როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ , ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მაისს არ უნდა დაელოდოს და რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა მანამდე უნდა შედგეს.
"ჩვენ ისედაც 2 წელი დავკარგეთ. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი მედიის ხანდახან უცნაურ მოქმედებებს იმიტომ, რომ ქართულმა მედიამ იჩქარა და გამოაცხადა, რომ ბარაკ ობამამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებებზე რუსეთში ჩასვლაზე უარი თქვაო. ეს არის ტყუილი. ობამას უარი არ განუცხადებია, თეთრმა სახლმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ მიწვევა მიღებულია, ოღონდ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილს ზოგჯერ აწყობს, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს და რუსეთის იზოლაციის იმიჯი შექმნას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სცადოს.
"პირდაპირ გეტყვით, სამწუხაროდ, მე დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ვერ ვხედავ ლიდერს, რომელსაც შეუძლია, რუსეთის ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგი წარმართოს. როდესაც შენ რომელიმე სახელმწიფოსგან ნებართვები უნდა აიღო, თუ რა თქვა და რა არა, როდესაც ვინმეს ანგარიში უნდა ჩააბარო, ასევე როდესაც პრობლემების მოგვარებაზე კი არა, დასავლეთის რომელიმე ლიდერთან ქულების ჩაწერაზე ფიქრობ, არა მგონია, ასეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ასეთი ადამიანების და ძალების წარმოდგენა ეფექტური იყოს. თუმცა, მე მაინც მოვუწოდებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, სცადონ, იქნებ რამე გამოუვიდეთ. პირდაპირ ვამბობ, დანაშაულია ის, რომ აქამდე ეს შეხვედრა არ შედგა. პირველი, რასაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთებდა, რუსეთში ჩასვლა უნდა ყოფილიყო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, გახსოვთ, ჩემი პირველი ვიზიტი მოსკოვში იყო და სააკაშვილის პირველი ვიზიტიც მოსკოვში იყო. ეს იმიტომ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების თეთრი ფურცლიდან დაწყება მნიშვნელოვანი იყო. ამ ხელისუფლებას 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ამის შანსი ჰქონდა. ოღონდ შეშინებულმა, დამფრთხალმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაბედა და 2 წელი დაკარგა, რასაც მოჰყვა მავთულხლართები, აფხაზეთთან ხელშეკრულება, მოჰყვება ახლა ოსეთთან ხელშეკრულება. ეს არის მთლიანად "ქართული ოცნების" სინდისზე და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა - რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრა რომ შემდგარიყო, თუნდაც ის იმ წუთას ისტორიული შედეგებით არ დამთავრებულიყო, დღეს ეს რეალობა არ გვექნებოდა. ასე რომ, ეს ყველაფერი მთლიანად თავიდან ბოლომდე არის წინა და ამ ხელისუფლების სინდისზე. წინა ხელისუფლებისა - მისი მავნებლობის გამო და ამ ხელისუფლებისა - მისი უუნარობის გამო", - აღნიშნა ბურჯანაძემ.