მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეთა პროცესი ხელს უშლის თბილისის ოცნებას ნატოში შესვლაზე. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Коммерсант.ru ავრცელებს.
საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამი თანამებრძოლის - გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის, მე-4 ბრიგადის მეთაურის და თავდაცვის ექს მინისტრის ბაჩანა ახალაიას საქმის გამოძიება გრძელდება. გუშინ პროკურატურამ ბატონ ახალაიას ახალი ბრალდებები წაუყენა, ხოლო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პრეზიდენტის მომხრეები დაკავებულებს "გმირებს" უწოდებენ და მათ ახლად დაწყებულ "კუდიანებზე ნადირობის" მსხვერპლებად მოიხსენიებენ. ექსპერტები კი გვაფრთხილებენ: ხმაურიანმა სასამართლო პროცესმა შესაძლოა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შეაფერხოს.
აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა თბილისის სასამართლომ მხოლოდ თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას შეუფარდა, ხოლო ყოფილი გენშტაბის ხელმძღვანელ გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას გირაოს სახით 20 ათასი ლარი (12$ ათასი) გადაახდევინა.
შეგახსენებთ, რომ განსასჯელებს 2011 წელს 6 სამხედრო მოსამსახურის ცემაში ედებათ ბრალი. ამასთან, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაც წაუყენა. გამოძიების მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ბატონმა ახალაიამ საკუთარ თანამშრომლებს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში კომპანია "ART FACES" პრეზიდენტის ზვიად აბესაძის მიყვანა უბრძანა, სადაც ბიზნესმენი სცემეს. შემდეგ იგი უცნობ ტერიტორიაზე გადაიყვანეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ. კონფლიქტის მიზეზი არ ხმაურდება. "ახალაიას საქმეში ეს ერთადერთი ახალი ეპიზოდი არაა, ჩვენ მისი სხვა გმირობების შესახებაც გვაქვს ინფორმაცია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას საქმის წინასწარი მოსმენა გუშინ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეთა საპროტესტო აქციის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელშიც პრეზიდენტის პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ("ენმ") ლიდერებიც იღებდნენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერებით: "თავისუფლება პოლიპატიმრებს" და "თავისუფლება ქართველ გმირებს." "გმირად" "ენმ"-ს წევრები კონკრეტულად გიორგი კალანდაძეს მოიხსენებენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთ ქართულ საბრძოლო შენაერთს ხელმძღვანელობდა.
"კალანდაძე, შამათავა და ახალაია ვლადიმერ პუტინის და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოწინააღმდეგები ამ არგუმენტებს "სასაცილოს" უწოდებენ. "წარმოიდგინეთ, რომ ნიურბერგის პროცესის მსვლელობისას ვინმეს გერინგი და ჰესსე პოლიტპატიმრებად გამოეცხადებინა! ესენი არიან სადისტები და მანიაკები, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის აწამებდნენ!"-განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ასეა თუ ისე, ამ დროისთვის უკვე ნათელია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნების საქმე უშედეგოდ არ ჩაივლის. კერძოდ კი, ის გავლენას მოახდენს საქართველოს ნატოსთან დაახლოების საკითხზე: ალიანსის სამხედრო კომიტეტმა იმ სხდომის გადადება გადაწყვიტა, რომელიც ნოემბრის ბოლოს თბილისში უნდა გამართულიყო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აღიარებს, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება გიორგი კალანდაძის დაპატიმრებას უკავშირდება, თუმცა ოპონენტებს მოუწოდა ნუ მახდენენ სიტუაციის დრამატიზებას. მისი თქმით, ვიზიტი აუცილებლად შედგება მას შემდეგ, რაც ქართული გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება.
ამასთან ექსპერტები"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის" სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებას "ძალზე შემაშფოთებელ სიგნალად" აფასებენ. "საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი გადადებულიყო. მიღებული გადაწყვეტილება აფერხებს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და 2014 წლის სამიტისთვის (ქვეყნისთვის ალიანსში შესვლის კანდიდატის სტატუსის მინიჭების) შანსებს ამცირებს", - ნათქვამია საქართველოს რეფორმების ასოციაციის განცხადებაში.
ბმული=>>