ივერიონი / ვის დაკრულზე ცეკვავს ვახტანგ ხმალაძე?!

ვის დაკრულზე ცეკვავს ვახტანგ ხმალაძე?!

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მაჟორიტარული საარჩევნო სიების გაუქმების მოთხოვნით გამოდის. მისი აზრით, ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.

ხმალაძე ვერ აკონკრეტებს, რატომ არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა „ყველაზე ცუდი საარჩევნო სისტემა“ და რატომ იძლევა „პოლიტიკური განწყობების სრულ ასახვას“ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემა?!

საკმაოდ უსუსურად გამოიყურება პარლამენტარის „არგუმენტი“, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფნის შემთხვევაში პროპორციული სისტემებით მიღებული 30 პროცენტი მაჟორიტარების ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობად იქცევა და ამის გამო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა თურმე უნდა გავაუქმოთ!

საინტერესოა, რატომ ავიწყდება ბატონ ვახტანგს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობას“ მაჟორიტარულმა სისტემამაც ვერ უშველა და სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში.

დაბეჯითებით ძნელია მტკიცება, თუ რა იმალება ხმალაძის ინიციატივის მიღმა, მაგრამ გარკვეული ვარაუდის გამოთქმა მაინც შეიძლება.

დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთ მოქმედ ხელისუფლებას არ უთქვამს უარი ადმინისტრაციული და პოლიციური რესურსების გამოყენებაზე და ამისგან არც მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება დაზღვეული. აქედან გამომდინარე, ხმალაძის ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ „რესპუბლიკელები“ (რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრია ვახტანგ ხმალაძე) მომავალ არჩევნებამდე დატოვებენ კოალიციას და ალასანია-„ნაციონალების“ შესაძლო ალიანსს შეუერთდებიან!

თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ბუნებრივია, მათ არ ენდომებათ „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარულ ოლქებში დარჩეს მანიპულირებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალება!

თუ ეს ვარაუდი მცდარია, მაშინ, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ უარს ამბობს პიროვნული (პროფესიული) ნიშნით პარლამენტის წევრის არჩევაზე, რაც კიდევ უფრო აკნინებს ზოგადად არჩევნების მნიშვნელობას.

თუ გადავხედავთ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, ადვილად დავრწმუნდებით იმაშიც, რომ საკმაოდ ბევრი შემთხვევითი ადამიანები მოხვედრილან საქართველოს პარლამენტში _ არც თუ ისე ცოტანი ყოფილან  (არიან დღესაც) ისეთებიც, რომლებთაც ერთხელაც არ უსარგებლიათ მაღალი საპარლამენტო ტრიბუნით და მხოლოდ ხმის მიცემის პულტებით სარგებლობაში გაუტარებიათ საპარლამენტო ვადა. მათი უმეტესობა სწორედ პროპორციული სისტემით „არჩეულები“ არიან!

ნებისმიერი არჩევნები ფარსია და იგი მხოლოდ ე.წ. პოლიტიკური ელიტის ინტერესებს ემსახურება (მითუმეტე, საქართველოსნაირ ქვეყანაში), მაგრამ გაცილებით უფრო დიდ ფარსთან გვაქვს საქმე, როცა ხმას ვაძლევთ არა პიროვნებას, არამედ, უსახო და უფერო პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომლის მიღმა მხოლოდ და მხოლოდ ყალბი ლოზუნგები და შეუსრულებელი დაპირებები იმალება... (ავიღოთ ნებისმიერი სახელისუფლებო პარტია, რომელთა რიგებში „წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი თითზე ჩამოსათველი თუ იქნება!).

აქედან გამომდინარე, ჩემზე რომ იყოს, პროპორციულ საარჩევნო სისტემას საერთოდ გავაუქმებდი და მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდოდი, სადაც მეტ-ნაკლები საშუალება გვეძლევა წარმოდგენა შევიქმნათ ჩვენს მომავალ „რჩეულზე“.

ასე რომ, ხმალაძის ინიციატივა ნამდვილად არ ჯდება სახელმწიფოს (საზოგადოების) ინტერესებში და უფრო შორსგამიზნულ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე.

საინტერესოა, ვის დაკრულზე ცეკვავს ხმალაძე?!

                                   საბა საბახტარაშვილი

9-01-2015, 11:27
უკან დაბრუნება