ნანა ლეჟავას საზოგადოება კარგად იცნობს, მას წლების მანძილზე მედია-კავშირ "ობიექტივზე" გადაცემა მიჰყავდა, თუმცა საზოგადოება უფრო ნიკოლოზის დედად იცნობს, ნიკოლოზის, რომელიც მართლაც საოცრებაა.
ყველაფერი კი ნიკოლოზის დაბადების დღეს დაიწყო, ნანას ექიმებმა უთხრეს, ბავშვი ავადაა და ყველაზე დიდი, 9 წელი იცოცხლოსო. ქალს ცრემლები წასკდა, უცებ თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მერე ბავშვის ტირილი მოესმა, გამოფხიზლდა, ცრემლები შეიმშრალა, პატარა ხელში აიყვანა და ჩასჩურჩულა-ასე ერთად ვივლით მე და შენ მანამ, სანამ უფალი ინებებსო და მართლაც უკვე 18 წელია ასე ერთად მოდიან მრავალ ჭირგამოვლილი დედა-შვილი.
დღეს ნანა სხვის სახლში, ერთ პატარა ოთახშია შეხიზნული, რადგან საავადმყოფოში ყოფნის გამო ბინის მეპატრონეს მხოლოდ ბოლო თვის ქირა ვერ გადაუხადა, მან კი სახლიდან ისე გააგდო, რომ მარტო ნიკოლოზის ეტლი და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მისცა. დარჩა ნანა შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ, დარჩა და ისევ ატირდა, გამწარებულ ქალს სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ ისევ ნიკოლოზის ხმამ გამოაფხიზლა და უფალს დახმარება შესთხოვა. უფალმაც შეისმინა და მხსნელად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოუვლია, ამ ოჯახმა შეიფარა დედა-შვილი.
მიუხედავად მდგომარეობისა, ნიკოლოზი თბილი და მოსიყვარულეა, საოცრად უყვარს დედა და სწორედ ეს სიყვარული აძლებინებს ნანასაც. ახლა ძალიან უჭირთ, ნიკოლოზი 18 წლის გახდა და პენსია შეუწყდა, დედას უამრავი საბუთის გაკეთება უწევს მეურვეობის მოსაპოვებლად და ამ ბიუროკრატიული საფეხურების ასავლელადაც თანხა სჭირდება, თანხა, რომელიც არ აქვს, მაგრამ მაინც შეუპოვრად ეჭიდება ცხოვრებას. ახლა კი გულმა უმტყუნა, ვეღარ გაუძლო ამდენს და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
ქალბატონს ძალიან უნდა ოპერაციის გაკეთება, ჩემს გარეშე ნიკოლოზს რა ეშველება, თორემ ჩემი თავი ჯანდაბასო-გვითხრა. ოპერაციის ფული ნახევარზე მეტი დიდი სიმწარით და კეთილი ადამიანების დახმარებით შეაკოწიწა, ახლა 300 ლარი აკლია და .....როგორც თავად გვითხრა, 300 ლარისთვის ვის არ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ, დრო კი გადის...
ძნელია მათი ცხოვრება ენით გადმოსცე, ეს უნდა ნახო და იმედი მაქვს ამ სიუჯეტის ნახვის შემდეგ გამოჩნდება ის ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც ნანა ლეჟავას დაეხმარება.
ნიკუშა გრძნობს დედის წუხილს და მასთან ერთად ტირის, მაგრამ მერე ცდილობს დედა გაამხიარულოს და უმღერის, მღერის ბავშვი, რომელიც ექიმების დასკვნით ასოსაც ვერ უნდა ამბობდეს, ესეც უფლის ნებაა და მჯერა, უფალი არ გასწირავს მათ.
მინდა ვთხოვო ჩვენს მკითხველს, ყურადღებით უსმინეთ ქ-ნ ნანას, ის ფულს არ ითხოვს, ის სულიერ თანადგომას ითხოვს თავისთვის, საჭმელს და წამალს - შვილის სიცოცხლისთვის და ეს 21-ე საუკუნეში.
მიმღების IBAN ანგარიშის # GE25 BR07 0000 3601 0004 38
მიმღებისბანკის.ს. ბანკი „რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22
დღეს ნიკოლოზობაა და მჯერა, რომ ნიკუშა კიდევ იმღერებს უკვე გამოჯანმრთელებულ დედასთან ერთად.
ქეთი მიქაძე