ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე: "არ გამიკვირდება, დავით უსუფაშვილი სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნილადაც თუ გამოაცხადებს"

ნიკოლოზ მჟავანაძე: "არ გამიკვირდება, დავით უსუფაშვილი სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნილადაც თუ გამოაცხადებს"

"უსუფაშვილს თუ ასე სურს სააკაშვილის წარმატებები,  ის და მისი გუნდი კოალიციიდან უნდა გავიდნენ. ისე, სულ არ გამიკვირდება, დავით უსუფაშვილი სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნილადაც თუ გამოაცხადებს უახლოეს პერიოდში..." - განცხადება ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჟავანაძემ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის საახალწლო მილოცვის საპასუხდ გააკეთა.
"დავით უსუფაშვილმა მშვენივრად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში  საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულ ყოფილი პრეზიდენტისთვის ახალი წლის ღია მილოცვას. მიუხედავად ამისა, მან ეს დემონსტრაციულად გააკეთა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამნაშავე რეჟიმის ლიდერთან დაახლოებისკენ.

თუკი აქამდე ჩვენ "რესპუბლიკელი" ძმები ბერძენიშვილებისგან შეჩვეულნი ვიყავით პოლიტიკურ ფლირტს მიხეილ სააკაშვილთან და  მათი განცხადებებიც ყველას კარგად გვახსოვს, ამის შემდეგ უსუფაშვილის ეს ჟესტი არავისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.

"თუ სააკაშვილს დავიჭერთ, დემოკრატიის მეოთხე კლასიდან პირველ კლასში გადმოგვიყვანენ"; რომ მათ აპატიეს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ჩვენც უნდა ვაპატიოთ რადგან ეს უმჯობესია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის", - ამბობდა ლევან ბერძენიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ,  ფაქტობრივად, ყველა ბარიერი მოხსნა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულ ყოფილ  პრეზიდენტთან. ეს არის ღია დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან და კოალიციასთან,  როცა მთელი მსოფლიოს  გასაგონად მთავრობის ხელძღვანელი აცხადებს, რომ ისინი აპირებენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას და მის დაპატიმრებას, ამ დროს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, როცა მას წარმატებებს უსურვებ და შობა-ახალ წელს ულოცავ.
სულ არ გამიკვირდება, დავით უსუფაშვილი სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნილადაც თუ გამოაცხადებს უახლოეს პერიოდში. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში დიქტატორ და დამნაშავე  ყოფილ პრეზიდენტებს  მისალოც წერილებს და დითირამბებს  არ უგზავნიან.

ეს იყო სულში ჩაფურთხება იმ ხალხისთვის, ვინც კოალიცია ხელისუფლებაში იმ პირობით მოიყვანა, რომ სააკაშვილი გასამართლდებოდა. შეიძლება, მათ  ეს ჟესტი რაღაც ადამიანური გრძნობების გამოხატულებად შეაფასონ, მაგრამ ასეთი რამ პოლიტიკაში და დიპლომატიაში არ ხდება.


0,1-პროცენტიანი რეიტინგის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს  მოვუწოდებთ, რომ თუ მას ასე უნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ბედნიერება და მასთან ერთად ყოფნა, მაშინ საერთოდ გაემიჯნოს თავად იმ ძალას, რომელსაც ქართველი ხალხისთვის სააკაშვილთან დაკავშირებით სულ სხვა დაპირებები აქვს მიცემული. რის  შემდეგაც კი  მას უფლება აქვს, ახალ წელს,  თუ სურს, სააკაშვილთან  ერთადაც შეხვდეს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

30-12-2014, 13:00
უკან დაბრუნება