ეჭვი არ გვეპარება, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, საბოლოოდ გარდაქმნის საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე "ევროპის განვითარების წელი" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა საქართველოს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაა, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს.
"ეჭვი არ გვეპარება, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, საბოლოოდ გარდაქმნის საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. გარდა ამისა, ეს პროცესი გზას გაუხსნის საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზრდის ქვეყნის მომხიბვლელობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი მოქალაქეებისათვის პერსპექტივის გაჩენას", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.