ივერიონი / სოსო ცინცაძე: ხელისუფლება ხმალაძის დაკრულზე არ იცეკვებს!

სოსო ცინცაძე: ხელისუფლება ხმალაძის დაკრულზე არ იცეკვებს!

  საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებას    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამოეხმაურა, "ივერიონი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

ბატონო სოსო,  საქართველოს პარლამენტის იურიდიული  კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ  განაცხადა, რომ აუცილებებლია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და ქვეყანა  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.  რა აუცილებლობითაა  განპირობებლი აღნიშნული ინიციატივა?


-ამ ინიციატივას რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები, აბსოლუტურად სწორი და დროული  განცხადებაა,  ვინაიდან,  საქართველო ჯერ  კიდევ არ არის მზად მაჟორიტარული სისტემისთვის.  ეს ამერიკა არ არის -  ამერიკაში მხოლოდ მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ იქ  მოსახლეობის პოლიტიკური დონე ძალიან მაღალია.
 საქართველოში  უკვე ვნახეთ მაჟორიტარები, რომლებმაც საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს. საერთოდ მაჟორიტარები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით  ფულს იხდიან და პარლამენტში ადგილს ყიდულობენ, იმიტომ,  რომ ეს ფული უკან ხალხისგან ამოიღონ. დღევანდელი მაჟორიტარების  100% ბიზნესმენია. ჩვენს ქვეყანაში  25 წელია ვუყურებთ ამ მაჟორიტარულ სისტემას და ვნახეთ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის. ესენი  არიან  უპრინციპო ხალხი, მიხეილ  სააკაშვილის მადლიერი ძაღლი იყოს. მაგრამ სააკაშვილის დროს მაჟორიტარ დეპუტატად მყოფები  უცებ ოცნების მომხრეები  გახდნენ. არ მესმის რაში სჭირდება ოცნებას ეს?
  ხვალ მოვა სხვა პარტია და  იქ გადახტებიან.  ასე იყო საქართველოს პარლამენტში და თბილისის საკრებულოშიც. ამიტომ  არამგონია ხელისუფლება ამაზე წავიდეს.  ნებისმიერ ხელისუფლებას  ასეთი უპრინციპო ადამიანები სჭირდება,  რომელთა ინტერესები ძირითადად ყოფითი ინტერესებია.
    ამიტომ, რაც ადრე გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და შემოვა ნორმალური  სისტემა, სადაც ფასეულობა და ღირებულება იქნება პარტიის ინტერესი,მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ   წინასწარ გეუბნებით: ხელისუფლება ამაზე არ წავა!
დიახ,  ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს ასეთი ხალხი, მათთვის მისაღებია  კოლექტიური შიხიაშვილები. მოვიდა ეს მთავრობა, უკრავენ ტაშს, მოვა სხვა  და ექნებათ იქ გადასვლის საშუალება, იმ მთავრობას დაუკრავენ ტაშს. ნებისმიერ მთავრობას აწყობს ტაშის დამკვრელები...   ამიტომ ხმალაძის განცხადება დარჩება ქვად მღაღადებლისა  უდაბნოსა შინა - ხელისუფლება  ხმალაძის დაკრულზე არ იცეკვებს!

 

-თქვენი აზრით, რა იმალება ვახტანგ ხმალაძის ინიციატივის მიღმა? ეს  ხომ არ ნიშნავს იმას, რომ  "რესპუბლიკელები"  პარტიიდან გასაქცევად ემზადებიან? 


  "რესპუბლიკელები" კი არ ემზადებიან, "რესპუბლიკელებმა" უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისინი თავიანთი პრინციპების გახმოვანებით არიან დაკავებულები.  წინასაარჩევნო წელია, მათ მშვენივრად იციან მასების განწყობილება მაჟორიტარების მიმართ  და დაიწყეს სამზადისი,  ეს სამზადისი  ჯერ კიდევ დაწყებული მაშინ იყო,  როცა   დავით უსუფაშვილი მივიდა ალასანიას ყრილობაზე , მმართველი პარტია და ოპოზიცია თუ თანამოაზრენი არიან - ან მმართველი პარტიაა ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, ან,პირიქით - ოპოზიციაა მმართველი პარტიის შემადგენელი ნაწილი.

 თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ინტერესებში შედის  მაჟორიტარული სისტემის გაუქმება?


  რასაკვირველია შედის. პერსონალურად არც ერთ მათგანს არა  აქვს მხარდაჭერის იმედი, როდესაც ალასანია ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ცხადდებოდა,  ეს მთელი საზოგადოებისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო, ალასანიას  არაფერი  გაუკეთებია იმისთვის, რომ მას ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს!




                  ესაუბრა ნათია ხარბედია  

9-01-2015, 16:29
უკან დაბრუნება