ერევანში ბოლო წლების განმავლობაში გავლენიანი "კანონიერი ქურდების" ყველაზე დიდი შეკრება გაიმართა. როგორც რუსული მედია წერს, სომხეთის ტერიტორიაზე შეხვედრის ჩატარება იმის გამო გადაწყდა, რომ მის ინიციატორს - კრიმინალურ ავტორიტეტ შაქრო კალაშოვს საქართველოში პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი. ამ "სხადნიაკს" რომან გოცირიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ერევანში ქურდების გრანდიოზული ყრილობა( "სხოდკა" ) შედგა. რუსეთშიაც კი ვერ გაბედეს მისი ჩატარება.
აი, თუნდაც ერთი მაგალითი, თუ რითი განსხვავდება საქართველო "ევრაზიის კავშიროსანი"სომხეთისაგან.
კიდევ ძალიან ბევრი რამით განვსხვავდებით. ოდნავი მოდუნება, თითო-ოროლა კომპრომისი და მერე ყველაფერი თავისით წავა.
მე მგონი, ეს უკვე ყველას ესმის.
ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთის ხელისუფლების რეპუტაციაზე და მთლიანად ქვეყნის იმიჯზე".
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე "ქურდული სამყაროსთვის" მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს: შაქრო კალაშოვის ინიციატივით, შეკრების მონაწილეებმა მხარი არ დაუჭირეს ქართველ ბადრი კოღუაშვილისთვის ("ბადრი") და გიორგი უგლავასთვის "კანონიერი ქურდის" "ტიტულის" ჩამორთმევას.
ამასთანავე, შესაბამისი "ტიტული" ჩამოართვეს ცნობილ აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტ როვშან ჯანიევს ("როვშან ლიანკარანსკი") და ჯემალ მიქელაძეს ("ჯემო").
შეკრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტარიელ ონიანის ("ტარო"), მერაბ ჯანგველაძისა ("მერაბ სუხუმსკი") და ასლან უსოიანის ("დედ ჰასანი") კლანებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება გახდა. როგორც მიიჩნევა, სწორედ ამ კონფლიქტს ემსხვერპლა უსოიანი და მისი მეგობარი ვიაჩესლავ ივანკოვი ("იაპონჩიკი").
კრიმინალური ავტორიტეტების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ჯანგველაძე და ონიანი მვკლელობის დამკვეთები არიან, ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯონ.