ივერიონი / რაზე მოგვითხრობს „მანდარინები“?!

რაზე მოგვითხრობს „მანდარინები“?!

სტივენ ეშტონი, კინოკრიტიკოსი
(შემოკლებით)
კინოფილმი „მანდარინები“ ოსკარის პრემიაზე ესტონეთმა წარადგინა, თუმცა, იგი ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო. ფილმში გადმოცემულია საქართველოში მცხოვრები ორი მშვიდობიანი ესტონელის ისტორია აფხაზეთში (საქართველოს რეგიონში) მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.


1992 წელი. შავიზღვისპირა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა დიდი ხანი არაა, რაც მოიპოვა, ამბოხებულ აფხაზ სეპარატისტებთან სამოქალაქო ომის ცეცხლშია გახვეული. რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ეროვნებით ესტონელი ფერმერი მარგუსი, რომელსაც მანდარინების ბაღი აქვს და ივო, რომელიც დურგალია და მანდარინებისთვის ხის ყუთებს ამზადებს. ისინი უკანასკნელი არიან იმ ესტონელთა შთამომავლებს შორის, რომლებიც აფხაზეთში 1880-იან წლებში იყვნენ მიგრირებულნი. 1992 წლისთვის უკვე ყველა ესტონეთში დაბრუნდა, აფხაზეთიდან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით, მაგნუსი და ივო კი დროებით მშობლიურ სოფელში დარჩნენ. ერთ დღეს ივოს სახლის ეზოსთან აფხაზებს და ქართველებს შორის სროლა ატყდა, ცოცხლად გადარჩა ორი დაჭრილი - აფხაზების მიერ დაქირავებული ჩეჩენი „ბოევიკი“ აჰმედი და ქართველი ჯარისკაცი ნიკა. რადგანაც ნიკამ აჰმედის მეგობარი მოკლა, აჰმედი მზადაა ნიკას გაუსწორდეს, თავის მხრივ, ნიკაც შეუბრალებელია მოწინააღმდეგის მიმართ...


ორივე დაჭრილი ივომ თავის სახლში მიიყვანა და პირობა ჩამოართვა: სანამ ისინი ესტონელის სახლის ჭერქვეშ იმყოფებიან, ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ...


ფილმი აფხაზეთთან ახლოს, საქართველოს გურიის რეგიონშია გადაღებული, თავისი ხასიათით პაციფისტურია და პასუხობს კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და რას ნიშნავს ადამიანური ურთიერთობები რთულ სიტუაციაში.


რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ინტერვიუ ელფოსტის მეშვეობით ჩამოვართვით:
«The Desert Sun»: ძალიან ძლიერი ფილმია! როგორი გავლენა მოახდინა თქვენზე როგორც ქართველზე, აფხაზეთის კონფლიქტმა?
ზაზა ურუშაძე: აფხაზეთის კონფლიქტი ყოველი ქართველისთვის მტკივნეული თემაა. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მთელი ჩვენი ისტორია თითქმის მთლიანად დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნისა ბოლოსა და ოცდამეერთეს დასაწყისში ჩვენს წინაშე ეს პრობლემა კვლავ დგას... აფხაზეთის სისხლიანმა კონფლიქტმა ბევრი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზის, ბევრი ჩემი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა. საკუთარი სახლი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიატოვა და ლტოლვილად იქცა... აფხაზეთი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ის დღეს ჩვენგან დაშორებულია, ჩვენივე დიდი მეზობლის - რუსეთის ჩარევის გამო.


    «The Desert Sun»: თქვენი ფილმის პერსონაჟთაგან ყველას უნიკალური სახე აქვს და თავის როლს კარგად ასრულებენ. როგორი იყო გმირთა სახეების ჩამოყალიბების პროცესი?
ზაზა ურუშაძე: მე მთავარი გმირის - ივოს სახის საფუძვლად ბაბუაჩემის ხასიათი ავიღე, რომელიც პატივს სცემდა ზუსტად იგივე ადამიანურ ფასეულობებს. ნიკას - ქართველი მოხალისე ჯარისკაცის სახეც რეალური ცხოვრებიდანაა აღებული: აფხაზეთში ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობები და მხატვრები წავიდნენ საომრად და... დასაღუპად. რაც შეეხება დაქირავებულ მებრძოლ აჰმედს, მისი ხასიათი მე თვითონ ხელოვნურად შევქმენი, რაც ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო: აჰმედის ტრანსფორმაციის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ცივსისხლიან მკვლელში ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძოს, ადამიანური ფასეულობები გაიზიაროს.


«The Desert Sun»: ივო თავისი ადამიანურობით სანიმუშო პერსონაჟია, მაგრამ მას დიდი „შრომა“ უხდება ორი „მტრის“ შესარიგებლად. ეს თქვენი ფილმისთვის ცენტრალური თემაა...
ზაზა ურუშაძე: დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ. ივომ თავისი ადამიანურობა ერთადერთი ღვიძლი შვილის დაღუპვის შემდეგაც შეინარჩუნა და სტაბილურ ხასიათს ამჟღვანებს რთულ სიტუაციებშიც. მას შენდობა და მიტევება შეუძლია, სიყვარული შეუძლია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგი მტრებს ერთმანეთს აჩვევს, ერთმანეთთან აახლოებს და აგრძნობინებს, რომ ისინი ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან არ განსხვავდებიან. ნიკა და აჰმედიც ხვდებიან, რომ იყო ადამიანი ეს ნიშნავს, რომ მიუტევო. განსაკუთრებით ეს ჩანს იმ კადრში, როცა აჰმედი გრძნობს, რომ ნიკას მოკვლა აღარ შეუძლია.


«The Desert Sun»: ქართული ფილმები განსაკუთრებული „ქართული იუმორით“ გამოირჩევიან. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენს ფილმშიც არის იუმორი?
ზაზა ურუშაძე: „მანდარინები“ ძალიან სერიოზული ფილმია ძალიან სერიოზულ თემაზე. ამის მიუხედავად, არის მომენტები, რომლებიც მაყურებლისთვის სასაცილოა. იუმორი არა მხოლოდ ქართული ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ საერთოდ, ქართველებისთვის... ქართველი უაღესად რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას.


«The Desert Sun»: თქვენ თუ შეიცვალეთ ამ ფილმის გადაღების დროს?
ზაზა ურუშაძე: „მადარინებმა“ ჩემზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე სხვა წინა ფილმებმა. იმდენად ვღელავ, რომ ახალი სცენარის დაწერაც კი მიჭირს...

«The Desert Sun» (აშშ, კალიფორნია), 06 იანვარი, 2015 წელი
http://www.desertsun.com/story/life/entertainment/movies/film-festival/2015/01/05/palm-springs-film-fest-tangerines/21303885/

8-01-2015, 10:33
უკან დაბრუნება