ივერიონი / თემურ შაშიაშვილი:-"თუ ეროვნული ხარ, პატრონი არ გყავს და არც საქართველოს მხარდაჭერა გაქვს!"

თემურ შაშიაშვილი:-"თუ ეროვნული ხარ, პატრონი არ გყავს და არც საქართველოს მხარდაჭერა გაქვს!"

   "ივერიონს"  პარტია "თეთრების"  ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა

-ბატონო თემურ, სწორია თუ არა არჩევანი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ ოქროს მაღაროსა და მოსახლეობის დასაქმებას შორის გააკეთა?

 

-ერთიც საჭიროა და მეორეც, ერთმანეთთან დაპირისპირება დაუშვებელია!

საყდრისის სახით გვაქვს ძეგლი, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს საუნჯედ ასახელებენ.  მას ადამიანების დასაქმების გამო რომ დაანგრევ, გაუბრებობაა, რომლის გამოც მწარედ ინანებს  პრემიერ-მინისტრი. 

სამუშაოების შექმნის საშუალების მეტი რა არის საქართველოში, რა, მაინცდამაინც საყდრისის ბორცვზე არიან დამოკიდებულნი?

ამ წიაღისეულით კგბ-ს წარმომადგენელი ნაყოფიაა დაინტერესებული, რომლის 19-20 წლის ბიჭი ნახევარ მილიონ ლარს იღებს ხელფასად. ეს არის კანონიერება? ეს ერთი ადამიანი იმდენ ხელფასს იღებს, რამდენსაც 3000 კაცი ერთად. ნაყოფია სააკაშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას ერთნაირად აზის თავზე. მე მას კაბინეტში არ ვიღებდი, შევარდნაძესთანაც ჩავუშალე შეხვედრა, ამათ კი ეს კგბ-ს გენერალი თავზე დაისვეს!

 რა შუაშია აქ ადამიანების დასაქმება და კულტურული ძეგლი? ათენის აკროპოლისის ქვეშ რაღაც რომ აღმოაჩინონ, უნდა დაანგრიონ? მთელი საბერძნეთი ფეხზე არ დადგება?

საქართველოში ადამიანები დაამშიეს და ეროვნული წაშალეს მათში. მე ის  მაწუხებს,  რომ ხალხი ყველაფერს ეგუება და არა პრემიერ-მინისტრის გამონათქვაემი.  

რუსთაველის პროსპექტზე მშვენივრად ჩაცმულ-დახურული ქალბატონი შემხვდა და 50 თეთრი მთხოვა. 20 წლის წინ ასეთი ქალბატონისთვის 50 ლარი რომ მიგეცა, როგორ მკადრეო, გეტყოდა. 

რატომ არ გადის ეს ხელისუფლება ფეხით ერთხელ მაინც რუსთაველზე, სადაც 1 კილომეტრში 50 მათხოვარი მაინც დგას! გაიარონ და ნახონ, რომ მათი რიცხვი გაათმაგდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროსთან შედარებით. არა თუ უბრალო ადამიანი, ერთი მეწარმე მაინც მაჩვენეთ, ვინც იტყვის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვითარება გაუმჯობესდა. 

ქუთაისში, ჭავჭავაძეზე, ამვლელი გზა რომ გაიყვანეს, 10 000 კაცი უმუშევარი დატოვეს, არადა, წესით, გზის გაყვანაზეც უნდა ეფიქრათ და მოსახლეობაც უნდა ეხსნათ სამუშაო ადგილების დაკარგვისგან. 

 

-პრეზიდენტი მარგველაშვილი საყდრისში მიმდინარე სამთამადნო სამუშაოების გაგრძელების წინააღმდეგია.  ფიქრობთ თუ არა, რომ ის ერთადერთი პოლიტიკოსია უმრავლესობაში, რომელიც მორალურ-ზნეობრივ და სახელმწიფოებრივ-პოლიტიურად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე?

 

-ჯერ სააკაშვილზე გეტყვით, მას ნაკლებად აინტერესებს ეროვნული, ის, უბრალოდ, ლაპარაკობს. მისი პოზიცია ასეთია, ხელისუფლებაში ყოფნისას ებრძოდა ყოველივე ეროვნულს, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით ეროვნული პათოსით გამოდის. 

მარგველაშვილის არც ერთი გადაწყვეტილება  არ არის ზნეობრივი - მას  საკუთარ გუნდთან გუნდური თამასის წესები არ სცოდნია. ისიც სააკააშვილივით მედროვეა. დღეს ასე "აწყობს", რომ საყდრისის ნგრევის შეჩერებაზე უნდა ილაპარაკოს. ის პათოსი, რითაც სააკაშვილი და მარგველაშვილი მოქმედებენ, ქვეყნის გარეთ დაწერილი ანტიეროვნული პათოსია!

 

-მაშინ, როცა ამა თუ იმ მასშტაბური და ხმაურიანი გადაწყვეტილების უკან ხშირად მოიაზრებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იკვეთება თუ არა მისივე ბიზნესინტერესი საყდრისის ოქროს საბადოს ხელყოფაში?

 

-ან მისი ბიზნესინტერესია, ან იმ გუნდის, რომელთა მიმართაც დავალებულია. ქვეყნისთვის ორივე უბედურებაა!

 

 -რატომ არ დაესწრო ევროკავირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?

 

-ევროპა არასწორად მოექცა საქართველოს, რადგან პრეზიდენტი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და იძებნება, არ უნდა მიეწვია. აქედან ის ჩანს, რომ ევროპა, აშშ და რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევიან. 

ღარიბაშვილს კი ვაჟკაცობა არ ეყო ეთქვა ევროპისთვის, რომ უნდოდა რატიფიცირებას დასწრებოდა, მაგრამ მათი არასწორი საქციელის გამო გადაიფიქრა. ევროპას ჰგონია, მათთან თუ შევალთ, ავყვავდებით! არადა შვეიცარიული მოდელი ყველაზე მისაღებია დღეს ჩვენთვის- არც ერთ სამხედრო ბლოკში არ ვიქნებით და ნეიტრალიტეტს მივემხრობით. არა ისეთ ნეიტრალიტეტს, სახელი რომ გაუფუჭეს . შვეიცარიელს რომ უთხრა ნატოში გაწევრიანდიო, მტრად მოგეკიდება!

 

-რა შედეგს მოუტანს საქართველოს პუტინთან დიალოგი?

 

-გააჩნია, როგორ მოვემზადებით. პუტინი იძულებულია თქვას ის, რაც თვითონ არ აძლევს ხელს. მას დიალოგი არ სჭირდება, მაგრამ სურს გამოიყენოს. 

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობაა, მაგრამ უკრაინა არ წყვეტს მასთან ურთიერთობას, სნგ-დანაც კი არ გამოსულა, დროს იხელთებს თუ არა, ტელეფონზეც კი ელაპარაკება რუსეთს. პოლიტიკოსობა ესაა, პროცესში ოსტატური მოქმედებაა პოლიტიკა. ჩვენები კი ასე არ იქცევიან. 

რუსეთს ჩვენ უნდა წამოვუყენოთ პირობები, მოვთხოვოთ ღია შეხვედრები, არ ველაპარაკოთ ულტიმატუმის ენით, მაგრამ არც უნდა გვეშინოდეს მისი. 

ჩემი აზრით, პუტინთან დიალოგი უნდა გამართოს პრემიერ-მინისტრმა და არა პრეზიდენტმა. იმედია, საბრძოლო მარათონს არ გამართავენ, თუ ვინ შეხვდება პუტინს , და ღირსეულად მოილაპარაკებენ. 

ნინო ბურჯანაძე, რომელსაც რუსეთთან დიალოგში ყველაზე ოპტიმალურ ფიგურად მოიაზრებენ, მაღალი რანგის სახელისუფლებო ფიგურა რომ იყოს, უფრო შეძლებდა ამას.  მე არ ვუსურვებ მას ამ მოლაპარაკებაში მინაწილეობას და არც თვითონ დათანხმდება. 

 

-რატომ არ თანხმდებიან უმრავლესობის წევრები სატელევიზიო დებატებში მინაწილეობაზე?

 

-დღეს ტელევიზიებს ერთი კურსი აქვთ აღებული და ნაციონალებისთვის მუშაობენ. სააკაშვილისთანა ველურთან დებატებს ვინ დათანხმდება? მან ჟირინოვსკისაც კი გადააჭარბა თავისი მოქმედებებით.

მე მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი, ჩემზე საქართველოს მომავალი პრეზიდენტიაო, წერდნენ, ინგა გრიგოლიამ საუკეთესო რესპოდენტად დამასახელა, ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტების რიგი იდგა, მაგრამ 2004 წლის 4 იანვრიდან  დღემდე მე არც ერთ ტელევიზიას არ მივუწვევივარ სასაუბროდ. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, თუ ეროვნული ხარ, პატრონი არ გყავს და არც საქართველოს მხარდაჭერა გაქვს!

 

                                                               ესაუბრა ია ჯღარკავა 

 

21-12-2014, 18:41
უკან დაბრუნება