შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებით, "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე" შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. დამტკიცებულ წესდებას დაემატა შესაბამისი დანართი, რომლითაც შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრა.
წესდების დანართის შრომის დისციპლინის დარღვევაა სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება. შრომის შინაგანაწესის დარღვევა. სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება. სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით და იერსახით გამოცხადება. სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას. სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით. სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა.
ასევე, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება. არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე დაგვიანება ან არგამოცხადება. თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე. სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა. სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება. არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა. აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება. შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ბეიჯის" ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.
საპატრულო პოლიციას ეკრძალება: საპატრულო მანქანიდან მოქალაქესთან საუბარი, დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვა მხედრული სალამის გარეშე მარეგულირებლის მიერ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა.