ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი:-"დღეს, როგორც არასდროს საფრთხეშია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი"

გიორგი ტიგინაშვილი:-"დღეს, როგორც არასდროს საფრთხეშია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი"

   ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, ყველას გულითადი სითბოთი და ძმური სიყვარულით გილოცავთ შობა–ახალ წელს! "აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა, სიტბოებითა შენითა უფალო"!

    როგორც ვხედავთ, კიდევ ერთხელ შემოუბზრიალა დედამიწამ მზეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კალენდარული სიახლე ჩვენს ირგვლივ!

    აწმყოდან დანახული ყოველი წამი,წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე და წელიწადი ახალია. ყოველივე ეს დროება ღვთისაგან მომადლებული საბოძვარია და არა მხოლოდ პირველი იანვარის, არამედ განვლილი ჟამის ნებისმიერი მონაკვეთისათვის უნდა ვმადლობდეთ უზენაეს განგებას – უფალს, რომელმაც მოგვიწოდა არა ამასოფლისეული სულისკვეთებით გაჯერებული განცხრომისა და სიამეებისაკენ, არამედ მარადიული ცხოვრებისაკენ, სადაც ნამდვილი სიხარული, თავისუფლება და სასუფევლისეული ნეტარებაა.

    ფატალიზმში ნუ ჩამომართმევთ და ჩვენ ვცხოვრობთ ჰედონიზმის ეპოქაში, როცა სიამოვნება და პირუტყვიზმი ადამიანთა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. დღეს, როგორც არასდროს საფრთხეშია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი. ეს არის აპოკალიპტური ხანა, როცა იდეოლოგიზირებული დაკანონიერია ქრისტიანული ფასეულობების დაცინვა და გაშარჟება, როგორც თეატრალიზებული პასკვილებით, ისე საკანონმდებლო ინიციატივებით. ეს არის სიყალბის საუკუნე, სადაც სამყაროს ცენტრი კუჭი და ქვედამზიდველი ინსტინქტებია და არა ცოცხალი თუ პიროვნული ღმერთი და მორალური სიწმინდე. ასეთი იყო წუთისოფელი მუდამ და ამიტომაც თქვა მაცხოვარმა, რომ "ჩვენ არაამსოფლისაგანნი ვართ", რომ "მისი მეუფება ზეცაშია", რაც სულიერი დიაპაზონის სივიწროვეში გაჭედილი ადამიანისათის გაუაზრებელ ფენომენს წარმოადგენს. 

    ნახეთ რა დაუბარა ქრისტემ ყოველ ადამიანს: "ეგრეთ ბრწყინავდნინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა,რათა იხილონ საქმენი თქუენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა", ე.ი. ყველა ნათელღებულ ქრისტიანს გვეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რათა ვიყოთ კეთილი მაგალითის მიმცემნი, რაც დიდწილად განსაზღვრავს საზოგადოებაში ხალხის უფლისადმი განწყობის სიჯანსაღეს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ნაწილობრივ ჩვენს მოშურნეობაზეა დამოკდიებული მოყვასის რწმენაში განმტკიცების ან დაბრკოლების საქმე.

     ქართულ სინამდვილეში, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნის სიგრძეზე, ათეისტური მსოფლმხედველობის გამო დამკვიდრდა ახალი წლის წარმართული წესით, გაკერპებამდე აყვანილი ზეიმით, ალიაქოთით, აურზაურითა და მემთვრალეობით აღნიშვნა, მაშინ როცა ქრისტიანული სამყარო მარხვისა და განსაკუთრებული ლოცვის პერიოდშია, რომლის მიხედვითაც ვნებათა ალაგმვის პროცესი თითოეული მორწმუნისათვის დამახასიათებელია, რამეთუ ის ამ დაუცხრომელ მარათონში ზეაღმავალი კალმახივით მიაპობს მატერიალისტურ ჩანჩქერს.

    ამ ფონზე, დასანანია, როცა მორწმუნე საზოგადოების უმრავლესობაც, მართალია არ ეწაფება პურინებითა და რძისნაწარმით მდიდარ საკვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ივიწყებს ღმერთს, ეტანება ალკოჰოლს, ებმება უჯერო ლაზღანდარობაში, ბომბებს უშენს და ესვრის ზეცას და ხდება საყოველთაო უზნეობის თანამონაწილე, რითაც 33 დღის ნამარხულევს ფაქტობრივად წყალში ჰყრის და სცილდება შობის დღესასწაულის დიდებულ მისტერიას.

     ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი კი ორ ბატონს უტიფრად ემსახურება და იმდენად გათქვეფილია ამქვეყნიურ ორომტრიალში, რომ თვით ისეთ სიცრუეს, უგუნურებასა და პრიმიტივიზმს მისდევს, როგორიცაა ასტროლოგია და ჰოროსკოპი, რომლის დოქტრინებსა და წარმოშობას, შინაარსა და ტყუილზე აგებულ დემონურ საფუძვლებს არც კი იცნობს და გაბრიყვებულს ჰგონია, რომ მაგალითად, თუ ცხენის ნალს ჩამოიკიდებს, ან ჟოკეის ჩექმებით გაივლის, ანდაც ცხვრის მატყლს ოჯახში მიმოფანტავს და თხის სათამაშო ფიგურებს დააწყობს, მაშინ კურთხეული წელიწადი ექნება. ეს არის ადამიანის დაცემისა და გადაგვარების ერთ–ერთი ფორმა, ფსიქო–სულიერი დეგრადაცია, უცოდინრობა და მატრაკვეცობა, რაც უბრალოდ, როგორც მინიმუმ – სირცხვილია! 

     ჩვენ, მორწმუნენი თუ ურწმუნონი, ხმობილნი ვარეთ სულიწმინდის ტაძრად. თითოეულს გვევალება, რომ შევიმოსოთ მადლი, დავფიქრდეთ სიცოცხლის საზრისზე და გავთავისუფლდეთ თვითგანდიდებისა თუ ეგოიზმისაგან. მონდომებით გავიღრმავოთ რწმენა, გული გონიერი, სიმდაბლე, იმედი დასულგრძელება. ხოლო ყოველივე სათნოებას კი სარჩულად დავუდოთ უანგარო სიყვარული. გვახსოვდეს: სიყვარულმა ღმერთი ადამიანად აქცია, ხოლო ადამიანს კი ღმერთად აქცევს მადლის მიერ.

     ჯანსაღი მომავალისა და ჭეშმარიტი ბედნიერების აშენებას სჭირდება ორი რამ: წარსული შეცდომების მონანიება და ნებისმიერი მოვლენისათვის მადლიერება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხვედრი – ჩვენი ჯვარია იგივე და ის ჩვენ გვეკუთვნის, სწორედ მასშია გასაღები ცხონებისა, თუკი თუნდაც ფორთხვით, მაგრამ უდრტვინველად ავუყვებით გოლგოთას, რამეთუ ყოველი მორწმუნე თავად ქრისტეს უნდა ემსგავსოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთის გაადამიანურების გზა ტკივილიანი იყო, ასევე ადამიანის განღმრთობის გზაც ეკლიანია, მაგრამ გადამრჩენელია და საბოლოოდ სასიხარულო – ("იყვნეთ თქვენ ყოველთაგან მოძულებულ სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმანდაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს").

     შევთხოვ ყოველი ჩვენგანის გამოხსნისათვის ჯვარცმულ უფალს, (რომელიც მოვა მეორედ, რათა საბოლოოდ დაგვდოს მსჯავრი) რომ მოგვცეს სიბრძნე, სულიერი სიფხიზლე, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, საკუთარ თავზე გამარჯვების ძალა და სხვისადმი თანალმობა. ამინ!

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

 

3-01-2015, 22:46
უკან დაბრუნება