ივერიონი / ჰოი, სანიკიძე, მინისტრი უნდა „გერქვას” შენ?!

ჰოი, სანიკიძე, მინისტრი უნდა „გერქვას” შენ?!

ტერმინი „კონსოლიდაცია“ ასე განიმარტება: „განმტკიცება, გაერთიანება, შემჭიდროება (პირთა, ორგანიზაციათა და სხვ.)“. გასული წლის დეკემბერში, როდესაც 2013 წელს გაწეულ მუშაობას აჯამებდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ  სანიკიძემ პირობა დადო, რომ 2014 წელი კონსოლიდაციის წელი იქნებოდა.

არადა, განათლების სისტემაში იმაზე მეტი დაქსაქსულობა, ქაოსი, არასდროს ყოფილა. მთავრობა და განათლების სფეროს მუშაკები, უპირველეს ყოვლისა კი მასწავლებლები არასდროს ყოფილან ისე დაშორიშორებულები, როგორც ახლა, სანიკიძის რეჟიმის პირობებში. განათლების სამინისტროს აპარტამენტებში და „ადგილ-ადგილ“ (რეგიონებში) დირექტივებით დაბარებულ პედაგოგებთან მონოლოგის რეჟიმში გამართული შეხვედრები  კი კონსოლიდაცია კი არა ...

სხვათა შორის. „ანგარიშგება“ ჩვენი  „ურთიერთშეხლიდან“ (ვგულისხმობ საჯარო ბიბლიოთეკაში ჩემსა და სანიკიძეს  შორის გამართულ კამათსა და დაპირისპირებას),   დაახლოებით ორ თვეში მოხდა. ესაა პერიოდი, როდესაც სანიკიძის დავალებით უკვე მიმდინარეობდა სადამსჯელო „ოპერაციები“ ჩემს მიმართ და ისახებოდა გეგმები სკოლიდან ჩემი გაშვებისა. აი, სწორედ ამ დროს  ეს ქალბატონი „კონსოლიდაციის“ პირობას იძლეოდა.როგორც ჩანს, ასე ესმის ქალბატონ სანიკიძეს კონსოლიდაციის არსი.

შარშან დადებული პირობა:

„ჩამოყალიბდება განათლების ერთიანი სტრატეგიული გეგმა, მოხდება მისი კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია“ (სანიკიძე).

რეალობაში ასეთი ერთიანი გეგმა არ არსებობს. სანიკიძის ტირაჟირებული „გეგმები“ კი არის რაღაც სტიქიური კომპილაციები, რომელიც „ერთიანი“ თუნდაც იმიტომ ვერ იქნება, რომ მას არ ეთანხმებიან არც პედაგოგები და არც მეცნიერები. „კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია“არის სრული ნონსენსი. მოგეხსენებათ, რომ ვერცერთმა ე.წ. „ სანიკიძისტურმა ხედვამ“, მათ შორის პედაგოგთა „სქემიზაციამ“ ზოგადი განათლების კანონთან ჰარმონია ვერ ჰპოვა, დეტალურად ვერ აისახა კანონში და პარლამენტისგან მთავრობას აქვს „გადაგდებული“

„დაიწყება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის იმპლემენტაცია“ (სანიკიძე)

იმედია, მკითხველი არ მიწყენს და „იმპლემენტაცია“საც განვმარტავ:  „საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება“ . თუ ეს ფრაზა პირდაპირ სანიკიძეს ეკუთვნის აშკარაა, მისი მორიგი უვიცობა.  სად  „სქემა“ და სად  საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა? 

თუმცა, უვიცობასთანაც რომ არ გვქონდეს საქმე და სქემის ამოქმედებაც დიდ სიხარულს უკავშირდებოდეს, ფაქტია, რომ სანიკიძის დადებული პირობა ვერ შესრულდა და სქემა ვერ ამოქმედდა, ანუ, ვერ იმპლემენტირდა.

ეს გახლდათ  ამონარიდი შარშან დეკებერში სანიკიძის მიერ გაკეთებული ტრადიციული „წლიური“ ანგარიშიდან და მის მიერ დადებული პირობებიდან.

ახლა გადავხედოთ  „რა გვითხრა და რით გაგვახარა“ სანიკიძემ, უკვე ამჟამად, როდესაც 2014 წელს „გაწეული მუშაობა“ შეაჯამა, შემდეგ კი ამ თემაზე news.edu.aris.ge-ს (22.12.2014 წ.) საც ესაუბრა. რასაკვირველია, მას არაფერი უთქვამს თავისთვისა   და თავისი უწყების მაღალ თუ დაბალჩინოსნებისთვის უხვად დარიგებულ და 2015-ისთვის დასარიგებელ ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე და მათ „ექვივალენტურ სამუშაოებზე“. ალბათ, იფიქრა - ამაზე ხომ ფერაძეც ლაპარაკობსო!..

იმდენი გავაკეთეთ და ისეთი წინსვლები გვაქვს, „რომელიმე ერთის გამოყოფა ძნელია“-ო, ამბობს სანიკიძე.  და „ამ მასშტაბის სამუშაოების“ ჩამოთვლა, არცთუ იოლია.  რომელი ერთით დაიწყოს? რა ქნას, ქალმა?

ჰოი, სირცხვილო, თამარ სანიკიძე უნდა გერქვას შენ!

და მაინც, თურმე ყოფილა ისეთი „გაკეთებული საქმეც“, რომელიც თავისი მნიშვნელობით, თვალშისაცემია:

მეშემიძლია გითხრათ რა იყო მნიშვნელოვანი ზოგადი განათლების ნაწილში“ (სანიკიძე). ძლივს რაღაც შეუძლია გვითხრას! არსებობს ისეთი „ზემნიშვნელოვანი“, რომ  მისი გამოტოვება როგორ შეიძლება?.. იცით, მაინც, რა არის ასეთი? რა თქმა უნდა, არ იცით და თუ ისევ ციტატა არ მოვიყვანე, ამას ვერც გამოიცნობთ. არც მეტი და არც ნაკლები, მნიშვნელოვანი, რაც სანიკიძეს შეუძლია გვითხრას, არის: „სწავლების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული ქმდებები“(სანიკიძე).

აი, სანიკიძის ერთწლიანი ღვწის მნიშვნელობით პირველი შედეგი.   კიდევ კარგი სანიკიძე მოევლინა ამ ქვეყანას, თორემ რა ეშველებოდა „სწავლებაზე“ ხელმიუწვდომელ ხალხს?!

ახლა ირონიის გარეშე: ნეტავ, რა იგულისხმა „სწავლებაში“? ინფორმაციის ავტორი შეცდა, ინტერვიუერი, თუ ორივე? თუ შეცდომა არაა, მაშინ, „სწავლების ხელმისაწვდომობა“. ისევ და ისევ მინისტრის მორიგი უვიცობის დადასტურებაა, რომელიც ვერა და ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან “სწავლასა“  და “სწავლებას.  ასეთი უვიცობა ლამის მოსწავლეს არ ეპატიოს, და შეხედეთ ერთი, თვით განათლების მინისტრი „სცბის“ ასე საგანგაშოდ.

ჰოი, უვიცობავ, თამარ სანიკიძე უნდა გერქვას შენ!

შემდეგი მიღწევა გახლავთ: „სისტემის დეპოლიტიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რამაც რეალურად ამოასუნთქა პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაცია. დღეს ისინი ნორმალურად ასრულებენ სასწავლო პროცესს. მანდატურის სამსახური დაკავებულია იმ ფუნქციებით, რითაც მაშინ  ყოფილიყო დაკავებული - უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სკოლებში“ (სანიკიძე)

ვერ გეტყვით, რა ნაბიჯი გადაიდგა „სისტემის დეპოლიტიზაციის კუთხით“, მაგრამ სისტემის ავტორიტარიზაციისა და ცენტრალიზაციის კუთხით, არათუ საგრძნობი ნაბიჯები გადაიდგა, არამედ,  ნახტომები რომ გაკეთდა, ეს უდავოდ სანიკიძის „მიღწევაა“.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ აარიდა თავი სანიკიძემ საჯარო სკოლების დირექტორთა ნეპოტისტური გზით შესარჩევ თემაზე საუბარს. ეს თემა „რომელი ერთი“-ს კატეგორიაში მოხვდა. სამაგიეროდ შედეგი მივიღეთ: თუ ადრე მასწავლებელი სუნთქვაშეკრული იყო, ახლა მან თავისუფლად ამოისუნთქა. აი, რაც შეეხება, იმას, გააგრძელებს თუ არა მასწავლებელი სუნთქვას და მარტო „ამოსუნთქვით“, ან „ხვრინვით“ დამთავრდება თუ არა ყველაფერი, ამაზე სანიკიძე არაფერს ამბობს.

 ამას თქმა არც უნდა - სანიკიძის  ქმედითი კურსით უნდა მივხვდეთ და უნდა აღვფრთოვანდეთ იმით, რომ ადმინისტრაცია და მასწავლებელი „ნორმალურად ასრულებენ სასწავლო პროცესს“.  უმადურობას რა ვუთხარი, თორემ, მეტი რა გინდათ: მასწავლებელი „ასრულებს“ სასწავლო პროცესს, ადმინისტრაცია „ასრულებს“ სასწავლო პროცესს. რაღა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მიხვდა რას ნიშნავს ეს წინადადებები, მაგრამ საქმეც ისაა, რომ დემაგოგიას და ფარისევლობას აზრის ბუნდოვანება აკეთილშობილებს.

ჰოი,დემაგოგიავ, თამარ სანიკიძე უნდა გერქვას შენ!

შემდეგ სანიკიძის საუბარში შეერთებულია უვიცობა, უსირცხვილობა და დემაგოგია როდესაც ის აანალიზებს მთავრობის „მხარდაჭერას“ სამინისტროსადმი.

ის ამბობს: „პირველ რიგში მათი (ანუ მთავრობის) თანადგომა გაიმოიხატება იმაში, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის მზარდი. სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 2013წელს, გაიზარდა 2014 წელსაცდა 2015 წელსაც ბიუჯეტი არის მზარდი. ეს არის ყველაზე დიდი თანადგომა“ (სანიკიძე).

რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად თანადგომა არის, ორონდ  „სანიკიძისა“ და მისი მომხვეჭელი ბიუროკრატიისადმი; რა თქმა უნდა, მადლიერნი უნდა იყვნენ, რომ მთავრობამ პასუხი არ მოსთხოვა „კანონით განმტკიცებულ“ მფლანგველობაში; რა თქმა უნდა ხოტბა არ უნდა დაიზარონ, რომ 2015 წლის ბიუჯეტშიცაა გათვალისწინებული სანიკიძის მომსახურე პერსონალიის სიხარბის მასშტაბები და შესაბამისი იქნება დაფინანსებაც, მაგრამ, ამით განათლების მთლიან სისტემას რა? ან: კონკრეტულად პედაგოგს რა?

როგორ თუ რა? რა და ახლავე მოგახსენებთ, რას ბრძანებს მინისტრი:

„როგორც იცით, გაზრდილი ბიუჯეტით ვგეგმავთ პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებას“ (სანიკიძე).

თან, „როგორც ვიცით“ არა? ეს „გაზრდილი“ ბიუჯეტი, თითქოსდა, მხოლოდ პედაგოგთა ხელფასების ზრდას უნდა მოხმარდეს. არადა, ყველამ თუ არა, ბევრმა და განსაკუთრებით პედაგოგმა მართლაც იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს სანიკიძისეული „სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება“.

აბა, ვიღას ატყუებს ეს ადამიანი? პრემიერს? მედიას? რიგით ადამიანებს?  არა, მათაც ძალიან კარგად იციან, რომ  50, 100, 150 ლარით  ლარით ზრდა  სულაც არაა სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, რომ ეს უბრალოდ,  „წამატებაა“. მაშინ,  რა გამოდის, თუ  ჩვენ, პედაგოგები, მთელი ძალით და ხმით თუ არა, ერთი-ორი კაცის პირით ხომ მაინც ხმისჩახლეჩამდე გავიძახით: „ბატონებოოოო, ეს არაააა ხელფასის მატებაააა, არააა!! „სანიკიძე კი ჯიქივით მაინც ცრუობს და ცრუობს? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ის გამოდის, რომ რომ სიუცრუე სანიკიძის მორიგი ავი ზნეა და მეტი არაფერი.

კიდევ რაში სჭირდება სანიკიძეს „გაზრდილი ბიუჯეტი“, რას მოახმარს მას? რას და: „მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების გაღებას...“(სანიკიძე)  მის შემდეგ კი  შეკითხვას პასუხობს „სქემის“ თაობაზე:

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესი გავამარტივოთ. საკმაოდ ლოგიკური და ნორმალური რეკომენდაციები წამოვიდა თავად პედაგოგების მხრიდან. ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასათვალიწინებელია პრაქტიკაში ეს რჩევები, რადგან, მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის საჭირო. მინდა, რომ მინიმუმამდე დავიყვანო მრავალრიცხოვანი საქაღალდე ოპერაციების შესრულება. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოდ დაინერგება შეფასებისის კომპონენტი, რომელიც ძალიან აკლდა სკოლას...“ (სანიკიძე).

 ვთქვი, თუ არა სიცრუე, უბრალოდ სანიკიძის ზნე და თვისება არის მეთქი? კი და ეს ფაქტებიც მოვაყოლე. ფაქტები კი არა,  სიცრუის პიკი! ნეტავ რომელი პროცესის გამარტივებაზეა საუბარი, ან.  რომელ ჩართულობას, რეკომენდაციებს და რჩევებს გულისხმობს სანიკიძე? ამდენი ხანია იმას ვედავებით და იმაზე ვებრძვით, პედაგოგთა ინტერესების გაუთვალისწინებლად რატომ შეიმუშავეთ „სქემა“ და რატომ ცდილობთ მის დაკანონებასო და ეს ქალბატონი კი ლამის გვეუბნება,  ვენაცვალე პედაგოგებს, აბა, მაგათ თუ არ დავუჯერებ, ისე რა გამოგვივაო.

სანიკიძე ისე ლაპარაკობს, საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებს, მინისტრიც ამას ქვია, რა შეხმატკბილებულია მასწავლებლებთან, როგორი კომუნიკაბელური, როგორი წინდახედულიო. თუმცა,  მადლობა ღმერთს, საზოგადოებაში არც ისე ბევრია თუნდაც იმგვარ „ჩაუხედავთა“ რიცხვი,  პირველივე შემთხვევაში არ იკითხოს - ნეტავ ამ ქალს მინისტრად რა უნდაო...



დავით ფერაძე,

პედაგოგი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი

30-12-2014, 10:32
უკან დაბრუნება