ივერიონი / ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ

ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ

   2 იანვარი საქართველოში ბედობის დღედ ითვლება. 

   ეს დღე მნიშვნელოვან დღედ ითვლებოდა თითოეული ქართველისთვის, რადგან მიაჩნდათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებოდნენ და გაატარებდნენ,  მთელი წელი იმისდა მიხედვით ჩაივლიდა.ძველ დროში იგი მომავალი განწყობისა და ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

   დიდ უბედურებად ითვლებოდა, თუ ამ დღეს იჩხუბებდით, რადგან მიაჩნდათ, რომ მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაებედებოდათ. ბედობის დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, "კაიფეხის" ადამიანს. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა "კაიფეხის" პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული "მფერხავი"  მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

   ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, მაგრამ ისე მძაფრად აღარ აღიქვამენ მას, როგორც საუკუნეების წინ. ამ დღესასწაულს აქტუალობა დღესაც  არ დაუკარგავს, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმებით აღნიშნავენ.

   საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება  - ახალი და ძველი სტილით, ასევე ბედობაც ორჯერ - 2 იანვარსა და 15 იანვარს აღინიშნება.

 

 

2-01-2015, 00:16
უკან დაბრუნება