს?!
დანარჩენ კითხვებზე და შესაძლო სცენარებზე საუბრით აქ თავს აღარ შეგაწყენთ", - წერს ლაგაზიძე.