"პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს",- განცხადება ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
ხმალაძის თქმით, კანონში შესატანი ცვლილების კომიტეტებში განხილვა იანვარში დაიწყება.
"შარშან შევიდა კოდექსში ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამოხელეო დანაშაულის საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს ეხებოდა მოხელეებს, რომლებიც ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში არიან ჩამოთვლილნი. იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ახლახან შემოვიდა, ეს ნორმა უნდა გაუქმდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხელის დანაშაულს სასამართლო ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილავს.
ამ საკითხის საკომიტეტო მოსმენა იანვარში გაიმართება. თვითონ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ მე უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. რადგან ვთვლი, რომ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პროფესიონალმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, შეფასების გაკეთება განწყობის მიხედვით დაუშვებელია. ნაციფ მსაჯულებს იმის მიხედვით გამოაქვთ გადაწყვეტილება, თუ რომელი მხარე უფრო დამაჯერებელია, სპეციალისტი კი ხედავს, რა იყო ბრალდებისა თუ ბრალმდებლის გამოსვლის სიღრმეში.
ნაფიც მსაჯულთა მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი. ისინი არ უნდა იყვნენ რაიმე კავშირში ბრალდების ან ბრალდებულის მხარესთან. საქართველოში ცოტა მეტხანს რომ ილაპარაკონ ადამიანებმა, ერთმანეთის ნათესავები აღმოჩნდებიან",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.