ივერიონი / ირაკლი ღლონტი:-"ისტორიაში არ არსებობს მუდმივი მტრობა და მუდმივი მეგობრობა, დინამიკაში კი ყველაფერი ცვალებადია"

ირაკლი ღლონტი:-"ისტორიაში არ არსებობს მუდმივი მტრობა და მუდმივი მეგობრობა, დინამიკაში კი ყველაფერი ცვალებადია"

 

   პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

 

   "ბოლო დღეების განმავლობაში მთიან ყარაბაღში კვლავ სიტუაციის ესკალაცია შეინიშნება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრონტო ზონაში ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ კი, აზერბაიჯანის ორ მოქალაქეს - დილჰამ ასკეროვსა და შაჰბაზ გულიევს მიუსაჯეს საკმაოდ მძიმე სასჯელი -  ერთ-ერთი დაპატიმრებული მოქალაქის მიმართ გამოყენებულ იქნა სასჯელის უმკაცრესი ზომა - თავისუფლების უვადოდ აღკვეთა, მეორეს კი 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის ბატონი ალი ბაბაევის მიერ გამართული პრესკონფერენციის გზით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეების დაკავების მიზეზი მათი მშობლების საფლავების მონახულების მიზნით მთიან ყარაბაღში  გადასვლა გახდა.

  მინდა შევუერთდე ჩემი მეგობრის, ბ-ნი ალის თხოვნას და მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონულ სახელმწიფოებს, კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთონ.

  საქართველო ოდითგანვე კავკასიელი ერების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითი იყო და იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც შენარჩუნდება - დღევანდელ მსოფლიოსა და ერებს საყოველთაო მშვიდობა განსაკუთრებით სჭირდებათ. მინდა ასევე, ორ მეზობელ ერს მივმართო, რომ ისტორიაში არ არსებობს მუდმივი მტრობა და მუდმივი მეგობრობა, დინამიკაში კი ყველაფერი ცვალებადია. ვისურვებდი, რომ 2015 წელი ყოფილიყოს ქვეყნებს შორის არსებული მწვავე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების წელი !"

 

3-01-2015, 22:13
უკან დაბრუნება