"დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა, საქართველო აღრმავებს ევროპული ოჯახისკენ სვლას", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩემი ქვეყნის ყველა ლიდერი, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ყველა მომხრე იყო ამ იდეის და ასევეა ჩვენი მმართველობა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ იდეის, რომ ეს ნაბიჯები გაღმავდება, გაგრძელდება და საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", -განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა.
"ასოცირების შეთანხმებით, საქართველო მოიპოვებს ახალ ინსტრუმენტებს, რომ გააღრმავოს ევროპული სტრუქტურებისკენ სვლა, ასევე, ევროპა ისარგებლებს ქვეყნისგან, რომელიც რეგიონში პარტნიორობისკენ არის მობილიზებული, რომელიც მიმართულია, გააღრმავოს მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში და მის მიღმა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ როლის თამაშს მომავალში იმ გადმოსახედიდან, რომ ვართ ევროპული ქვეყანა", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.