პუბლიკაციაში საუბარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე, ქვეყანაში არსებულ წინაპირობებზე და გაკეთებულია დასკვნა, რომ პრინციპში, სააკაშვილის დაბრუნება სავსებით შესაძლებელია.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ამ რამდენიმე დღის წინათ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებულმა ჩანაწერმა - „მომავალ წელს საქართველოში შევხვდებითო“ - საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პრინციპში, მსგავს დაბრუნებებზე და გამოცხადებებზე მიხეილ სააკაშვილს ადრეც ბევრჯერ უთქვამს - „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“, „ჩვენ დავბრუნდებით ცხინვალში“ და ასე შემდეგ. ამიტომაც, ალბათ, მისი გამონათქვამი სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. მით უმეტეს, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სამშობლოში 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მეხუთე მზადდება - ზურაბ ჟვანიას უცნაურ სიკვდილთან დაკავშირებული სამხილების ფალსიფიცირების გამო.
მაგრამ ყველა, ვინც კი კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს და მისი ქცევის სტილს, ერთხმად ამტკიცებს, რომ იგი ტყუილუბრალოდ არაფერს არასდროს არ ამბობს და რომ მისი ვითომდა „სპონტანური“ და „ემოციური“ განცხადებები კარგად მოფიქრებულ-გათვლილია და კონკრეტულ მესიჯებს შეიცავს „მიზნობრივი აუდიტორიისთვის“.
ამ შემთხვევაში მის აუდიტორიას მოსახლეობის ის 20% წარმოადგენს, რომელიც თანმიმდევრულად აძლევს ხმას ექს-პრეზიდენტის პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, აგრეთვე „მოყოყმანე ელექტორატი“, რომელიც მზადაა გვერდით დაუდგეს ძლიერ და თავდაჯერებულ ლიდერს, თუ იგი მოწინააღმდეგეების დამარცხებას შეეცდება!
ქვეყნიდან ფაქტიური გაქცევის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის იანაუგურაციამდე, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდხანს არანაირ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. იგი თავის მტრებს და მხარდამჭერებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ თითქოსდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნაკლებად აინტერესებდა.
ასეთ ფონზე მიხეილ სააკაშვილი მედიასივრცეში მოულოდნელად ტრიუმფალურად დაბრუნდა, რასაც ხელი შეუწყო სამმა ფაქტორმა:
პირველი - საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. „ამერიკელმა განდეგილმა“ იგრძნო, რომ ნიუ-იორკში ყოფნით „ტანჯულ-წამებული“ და „დევნილი ოპოზიციონერის“ შარავანდედს ვერ შეიქმნიდა. არადა, სამშობლოში დეპორტაციისგან მას მხოლოდ ასეთი სახელი თუ იხსნიდა - ამერიკელებს არ სჭირდებათ ისეთი „ყოფილი პარტნიორი“, გნებავთ, დამსახურებული, რომელსაც „აქ, ახლა და ამ წუთში“ თამაში აღარ შეუძლია;
მეორე - დაიწყო უკრაინის მოვლენები, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გუნდი ვარსკვლავებად გადაიქცნენ. მათ მუდმივად იწვევენ ყველაზე გავლენიან და ფართო აუდიტორიის მქონე ტელეკომპანიების გადაცემებში, მათგან რჩევებს იღებენ, მათ თანამდებობებს სთავაზობენ მინისტრთა კაბინეტში, ანუ საქართველოშიც ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების რენომე მატულობს;
მესამე - მიხეილ სააკაშვილი გამხნევებულია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დასუსტებით, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლითა და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული მკვეთრი ანტისამთავრობო განცხადებებით გამოიხატა. ყოველივე ეს „ქართული ოცნების“ ფაქტიურ დაშლაზე მეტყველებს. შესაბამისად, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ამომრჩეველს მმართველ ძალაში დაწყებული მსგავსი შეხლა-შემოხლა არ მოსწონს. აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო კოალიციის რეიტინგი ეცემა, მიხეილ სააკაშვილი კი „დროებით ხელისუფლებადაკარგული ძლიერი ლიდერის“ იმიჯს ღებულობს.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ მიშიკოს ამდენი ხნით მოცდა არ შეუძლია. გარდა ამისა, არჩევნები ხომ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ვერ გააუქმებს, ეს მხოლოდ რევოლუციითაა შესაძლებელი. ამას წინათ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა მოურიდებლად განაცხადა: „დღევანდელი ხელისუფლების შეცვლას კლასიკური დემოკრატიული არჩევნებით ვერ შევძლებთო“. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში მხოლოდ მორიგი რევოლუციის შედეგად თუ დაბრუნდება, როცა პროკურორისა თუ მოსამართლის ყოველგვარი სამართლებრივი ვერდიქტები თავის აზრს კარგავენ.
ამრიგად, მიშიკო და მისი რაზმი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაშვებულ რაიმე მნიშვნელოვან შეცდომას, ან სოციალურ აფეთქებას ელოდებიან, რათა ებრაელთა უძველესი გამოთქმა „მალე ერთმანეთს იერუსალიმში შევხვდებით!“ ქართულად განახორციელონ („მალე ერთმანეთს თბილისში შევხვდებით!“) და ხელისუფლების დამხობის კონკრეტული გეგმის რეალიზება მოახდინონ. ალბათ, ეს იქნება „მშვიდობიანი და უსისხლო“, რადგან, „ქართული ოცნების“ მთავრობა, თუ საქმე „თბილისურ მაიდნამდე“ მივა, ძალის გამოყენებას ვერ გარისკავს და „მშვიდად წავა“ ხელისუფლებიდან.
ამგვარი სცენარის თავიდან აცილება მხოლოდ „წინმსწრები“ ნაბიჯით თუ შეიძლება - ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით. შემთხვევითი არაა, რომ ქართულ მასმედიაში ფართოდ განიხილავენ მის მიერ ვიწრო წრეში ნათქვამ რეპლიკას - თუ საქმეები ცუდად განვითარდება, იგი „ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს“.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 26 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.vestikavkaza.ru/analytics/Sostoitsya-li-vtoroe-prishestvie-Saakashvili.html