"აგრესიულმა დამოკიდებულებამ იმატა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საერთო მდგომარეობა" -განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" გააკეთა.
"რთული პრობლემები დგას კაცობრობის, ჩვენს წინაშე. ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები. მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ მომავალს. მამაკაცებს რატომ უჩნდება აგრესია?! ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს, მეუღლე და შვილი თავისას ითხოვენ. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის.
მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევ მივდივართ აღზრდაზე, როგორ ვზრდით შვილს, როგორი დამოკიდებულებაა შვილებსა და მშობლებს შორის. გარემოსაც აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ესეც უარყოფითად მოქმდებს.
მიწის დამუშავება მე ვფიქრობ შემოსავლის მიზნითაც კარგია და ამავე დროს მიწა მკურნალია ადამიანის. თვითონ ადამიანი მიწისაგანაა შექმნილი, მიწა არის ჩვენი ნაწილი და ჩვენ ვართ მისი ნაწილი", - ბრძანა პატრიარქმა.