ივერიონი / "მწვანე მუშტი" აქციებს თბილისში გააგრძელებს

"მწვანე მუშტი" აქციებს თბილისში გააგრძელებს

   კომპანია RMG Gold-ს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა, რასაც სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აქციებს თბილისში გააგრძელებენ, რათა თავიდან აიცილონ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება.

 

ცნობისთვის: "2014 წლის 29 დეკემბერს, შპს "RMG Gold"-მა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. 

 

   წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ სალიცენზიო ფართობის ერთ-ერთ ობიექტზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. "საყდრისი-ყაჩაღიანის" საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ითხოვა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ ტერიტორიის კოორდინატების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის N 2/271 ბრძანებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის N 03/266 ბრძანების მიხედვით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შპს ღMG Gოლდ -ის, მიერ განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის აღება. 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ზემოაღნიშნულ ტერიტორიას უკვე მოხსნილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო არქეოლოგიური ობიექტი აღებულია (დაშლილია), ხოლო მეორეს მხრივ, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ("ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 61 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე) მიმართა საქართველოს მთავრობას შპს ღMG Gოლდ-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ზემოაღნიშნულ კოორდინატებში 5 წლით გაუგრძელდა",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

   კომპანიის იურისტები ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრებიან.

 

7-01-2015, 15:33
უკან დაბრუნება